Facebook Twitter

საქმე №ბს-1188(გ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის ა. ა-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოსარჩელე ა. ა-ის წარმომადგენელმა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ინგუშეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა. ა-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 02.03.2020წ. გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 15.06.2020წ. MIA 4 20 01314341 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის ინგუშეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა. ა-ისთვის (სამგზავრო ოკუმენტის N...) საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის აკრძალვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ა. ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილება; ამდენად, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ა-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

23.09.2020წ. მოსარჩელემ დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის ინგუშეთის მოქალაქე ა. ა-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბერის განჩინებით ა. ა-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების შესახებ სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რამდენადაც მსგავსი ტიპის საქმეზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა (საქმე №ბს-999(გ-23) 5.10.2023წ.), რომლის მიხედვითაც ტერიტორიული განსჯადობის მიზნებისათვის საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა საერთო განსჯადობის საკითხს (სსსკ-ის მე-15 მუხლი) და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობის დროს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აღძრული სარჩელი შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა შეცილებითი სარჩელით მოთხოვნილია ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხლი)) და დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, რადგან დავის არსი უკავშირდება მხოლოდ საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენას, შეუძლებელია იყო მასზე ,,ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრა, როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა. დავა განეკუთვნებოდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას და სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველ დავებს შორის ვერ მოექცეოდა. ამავე განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა პირველადი აქტის გასაჩივრებაზე და აღნიშნა, რომ განსჯადი სასამართლო არ შეიცვლებოდა იმ შემთხვევაშიც, უკეთუ გასაჩივრდებოდა პირველადი აქტი - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო მიგრაციის კონტროლის სამსახურის (...) გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც თავის მხრივ სამმართველოებად და სამსახურებად არის დაყოფილი. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის სახელდება საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ქვ.პ.), რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სავიზო და საპასპორტო კონტროლს (11.2 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.). შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აერთიანებს: საზღვრის მართვის განყოფილებას, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი), სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (ქუთაისის აეროპორტი), აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (...) (11.1 მუხ.), ხოლო თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...) (11.1 მუხ. „ე.ა“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით, რის გამო ი. ი-ის მიერ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაშიც არ იცვლება მოპასუხე და შესაბამისად, განსჯადობის დადგენილი წესი. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ა. ა-ის სარჩელი. შესაბამისად, სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავა გადასაწყვეტად საქმე გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ა. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა. სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი დაცულია სსსკ-ის მე-15 მუხლით და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინგუშეთის მოქალაქე ა. ა-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 15 ივნისის MIA 4 20 01314341 გადაწყვეტილებების კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტისთვის ინგუშეთის მოქალაქე ა. ა-ისთვის (სამგზავრო დოკუმენტის N...) საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებაში მითითებულია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მცხეთის რაიონული სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა "ფაქტის ადგილის" მიხედვით, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. ერთგვაროვანი პრაქტიკით, მოცემული დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, განსახილველი საქმის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველ დავებს შორის არ ექცევა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სუსგ 2023 წლის 5 ოქტომბრის №ბს-999(გ-23), 2023 წლის 28 ნოემბრის №ბს-1165(გ-23) განჩინებები). განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №38. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის თანახმად შედგება სხვადასხვა განყოფილებებისა და სამსახურებისგან. კერძოდ, აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 2.03.2020წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით (სუსგ №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული არის ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდგომი და ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული აქტები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფლის მიხედვით.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე

ნ. სხირტლაძე