Facebook Twitter

№ბს-549(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 4391,57 (ოთხი ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი დოლარი და ორმოცდაჩვიდმეტი ცენტი) დოლარის ანაზღაურება სარჩელის შემოტანის დროისათვის არსებული კურსით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 3290,49 (სამი ათას ორას ოთხმოცდაათი დოლარის და ორმოცდაცხრა ცენტი) დოლარის ოდენობით (სარჩელის შემოტანის დროისათვის - 07.06.21, არსებული კურსით). გ. ა-ის უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე 1998-1999–2000 წლების კვების კომპენსაციის - 1101,08 დოლარის დაკისრებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 130-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის 1341 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 1998-2000 წლებში განსახორციელებელ ვალდებულებებს, არის ხანდაზმული. ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 1 ივლისიდან და დასრულდა 2020 წელს. გ. ა-იმა კი, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2021 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არა მხოლოდ კვების კომპენსაციის ნაწილში, არამედ ხელფასთან მიმართებითაც ხანდაზმულია.

კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს 2019 წლის 12 სექტემბრის №937387 წერილი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული როგორც რაიმე სახის ვალის არსებობის აღიარება. აღნიშნული წერილი წარმოადგენს გარკვეული მონაცემების შემცველ საინფორმაციო ხასიათის ცნობას და არა ვალის აღიარებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაკისრების საფუძვლების არსებობა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გ. ა-ის არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2019 წლის 3 სექტემბრის MOD 0 19 00899253 ცნობის თანახმად, გ. ა-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 4391,57 დოლარს, საიდანაც ხელფასი არის 2 769.54 დოლარი, კვების კომპენსაცია - 1101,08 დოლარი და პრემია - 520.95 დოლარი (ს.ფ 16-17); ბ) 2019 წლის 31 ივლისის №779495 განცხადების პასუხად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 12 სექტემბრის წერილით, გ. ა-ის გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2019 წლის 3 სექტემბრის MOD 01900899253 ცნობა და ამასთან განემარტა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნა (ს.ფ 15).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის ძირითადი შედავება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უკავშირდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხოვნებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128-ე მუხლი). „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. საქართველოს კანონის 1341 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის მოქმედების პირობებში - 1998-2000 წლებში, რაც ადასტურებს ახალი კანონის ამოქმედების მომენტამდე - 2017 წლის პირველ ივლისამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ზოგადი წესების გავრცელების დაუშვებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად ცნობამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე