№ბს-619(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - კ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 30 სექტემბერს კ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ, ს... პროფკავშირების წერილობითი თანხმობით, კ. ა-ის გამოუყო ბინა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მშენებარე კორპუსში, რაც დამტკიცდა ნაძალადევის რაიონის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებით. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით კ. ა-ი მოხსნილ იქნა ბინის მიმღებ პირთა აღრიცხვიდან. მას გაათავისუფლებინეს საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართი. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილებით ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე სახლები ამოღებულ იქნა შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან და გადაეცა სახელმწიფოს.
მოსარჩელის პოზიციის თანახმად, სახელმწიფომ შპს „ს...ისგან“ მიიღო უძრავი ქონება ვალდებულებით, კ. ა-ისთვის გადაეცა ბინა ან უზრუნველეყო იგი შესაბამისი კომპენსაციით. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 წერილით კ. ა-ის ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა, განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხი ელექტრონული აუქციონის ფორმით, უძრავ ქონებაზე არსებული დოკუმენტების საფუძველზე უფლების დადგენა კი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანებით კ. ა-ის წარმომადგენლის ბ. შ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ადმინისტრაციული აქტის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინის ან მისი საპირწონე ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანება და სამინისტროს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს კ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. შ-ემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა №2403/09 განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება კ. ა-ის მიმართ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში 3-ოთახიანი ბინის (44 კვ.მ საცხოვრებელი ფართით) ან შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე საპირწონე უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ ს... პროფკავშირების წერილობითი თანხმობით, კ. ა-ის გამოუყო ბინა ...ს ქუჩა №...-ში მშენებარე კორპუსში, რაც დამტკიცდა ნაძალადევის რაიონის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებით. კ. ა-ი მოხსნილ იქნა ბინის მიმღებ პირთა აღრიცხვიდან და მას გაათავისუფლებინეს საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართი. შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილებით ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე სახლები ამოღებულ იქნა შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან და გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულ განცხადებასთან ერთად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შემდეგი დოკუმენტები:
¾ ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილება, რომლითაც მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ორგანიზაციას (სატრანსპორტო პოლიციის მთავარ სამმართველოს) დაუმტკიცდა კ. ა-ის 4-სულიან ოჯახზე გამოყოფილი, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მე-... ბლოკის მე-... სადარბაზოში სამოთახიანი ბინა №79, 44 კვ.მ ფართით;
¾ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 8 მაისის №16/407 წერილი, რომლითაც სსიპ სა...სა და შპს „ს...ას“ ეთხოვათ, შემდგომი პრივატიზების მიზნით, შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი საცხოვრებელი შენობების ამოღება;
¾ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №1-1/875 ბრძანება;
¾ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 16 აგვისტოს №15/200/7-7 წერილი, რომლითაც სსიპ სა...ს ეცნობა, რომ სამინისტრო თანხმობას აცხადებდა ...ის სარკინიგზო ხაზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების, შპს „რ...ის“ და შპს „რკ...ის“ 100% წილების ღირებულების, რკინიგზისათვის არაპროფილური ქონების, ქალაქ თბილისში ...სა და ...ის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობის, რკინიგზის წყალმომარაგების ობიექტების, საბაგაჟო და რეგიონალური პოლიციის შენობის, მანეჟი ... და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი წყვილის შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებასთან დაკავშირებით, შპს „ა...ის“ 2007 წლის 15 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის შესაბამისად;
¾ შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილება, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან, ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი შენობების ამოღება და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, შპს „ს...ის“ მიერ მესამე პირებისათვის საგარანტიო წერილებით ნაკისრი შესაძლო ვალდებულებებით (ბინებით, ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით);
¾ სსიპ „სა...ს“ 2007 წლის 16 აგვისტოს №1-3/572 ბრძანება, რომლითაც შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან სხვა ქონებასთან ერთად ამოღებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობა;
¾ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის თბილქალაქპროექტი;
¾ წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №5/14502 წერილით 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით კ. ა-ის წარმომადგენელს ბ. შ-ეს განემარტა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ამ ფართის პრივატიზების მიზნით შეეძლო მიემართა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად. ამავე წერილით მიეთითა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განკარგვა შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და დაინტერესების შემთხვევაში სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.
კ. ა-ის წარმომადგენლის ბ. შ-ეის 2019 წლის 18 მარტის განცხადებებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეთხოვა №2403/09 განცხადებაში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე რეაგირება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 წერილით კ. ა-ის წარმომადგენელს ბ. შ-ეს განემარტა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა, განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხი ელექტრონული აუქციონის ფორმით, უძრავ ქონებაზე არსებული დოკუმენტების საფუძველზე უფლების დადგენა არ წარმოადგენდა სააგენტოს კომპეტენციას. ამავე წერილის მიხედვით, წარდგენილ საკითხზე დაინტერესებულ პირს ეცნობა სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის წერილით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ადმინისტრაციული აქტი კ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. შ-ემ 2019 წლის 3 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში №6548/21 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის მიხედვით, სადავო აქტში არ იყო შეფასებული განცხადებით მოთხოვნილი საკითხი. საჩივარში მიეთითა, რომ სახელმწიფომ შპს „ს...ისაგან“ მიიღო უძრავი ქონება და ვალდებულება, კ. ა-ისათვის გადაეცა ბინა ან უზრუნველეყო იგი შესაბამისი კომპენსაციით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანებით კ. ა-ის წარმომადგენლის ბ. შ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით მიეთითა დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებზე, განიმარტა ადმინისტრაციული საჩივრის არსი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არსი და მისი გამოცემის ნორმები, ასევე განიმარტა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, მიეთითა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძვლებზე და გაზიარებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო აქტის შინაარსი, სახელმწიფო კუთვნილი ქონების განკარგვის შესაძლო ფორმასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით აღინიშნა, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა კ. ა-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან აღნიშნული აქტით არ დგინდებოდა ბინის უშუალოდ კ. ა-ისათვის გადაცემის ფაქტი.
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანების შინაარსითა და მისი გამოცემის საფუძვლად წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალებით არ ირკვეოდა, რომ დასახელებული ბრძანება გამოცემული იყო საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და არსებულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასების შედეგად. სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანებით არ იყო შეფასებული დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მისი უფლებისა და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულების თაობაზე, ბრძანებაში მოყვანილი იყო განსახილველი საკითხისათვის არაარსებითი ფაქტები და განმარტებები.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ადმინისტრაციულ აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საჭიროება გამორიცხავდა ამ აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სხვა სახის აქტის გამოცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების სასამართლოს მიერ გადაწყვეტას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამინისტროსათვის საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე კ. ა-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კ. ა-ი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოში უთითებდა ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ორგანიზაციას (სატრანსპორტო პოლიციის მთავარ სამმართველოს) დაუმტკიცდა კ. ა-ის 4-სულიან ოჯახზე გამოყოფილი, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მე-... ბლოკის მე-... სადარბაზოს სამოთახიანი ბინა №79, 44 კვ.მ ფართით. ამასთან, აპელანტი ადასტურებდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მე-... ბლოკის მე-... სადარბაზოს სამოთახიანი ბინა №79, 44 კვ.მ ფართით არ არსებობდა, რადგან მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ვერ განხორციელდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტი მხარის პოზიცია, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №5/14502 და 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადო შეფასებისა და შესწავლის შედეგად. არ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმებზე (აუქციონი; პირდაპირი მიყიდვა; უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა) და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა სახელმწიფო ქონების, კ. ა-ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კ. ა-ის განემარტა, რომ საკუთრების უფლების დოკუმენტების შეფასებისა და რეგისტრაციის უფლებამოსილება ჰქონდა მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმსჯელებდა სადავო ქონების ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებაზე, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორის შეფასებით, უსაფუძვლოა სასამართლოს პოზიცია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ბინის უშუალოდ კ. ა-ისათვის გადაცემის ფაქტი. საქმეზე დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში, რის გამოც მოხსნილ იქნა ბინის მიმღებ პირთა აღრიცხვიდან და გამოასახლეს საერთო საცხოვრებლიდან. კასატორის შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და სათანადოდ არ შეუფასებია საქმეზე არსებული მტკიცებულებები. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
კ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 19 ოქტომბერს და გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული კ. ა-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნას პირველ ეტაპზე წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ადმინისტრაციული აქტის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინის ან მისი საპირწონე ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანება და სამინისტროს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სააპელაციო პალატამ მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კ. ა-ის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სწორედ ამ ფარგლებში შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს და იმსჯელებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 18 თებერვალს კ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. შ-ემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა №2403/09 განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება კ. ა-ის მიმართ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში 3-ოთახიანი ბინის (44 კვ.მ საცხოვრებელი ფართით) ან შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე საპირწონე უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.
წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ ს... პროფკავშირების წერილობითი თანხმობით, კ. ა-ის გამოუყო ბინა ...ს ქუჩა №...-ში მშენებარე კორპუსში, რაც დამტკიცდა ნაძალადევის რაიონის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით კ. ა-ი მოხსნილ იქნა ბინის მიმღებ პირთა აღრიცხვიდან. მას გაათავისუფლებინეს საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართი. შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილებით ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე სახლები ამოღებულ იქნა შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან და გადაეცა სახელმწიფოს. განცხადებასთან ერთად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტური მტკიცებულებები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №5/14502 წერილით 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით კ. ა-ის წარმომადგენელს ბ. შ-ეს განემარტა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ამ ფართის პრივატიზების მიზნით, შეეძლო მიემართა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად. ამავე წერილით მიეთითა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განკარგვა შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.
კ. ა-ის წარმომადგენლის - ბ. შ-ეის 2019 წლის 18 მარტის განცხადებებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა №2403/09 განცხადებაში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე რეაგირება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 წერილით კ. ა-ის წარმომადგენელს - ბ. შ-ეს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა, განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხი ელექტრონული აუქციონის ფორმით, უძრავ ქონებაზე არსებული დოკუმენტების საფუძველზე უფლების დადგენა არ წარმოადგენდა სააგენტოს კომპეტენციას. ამავე წერილის მიხედვით, წარდგენილ საკითხზე დაინტერესებულ პირს პასუხი ეცნობა სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის წერილით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №5/16510 ადმინისტრაციული აქტი კ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. შ-ემ 2019 წლის 3 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში №6548/21 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის მიხედვით, სადავო აქტში არ იყო შეფასებული განცხადებით მოთხოვნილი საკითხი. საჩივარში მიეთითა, რომ სახელმწიფომ შპს „ს...ისაგან“ მიიღო უძრავი ქონება და ვალდებულება, კ. ა-ისათვის გადაეცა ბინა ან უზრუნველეყო იგი შესაბამისი კომპენსაციით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანებით კ. ა-ის წარმომადგენლის ბ. შ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით მიეთითა დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებზე, განიმარტა ადმინისტრაციული საჩივრის არსი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსი და მისი გამოცემის ნორმები, ასევე განიმარტა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, მიეთითა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძვლებზე და გაზიარებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო აქტის შინაარსი, სახელმწიფო კუთვნილი ქონების განკარგვის შესაძლო ფორმასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით აღინიშნა, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა კ. ა-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან აღნიშნული აქტით არ დგინდებოდა ბინის უშუალოდ კ. ა-ისათვის გადაცემის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადებით (18.02.2019) კ. ა-ი ითხოვდა სახელმწიფოს მიერ მის მიმართ აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში 3-ოთახიანი ბინის (44 კვ.მ საცხოვრებელი ფართით) ან შესაბამისი საპირწონე უძრავი ქონების გადაცემას.
წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით, მას უნდა მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, ხოლო ქონების პრივატიზების მიზნით - შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსათვის. განმცხადებელს, მისი მოთხოვნის საპასუხოდ ასევე ეცნობა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განკარგვა შესაძლებელი იყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეთა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები არ პასუხობს მოსარჩელის მიერ მათ მიმართ განცხადებით წარდგენილ მოთხოვნას.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 1). აღნიშნული კანონი ადგენს უფლების რეგისტრაციის ცნებას და საფუძვლებს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის 189-ე დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი, ხოლო, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 1). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, უფლების რეგისტრაცია და განკარგვა, დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსაკარგავი თუ სარეგისტრაციო უძრავი ქონება, როგორც უფლების ობიექტი, უკვე არსებობს.
მოცემულ საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ კ. ა-ის ოჯახისთვის, ...ს ქუჩა №...-ში მშენებარე კორპუსში გამოყოფილი ბინა არ აშენებულა. ასეთი ობიექტის არარსებობის პირობებში კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელია მასზე უფლების რეგისტრაცია და სახელმწიფო ქონების განკარგვის გზით მისი პრივატიზება. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი კონკრეტული ბინით ან მისი საპირწონე ქონებით დაკმაყოფილება. რადგან არ არსებობს ბინა, როგორც საკუთრების ობიექტი, სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მოპასუხეებმა დამატებით მიუთითეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სახელმწიფოს მხრიდან კ. ა-ის ოჯახისთვის ბინის გამოყოფის, გადაცემის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფოს ვალდებულება მისთვის ქონების გადაცემის თაობაზე, რაც გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებს. აღნიშნული პოზიცია ასევე გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ორგანიზაციას (სატრანსპორტო პოლიციის მთავარ სამმართველოს) დაუმტკიცდა კ. ა-ის 4-სულიან ოჯახზე გამოყოფილი, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მე-... ბლოკის მე-... სადარბაზოში სამოთახიანი ბინა №79, 44 კვ.მ ფართით.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 8 მაისის №16/407 წერილით, სსიპ სა...სა და შპს „ს...ას“ ეთხოვათ, შემდგომი პრივატიზების მიზნით, შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი საცხოვრებელი შენობების ამოღება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 16 აგვისტოს №15/200/7-7 წერილით, სსიპ სა...ს ეცნობა, რომ სამინიტრო თანხმობას აცხადებდა ...ის სარკინიგზო ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების, შპს „რ...ის“ და შპს „რკ...ის“ 100% წილების ღირებულების, რკინიგზისათვის არაპროფილური ქონების, ქალაქ თბილისში ...სა და ...ის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობის, რკინიგზის წყალმომარაგების ობიექტების, საბაგაჟო და რეგიონალური პოლიციის შენობის, მანეჟი ... და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი წყვილის შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებასთან დაკავშირებით, შპს „ა...ის“ 2007 წლის 15 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის შესაბამისად.
შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან, ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი შენობების ამოღება და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, შპს „ს...ის“ მიერ მესამე პირებისათვის საგარანტიო წერილებით ნაკისრი შესაძლო ვალდებულებებით (ბინებით, ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით).
სსიპ „სა...ს“ 2007 წლის 16 აგვისტოს №1-3/572 ბრძანებით შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან სხვა ქონებასთან ერთად, ამოღებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიაჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს და სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ არ დასტურდებოდა სახელმწიფოს მხრიდან კ. ა-ის ოჯახისთვის ბინის გამოყოფის, გადაცემის ფაქტი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 ოქტომბრის №283 გადაწყვეტილებით უდავოდ დგინდება, რომ განსაზღვრული იყო კონკრეტულად როგორც სამომავლო ქონების ობიექტი - საცხოვრებელი ბინა, ასევე მიმღები სუბიექტი - კ. ა-ის ოჯახი. ამასთან, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს - შპს „ს...ის“ 2007 წლის 29 ივნისის №4/20 დადგენილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან, დაუმთავრებელი შენობების ამოღება და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღება ხდებოდა შპს „ს...ის“ მიერ მესამე პირებისათვის საგარანტიო წერილებით ნაკისრი შესაძლო ვალდებულებებით (ბინებით, ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით). ამდენად, შესაბამის პერიოდებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კ. ა-ის ოჯახისთვის ბინის გამოყოფის შესახებ. შემდგომში, უფლებამოსილი სახელმწიფო საწარმოს მხრიდან დადასტურებულ იქნა მესამე პირთა მიმართ არსებული ვალდებულება, განისაზღვრა საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის პირობა. ასევე, დაზუსტდა, ვინაიდან მშენებლობა იყო დაუმთავრებელი, შესაძლოა განხილულიყო საკომპენსაციო ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელისათვის, 1994 წლიდან, ცნობილი იყო, რომ მის ოჯახზე გამოყოფილი იყო ბინა და ამ პირობებში, შესაბამისი ვალდებულებით, შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა დაუმთავრებელი მშენებლობა. თავად ს...ა აღიარებდა მესამე პირების მიმართ ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს ამ პერიოდში არ გაუხდია სადავოდ ს...ის საწესდებო კაპიტალიდან დაუმთავრებელი მშენებლობის ამოღება და სახელმწიფოსათვის გადაცემა, რამდენადაც მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა მის დაკმაყოფილებას ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (საქართველოს კონსტიტუციის 23/03/2018წ.-მდე მოქმედი რედაქცია) დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43, 44).
ამასთან, ლეგიტიმური მოლოდინის საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივ შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09;). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „..ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010 წ. №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, №.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)). „ლეგიტიმური მოლოდინის“ ცნებასთან მიმართებით, საინტერესოა საქმე რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), №34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც აღინიშნა, რომ სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეეფასებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებს შეეთავაზათ მორიგება და მიეცათ დრო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, თუმცა უშედეგოდ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე განიხილავს მისი როგორც საცხოვრებელი ბინით, ასევე საკომპენსაციო ქონებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლოა, გამოიკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან, მოსარჩელის ინტერესების რეალიზების სხვა მექანიზმი, ქონებრივი ინტერესის ალტერნატიული გზით დაკმაყოფილების, სამომავლო ვალდებულების აღიარებით და მისი სამართლებრივი ფიქსაციით, რეგისტრაციით თუ სხვა ფორმით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არსებითია, მმართველობითი საქმიანობა იყოს ეფექტური და ეფუძნებოდეს თითოეული პირის რეალურ, ინდივიდუალურ ინტერესს. დაუშვებელია მმართველობითი ორგანოები ხელოვნური, უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აფერხებდნენ ან ხელს უშლიდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების წარმოშობასა და რეალიზაციას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მხედველობაში უნდა მიეღოთ მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, უნდა შეეფასებინა ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან იქნა გატარებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინის მხედველობაში მიღებით, მას ფაქტობრივად წარმოეშვა საკუთრების მიღების მოთხოვნის უფლება, რომლის რეალიზაციაც სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა მიმართოს კანონით გათვალისწინებულ საჭირო ღონისძიებებს იმისათვის, რათა სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მოხდეს მოსარჩელის უფლებების რეალიზება (იხ. სუსგ №ბს-193(2კ-21) 9.12.2021 წ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და კ. ა-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, სადავო საკითხის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კ. ა-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით კასატორს - კ. ა-ის გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაეკისროს, კ. ა-ის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 5 სექტემბრის №1-1/428 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე კ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს კ. ა-ის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 300 ლარის ოდენობით;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა