Facebook Twitter

№ბს-1117(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 13 აპრილს ლ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის N MOD 8 23 00276545 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი კომპენსაციის (სახით 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის N MOD 8 23 00276545 წერილი ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე; ამასთან, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული. თავის მხრივ, ერთჯერადი დახმარების ოდენობა დადგენილია ამავე ბრძანების 472 მუხლით, რომლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე მიეცემა ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს, რამდენადაც 2007 წლის 01 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. რის შემდგომ, 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, წარმოდგენილი კონტრაქტების საფუძველზე მოსარჩელისათვის ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება კანონიერად მიიჩნია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამწლიანია და აღნიშნა, რომ ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. საქმეში დაცული კონტრაქტების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა განხორციელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირდაპირ მითითებული იქნებოდა სამხედრო მოსამსახურეებთან გაფორმებულ კონტრაქტში. ამასთან, კასატორი სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევს ხანდაზმულად და აღნიშნავს, რომ გასულია სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სამსახურიდან დათხოვნის მომენტიდან (2015 წლის 19 ოქტომბრიდან). სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან დადებულია ორი სხვადასხვა ხელშეკრულება და მათზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე. დადგენილია ასევე, რომ 2007 წლის 1 ოქტომბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, მეორე მხრივ, ლ. ბ-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ოთხი წლის ვადით; 2011 წლის 19 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, მეორე მხრივ, ლ. ბ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 დეკემბრის ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ" N4430 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის თანაშემწე (საშტატო კატეგორია ,,...‘’, შტატი N...) უმცროსი სერჟანტი ლ. მ.-ს ძე ბ-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 19 დეკემბრიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ის წარმომადგენლმა 2023 წლის 15 თებერვლის განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის უფროსს. ზემოაღნიშნული განცხადების თანახმად, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია მასზედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორს სამხედრო მოსამსახურეს ლ. ბ-ის პ/ნ... საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების შესაბამისად, მუშაობის პეროოდში მიეცა თუ არა მე-4, 471 და 472 პუნქტებით გათვალისიწინებული ერთჯერადი დახმარება 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მან ასევე მოითხოვა ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ანაზღაურება არ მომხდარა, ითხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოხდა და არ გავრცელდა ზემოხსენებული ბრძანების შესაბამისი პუნქტები მასზე, როდესაც ლ. ბ-ის საკონტრაქტო ხელშეკრულება (4 წლიანი კონტრაქტები) გაუფორმდა და მასთან კონტრაქტის გაფორმების დროს მოქმედებდა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების შესაბამისი პუნქტები. ამავე განცხადებით მოთხოვნილ იქნა ,,სამხედრო სამსახურის’’ კონტრაქტების გადახედვა და უმოკლეს ვადაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების შესაბამისად მიუღებელი ერთჯერადი დახმარების 7000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის N MOD 8 23 00276545 წერილით ლ. ბ-ის (წარმომადგენელი მ. ა-ე) ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის გაფორმებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის პირობები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რის გამოც თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ადგენს იმ მოცემულობას, რომ სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონოდა სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ, მასთან კვლავ უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). ამასთან, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა ყოფილიყო 2 წელზე მეტი გასული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარება მიეცემათ შემდეგი ოდენობით: ა) ორწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს. მოსარჩელესთან გაფორმებული იყო ორი 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდგომ მხარე კვლავ განაგრძობდა მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას 2 წლიანი წყვეტის გარეშე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. რის შემდგომ, 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ლ. ბ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი აქტით ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ უსაფუძვლოა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი გასაცემლის - 7000 ლარის ოდენობით დაკისრება, რადგან მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რადგან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო ვადა (სუსგ 22.07.2021წ. Nბს-1357 (კ-20).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა