საქმე №ბს-1211(კს-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 5 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა შემოსავლების სამსახურისთვის გ. ბ-ეის სასარგებლოდ ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაკანონებული 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების შეგნებულად არ გადაცემისთვის 300 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა ე. ბ-ე (პ/ნ ...).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა გ. ბ-ემ მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, მოსარჩელე გ. ბ-ეს დაზუსტებულ სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი; მოსარჩელეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადა.
2022 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელე გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ 2022 წლის 13 მაისის ბუნდოვანი და განსამარტებელი განჩინება ჩაბარდა 22 აგვისტოს და დაცულია 10 დღის ვადა, განცხადების შემოტანიდან და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 7 დღით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ეს დაზუსტებულ სარჩელზე ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 (შვიდი) დღით.
2022 წლის 5 ოქტომბერს გ. ბ-ემ კვლავ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა 2022 წლის 10 მაისის დაზუსტებულ სარჩელზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2022 წლის 1 სექტემბრის ბუნდოვანი განჩინების განმარტება, თუმცა კვლავ არ მიუთითა განჩინების რა ნაწილი მიაჩნდა როგორც ბუნდოვანი და კონკრეტულად რა ნაწილის განმარტებას ითხოვდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, გ. ბ-ეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ, რომლითაც დასახელებული განჩინების გაუქმება და პირველ ინსტანციაში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
გ. ბ-ემ ზემოთ აღნიშნულის პარალელურად ასევე, საბოლოო დაზუსტებული სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2022 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის - დასავლეთის შემოწმების სამსახურის; შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს; შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის; საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; სს ,,ე...ს’’; სს ე...ს ჭიათურის მომსახურების ცენტრის; საქართველოს სახალხო დამცველის; საქართველოს გენერალური პროკურატურის; საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის; საჩხერის რაიონული პროკურატურის; სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის; სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის ქუთაისის სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: 1),,შემოსავლების სამსახურისთვის გ. ბ-ეის სასარგებლოდ ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაკანონებული 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების შეგნებულად არ გადაცემისთვის 300 ლარის გადახდის დაკისრება. 2) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის №720 დადგენილების ბათილად ცნობა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცვლილების შეტანის გამო; 3) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286-ე დადგენილების ბათილად ცნობა, №720 დადგენილების ცვლილების უკანონო განხორცილების ნაწილში; 4) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 ცრუ და უკანონო დაუსაბუთებული დადგენილების ბათილად ცნობა იზოლაციისა და კარანტინის წესების დაკანონებაზე; 5) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების ბათილად ცნობა უკანონოდ 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 6) შემოსავლების სამსახურისათვის 2020 წლის 24 დეკემბრის გ. ბ-ეის დასაბუთებული და შეგნებულად არ დარეგისტრირებული ქმედების განხორციელების დავალდებულებით, გ. ბ-ეის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 286-ე დადგენილებით დაკანონებული 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების შეგნებულად არ გადაცემისთვის დაუყოვნებლივ 300 ლარის გადახდის დაკისრება, დამალული საჩივრის შესწავლისთანავე. 7) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ქმედების განხორციელების დავალებით ე.წ. კომენდატის საათის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების იზოლაციისა და კარანტინის წესების დაკანონებაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ბუნებრივი აირის (გაზის) და ელ. ენერგიის (დენის) საგადასახადო ხარჯების ანაზღაურება, უკანონოდ ე.წ. ,,კომენდატის საათის’’ გაუქმებამდე, შეწყვეტილი; 8) საქართველოს პარლამენტისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, დროებითი შეზღუდვების დასაწესებლად - იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის მიზნით ეპიდემიის COVID 19-ის ჩაქრობამდე სამართლიანი რეგულაციის დაწესება; 9) შსს ადმინისტრაციისთვის, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციისთვის, შსს გენერალური ინსპექციის - დასავლეთ შემოწმების სამსახურისთვის, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებისთვის, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციას, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის - ჭიათურის რაიონულ სამმართველოსთვის, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის - საჩხერის რაიონულ სამმართველოსთვის, სახალხო დამცველისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურასთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისთვის, საჩხერის რაიონულ პროკურატურისთვის, სახელმწიფო ინსპექციის სამსახურისთვის, სახ. ინსპექტორის სამსახურისთვის დასავლეთის სამმართველოსთვის გ. ბ-ეის სასარგებლო ზარალის საზღაურის (ტრაქტორის ხელის მოტო ბლოკის შესაძენად გადახდილი) 1850 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 10) საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების გ. ბ-ეის გამოუყენებლობის გამო ელექტრო ენერგიის საფასურის, 70 ლარის უკანონოდ დაკისრების და გადახდისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის, სს ე...სთვის და სს ე...ს ჭიათურის მომსახურების ცენტრისთვის გ. ბ-ეის სასარგებლოდ უკანონოდ შეწერილი და განზრახ ბოროტად წართმეული, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვისთვის წაგლეჯილი 70 ლარის გადახდის დაკისრება; 11) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 ცრუ და უკანონო დადგენილებით დაწესებული ყველანაირი სახის ჯარიმების ბათილად ცნობა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე შეთითხნილი, რაც გაღარიბებული ხალხის ძარცვის წარმოადგენს, ამ ხალხის მტერი სახელმწიფოსთვის უკანონოდ გაფლანგული ბიუჯეტის შესავსებად, მაგ: ე.წ. კომენდატის საათის დროს გადაადგილების, ე.წ. პირბადის გაკეთების დავიწყების და ა.შ, როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული, უკანონოდ დაჯარიმებული პირის, დარღვეული უფლებების და დაკარგული სამართლიანობის აღსადგენად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, გ. ბ-ეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა ზემოხსენებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 დეკემბრის (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 6.10.2022წ. განჩინებაზე) განჩინებით გ. ბ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.10.2022წ. განჩინებაზე), გ. ბ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2022 წლის 11 დეკემბრის და 28 დეკემბრის განჩინებების ასლები გ. ბ-ეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით საქმეში არსებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2023 წლის 31 იანვარს.
2023 წლის 3 თებერვალს გ. ბ-ეის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული კერძო საჩივარი, სადაც მხარე უთითებდა, რომ საქმე ეხებოდა სოციალურ საკითხებს და ამდენად იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, გ. ბ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა - 5 დღე, ამ განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, გაუგრძელა 5 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, გ. ბ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღე ამ განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით.
ზემოაღნიშნული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები (6.02.2023წ.) ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ გ. ბ-ეს ჩაბარდა პირადად 2023 წლის 17 მარტს.
კერძო საჩივრის ავტორს განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შევსების მიზნით ვადის გაგრძელება უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებებით, გ. ბ-ეის კერძო საჩივრები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის განჩინებებზე, დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე, 2023 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ პალატას გ. ბ-ემ, რაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით განცხადების შინაარსის ბუნდოვანებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 3 დღე. განცხადების ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინება გ. ბ-ეს ჩაბარდა 2023 წლის 8 ივნისს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ). ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 8 ივნისის მომდევნო დღიდან (9 ივნისიდან) და ამოიწურა - 2023 წლის 11 ივნისს, 24:00 საათზე. გ. ბ-ეს ზემოთ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება დარჩა განუხილველი. 2023 წლის 24 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საქმეზე შემოტანილ ყველა განცხადებაზე დაცული აქვს ვადები. შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია ხარვეზის შეუვსებლობის გამო რატომ ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. გ. ბ-ემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2023წ. განჩინების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინების (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განმარტების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი; ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ გ. ბ-ეის კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი საქმეზე საბოლოო განჩინების მიღების ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 8 იანვარს გ. ბ-ემ, მომართა განცხადებით (ბ-01-24), რომელშიც აღნიშნულია, რომ უარს აცხადებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე შემოტანილ კერძო საჩივარზე და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადებით გ. ბ-ემ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა კერძო საჩივარზე, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ გ. ბ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული უნდა გადაწყვეტილიყო საქმეზე საბოლოო განჩინების მიღების ეტაპზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის პირობებში კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოების შეწყვეტის პირობებში არ არსებობს გ. ბ-ეისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების პროცესუალური წინაპირობები.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა