Facebook Twitter

№ბს-1252(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ბ-ი, ე. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ბ-იმა და ე. ბ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის 3 მაისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/9142 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის 29 ივნისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №MOH 2 ... 00000279 ბრძანება; გ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. ბ-ის და ე. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 3 მაისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/9142 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 29 ივნისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №MOH 2 ... 00000279 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გასაჩივრებული აქტით მოსარჩელის ოჯახს, შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული ფართის შესყიდვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე ვ. ბ-იმა განაცხადი შეავსო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. განაცხადში შეყვანილი ჰყავს მეუღლე - ე. ბ-ი. მათი სარეგისტრაციო ნომერია .... დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, გლდანი, ..., ...ის ქ. №..., ბინა №1, ხოლო ფაქტიური მისამართია: დუშეთის რაიონი, სოფ. ....

მოსარჩელეს 2021 წლის 12 მარტის მონაცემებით, წინასწარი შეფასების მიხედვით, მინიჭებული აქვს საერთო ჯამში 7.5 ქულა: 1) გარდა აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2,5 ქულა, თუ იგი შეავსებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში. ასევე 2,5 ქულა ენიჭება იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც შეავსებენ საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადს; 2) საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.50 ქულა; 3) მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; 4) სოციალური კრიტერიუმი 30001– 57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.5 ქულა.

2021 წლის 28 დეკემბერს მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ვიზიტი დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ვ. ბ-ი და ე. ბ-ი. მოსარჩელე ვ. ბ-იმა განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე, ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობს 2008 წლიდან. საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის მის შვილს - დ. ბ-ის (ეკუთვნოდა მოსარჩელეს და გაასხვისა შვილზე). შვილს - დ. ბ-ის გააჩნია საკუთრება თბილისში, ...ის ქუჩა №..., ბინა №2-ში. განმცხადებლის მეუღლეს - ე. ბ-ის საჯარო რეესტრში უფიქსირდება საკუთრება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით კასპის რაიონში, ...ის ქუჩა №...-ში. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ცხოვრობენ შეუფერხებლად მოსარჩელის მიერ შვილზე გასხვისებულ საცხოვრებელ სახლში. უფრო მეტიც, თავად მოსარჩელეს - ე. ბ-ის გააჩნია საკუთრება. მითითებული გარემოებებით კი დასტურდება, რომ მოსარჩელეების გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს. მიუხედავად მითითებულისა და იმ ფაქტისა, რომ სააგენტომ საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია და მოსარჩელის ოჯახს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება არ გაიზიარა, რაც სააგენტომ წარადგინა სასამართლოში და მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის ოჯახს რეგისტრირებული საკუთრება არ გააჩნია და აქვს საკმარისი ქულა, დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა.

კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ საკმარისი ქულის ქონა არ არის საფუძველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს თავის მიერ შვილის სახელზე გადაფორმებულ სახლში, რაც სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა. სასამართლომ არასწორად განმარტა გადაწყვეტილებაში, რომ თითქოსდა არავინაა ვალდებული მუდმივად სხვა პირი აცხოვროს თავის საკუთრებაში. სასამართლოს იმ გარემოებაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, რომ საუბარია ოჯახის წევრებზე, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობაზე, რაც არსებითად განსხვავდება იმ ზოგადი განმარტებისგან, რაც ასახულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და ამასთან, არასწორადაა შეფასებული საკითხი მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სააგენტომ მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპზე უთხრა უარი სრულიად მართებულად, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე საკითხის განხილვისას, საქმის გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ. ბ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი ს. .... დევნილის №A007695 მოწმობით დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, გლდანი, ..., ...ის ქ. №9, ბინა №1. (ს.ფ. 18). ე. ბ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი ს. .... დევნილის №A007696 მოწმობით დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, გლდანი, ..., ...ის ქ. №..., ბინა №1 (ს.ფ19); ბ) ვ. ბ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 7,5 ქულით (2,5 ქულა - „საცხოვრებელი ფართის სახლი/ბინა შესყიდვის თაობაზე განაცხადის შევსება“, საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2,5 ქულა). ვ. ბ-ის სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე ე. ბ-ი და განაცხადს აკეთებენ ერთად (ს.ფ 78-79); გ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 28.12.2021 წელი), ვ. ბ-ი და ე. ბ-ი 2008 წლიდან ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, სოფელ ...ში. აღნიშნული სახლი საკუთრებაში აქვს მათ შვილს - დ. ბ-ის, სადაც ასევე, ცხოვრობენ დ. ბ-ის შვილები. დ. ბ-ის საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში 1-ოთახიანი ბინა (ს.ფ 113-116); საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2009 წლის 29 იანვრიდან უძრავი ქონების მდებარე: დუშეთის რაიონში, სოფელი ..., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 777 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., მესაკუთრეა დ. ბ-ი (ს.ფ 117); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 22 მარტის №28 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული განცხადებები. კომისიის გადაწყვეტილებით, ვ. ბ-ის (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო (ს.ფ. 73-77). 2022 წლის 3 მაისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/9142 წერილით ვ. ბ-ის ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის №28 ოქმის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილის საკუთრებაში ცხოვრებაში გამო (ს.ფ 20); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №MOH 2 ... 00000279 ბრძანებით ვ. ბ-ის ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე (ს.ფ 71-72).

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ზემოაღნიშნულ საფუძველზე და განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად მოსარჩელეები ცხოვრობენ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შვილის - დ. ბ-ის სახელზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი შვილს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელეთათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროების არარსებობაზე, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე