Facebook Twitter

№ბს-1142(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე გ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის ანაზღაურება.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 1 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ბ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის 7.3 პუნქტი კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის ითვალისწინებდა ჯარიმას - 3000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდა მოპასუხის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, მისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძვლების არსებობა, თუმცა, მიუთითა დაკისრებული ჯარიმის ოდენობის შეუსაბამობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლოს მოსაზრებით, მისი შეფასების საგანია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

კასატორი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არსებობას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კერძოდ, (ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა და (ბ) დაზარალებულის ინტერესები. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას). ამასთან, თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ჯარიმის ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და თანაზომიერია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე გ. ბ-ის შორის, 2021 წლის 1 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი (ს.ფ 22-28); ბ) 2021 წლის 6 ივლისს გ. ბ-იმა პირადი პატაკის საფუძველზე (სოფლის მეურნეობის მოწყობის გამო) მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა (ს.ფ 30); გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანებით გ. ბ-ი, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად (პირადი პატაკის საფუძველზე), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ 29); დ) 2021 წლის 16 აგვისტოს ცნობის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტამდე გ. ბ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 თვე და 4 დღე (ს.ფ 32-33).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების კანონიერება. ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გ. ბ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ბ-ის შორის გაფორებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, გ. ბ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №ბს-740-734(2კ-11) განჩინება).

საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, გ. ბ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19) განჩინება და სხვ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე