Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1111(კ-21) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. კ-ე, ც. მ-ე (მოსარჩელე გ. კ-ეის უფლებამონაცვლეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ემ 2019 წლის 26 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, 2007 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი დახმარების სახით 10941 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება. ვინაიდან შპს „მ...“ ლიკვიდირებული იყო, მოსარჩელემ ხსენებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მოსარჩელის მითითებით, სააგენტოს მხრიდან მას შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაენიშნა 2018 წლის აგვისტოდან და არა იმ პერიოდიდან, როგორც ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია შეასრულოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დათქმა, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას - აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი სრულად, 10941 ლარის ოდენობით (18.01.2007 წლამდე - 4620 ლარი; 18.01.2007 წლიდან 01.08.2018 წლამდე - 6321 ლარი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. კ-ემ 1967 წლის 14 აგვისტოს, წარმოებაში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგა პროფესიული შრომის უნარიანობა 70%-ით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2001 წლის 20 დეკემბრიდან და ყოველთვიური სარჩოს ოდენობად 2003 წლის 11 სექტემბრამდე განესაზღვრა თვეში 140 ლარი (2940 ლარი), ხოლო 2003 წლის 11 სექტემბრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა სარჩოს სახით თვეში 42 ლარის გადახდა (1680 ლარი). სულ, შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდა 4620 ლარი, ასევე, მინიმალური ხელფასის ოდენობაში ცვლილებების შეტანამდე, დაეკისრა გ. კ-ეის სასარგებლოდ ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა სარჩოს სახით. შპს „მ...“-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. ამასთან, შპს „მ...“-ის რეგისტრაცია გაუქმდა 2016 წლის 13 დეკემბერს, სამართალმემკვიდრის განსაზღვრის გარეშე.

ასევე დადგენილია, რომ გ. კ-ემ 2018 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...“-ისათვის გ. კ-ეის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მოსარჩელის 2018 წლის 20 ივლისის განცხადება და მოსარჩელეს ყოველთვიური დახმარება (42 ლარი) დაუნიშნა განცხადების მიმართვის მომდევნო თვის - 2018 წლის აგვისტოს პირველი რიცხვიდან.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“ და განმარტა, რომ ეს წესი განსაზღვრავს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, ხოლო ამ წესის მიზნებისათვის დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული დადგენილება და არც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინა პერიოდში მისაცემი დახმარების თანხის (დავალიანების) ანაზღაურებას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელიც თვითონ ან თავისი მუშაკის მეშვეობით სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. ხოლო მოცემულ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, არის ის, ვისი ქმედებითაც დადგა ეს ზიანი ანუ დამსაქმებელი და არა მესამე პირი - სახელმწიფო. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისთვის დახმარების გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელი ორგანიზაციის საბოლოო ლიკვიდაციამდე, წარმოადგენდა არა მოპასუხის, არამედ სხვა სუბიექტის - დამსაქმებლისა და მისი უფლებამონაცვლის ვალდებულებას, რის გამოც აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნეგატიური შედეგები არ შეიძლება დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი დახმარების ანაზღაურება 10941 (ათი ათას ცხრაას ორმოცდაერთი) ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტისა და „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დახმარების ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის №32451 წერილზე. წერილით გ. კ-ეის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო (რეგისტრაციის თარიღი 2012 წლის 10 დეკემბერი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერს გაცემული №2-11117/1-07 სააღსრულებო ფურცელი რომლის მიხედვითაც მოპასუხე შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2001 წლის 20 დეკემბრიდან და ყოველთვიური სარჩოს ოდენობად 2003 წლის 11 სექტემბრამდე განესაზღვრა თვეში 140 ლარი, სულ - 2940 ლარი, ხოლო 2003 წლის 11 სექტემბრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩოს სახით დაეკისრა თვეში 42 ლარის გადახდა, სულ 40 თვის განმავლობაში 1680 ლარი. სულ შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა 4620 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა, მინიმალური ხელფასის ოდენობაში ცვლილებების შეტანამდე, გ. კ-ეის სასარგებლოდ ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა სარჩოს სახით. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის №2/1251 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. მითითებული განჩინებითვე შეჩერდა შპს „მ...-ის“ მიმართ მიმდინარე ყველა სახის იძულებითი სააღსრულებო მოქმედება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდებული მონაცემებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინების (საქმე №2/1251) საფუძველზე, შპს „მ...“-ის რეგისტრაცია გაუქმდა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე. შესაბამისად სააღსრულებო საქმე დასრულდა. ვინაიდან სააღსრულებო საქმის წარმოება შეჩერებული იყო სასამართლო განჩინებით, ვერ განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ შპს „მ...“-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ-ეს 2007 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა დადგენილი პროფესიული დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში მუშაობის გამო და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ჰქონდა ფულადი გასაცემლის მიღების უფლება, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „მ...“-ს გ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გ. კ-ეს ყოველთვიური დახმარების სახით დაუნიშნა მხოლოდ 42 ლარი, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არღვევს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, დახმარების ყოველთვიური ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულად დაკისრების კანონიერ საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და „შრომითი მოვალეობის შესრულებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილების შესასრულებლად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ხსენებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორებად მითითებულნი არიან როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ისე „შრომითი მოვალეობის შესრულებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილების შესასრულებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, თუმცა პალატამ, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე, მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფარგლებში იმსჯელა, ვინაიდან პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არის დახმარების ადმინისტრირების ორგანო, რომელსაც ევალება დახმარების გაცემის ორგანიზება და დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება. მართალია, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია, თუმცა დახმარების ადმინისტრირების ორგანო, საბოლოოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა, რომელიც ახდენს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე სწორედ იმ პერიოდიდან (განცხადებით მომართვის შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან) გახდა ხსენებული ნორმატიული აქტის სუბიექტი, როდესაც მან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა დახმარების დანიშვნის თაობაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს უპირობო დათქმას სახელმწიფოს მხრიდან სარჩოს ანაზღაურების თაობაზე, არამედ, მასში საუბარია სარჩოს მხოლოდ დამსაქმებლისა და მისი უფლებამონაცვლისათვის დაკისრებაზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ ასანაზღაურებელ, წინა დავალიანების ანაზღაურების საკითხს. ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს დავალიანების სააგენტოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებაზე. საკითხის აღნიშნული გადაწყვეტა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა წინა პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება, რომლის საფუძველზეც, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლებოდა დაწესებულიყო ახალი გასაცემელი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ იმ დებულების საფუძველზე, რომელიც არეგულირებდა უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემლის დანიშვნის საფუძვლებს მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში.

კასატორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, კერძოდ, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 941 ლარის დაკისრების თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - გ. კ-ეის უფლებამონაცვლეებად დადგინდა ზ. კ-ე და ც. მ-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ეის უფლებამონაცვლეების - ზ. კ-ეისა და ც. მ-ეის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის №1 დანართის პირველი მუხლის თანახმად, ეს „წესი“ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

დასახელებული „წესის“ მე-2 მუხლით განსაზღვრულია ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების დეფინიცია, კერძოდ, მითითებული მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბენეფიციარი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს დახმარება; ხოლო დახმარება განიმარტება პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფად ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. „წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრულია დახმარების მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა დახმარების ყოველთვიური ოდენობის თანმიმდევრობა, მათ შორის, „ა“ ქვეპუნქტით დასახელებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე, რომ მოსარჩელე გ. კ-ე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გ. კ-ეისათვის ყოველთვიური დახმარების სახით მხოლოდ 42 ლარის დანიშვნა არღვევს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, დახმარების ყოველთვიური ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრულად დაკისრების კანონიერ საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვამდე (გასულ პერიოდში) წარმოშობილი და მიუღებელი დახმარების ანაზღაურების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ. კ-ეის სასარგებლოდ მოპასუხე შპს „მ...“-ს დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2001 წლის 20 დეკემბრიდან 40 თვის განმავლობაში და ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა სარჩოს სახით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2012 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მითითებულია შპს „მ...“. ამგვარად, დაიწყო სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო საქმე №...), აღსრულება მიმდინარეობდა კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი შპს „მ...“ იყო და არა სახელმწიფო, გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველს ეფუძნება ქვედა ინსტანციის სასამართლო მოსარჩელის სასარგებლოდ გასული პერიოდისათვის, დახმარების სახით 10941 ლარის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო სასამართლო აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის №32451 წერილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის №2/1251 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, მითითებული განჩინებითვე შეჩერდა შპს „მ...“-ის მიმართ მიმდინარე ყველა სახის იძულებითი სააღსრულებო მოქმედება. ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „მ...“-ის გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, შპს „მ...“-ის გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდა დასრულებულად. საყურადღებოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, შპს „მ...“-ის რეგისტრაცია გაუქმდა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხერხდა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს უფლებამონაცვლეობაზე წარმოება არ მიმდინარეობდა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე „წესის“ მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია; თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. „წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა ყოველთვიურად.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივლისს გ. კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ...“-ისათვის გ. კ-ეის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ანაზღაურება.

საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მოსარჩელის 2018 წლის 20 ივლისის განცხადება და მოსარჩელეს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 42 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის - 2018 წლის აგვისტოს პირველი რიცხვიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. კ-ეს დახმარება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სწორედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ საფუძველზე დაენიშნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოსარჩელის მიმართვის შედეგად, იმსჯელა და მოსარჩელეს, სააგენტოსათვის მიმართვის შემდგომი თვიდან დაუნიშნა ყოველთვიური დახმარება, როგორც ეს ზემოხსენებული „წესით“ არის გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარს უფლება აქვს მიიღოს დახმარება ამ წესით დადგენილი პირობებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება ამოქმედდა 2013 წლის 1 მარტიდან და იგი დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენამდე პერიოდისათვის თანხის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, „წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრულია დახმარების ოდენობები და დაფინანსების წყარო. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია დახმარების ყოველთვიური ოდენობის თანმიმდევრობა და მასში არსებული მოწესრიგება არ იძლევა მოთხოვნის წარდგენამდე გასული პერიოდისათვის ერთიანი თანხის მიღების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტი მოქმედებას იწყებს მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და იგი სწორედ ამ პერიოდიდან წარმოშობილ ან მიმდინარე ურთიერთობებს არეგულირებს, თუ განსხვავებული მოწესრიგება არ არის თავად ნორმატიული აქტით გათვალისწინებული. ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებით დროული სარგებლობა კი დაინტერესებული პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება და უფლების რეალიზაციამდე განვლილი პერიოდისათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრება საფუძველს მოკლებულია, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა 2007 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი დახმარების სახით 10941 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ეის უფლებამონაცვლეების - ზ. კ-ეისა და ც. მ-ეის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. გ. კ-ეის უფლებამონაცვლეების - ზ. კ-ეისა და ც. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე