Facebook Twitter

საქმე №ბს-1111(კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 30 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი თინიკაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

შუამდგომლობის ავტორის (განმცხადებლის) განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 17.02.2009 წელს გაცემული №3ბ/663-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალე არის ლ. რ-ი (პ/ნ ...). სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემების მიხედვით მოვალე ლ. რ-ის (პ/ნ ...) გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულია შესაბამისი სამსახურის მიერ 19.05.2014 წელს. სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ეტაპზე შეჩერებულია სააღსრულებო მოქმედებები სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 12 იანვარს წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იმ გარემოების დასადგენად, ხომ არ მიუმართავს ვინმეს სანოტარო ბიუროსთვის ლ. რ-ის (პ/ნ ...) სამკვიდროს მიღების თაობაზე. ნოტარიუსთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის №16/350 წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერი ლ. რ-ის (პ/ნ ...) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების თაობაზე. 2023 წლის 23 იანვარს №08-01/4154 წერილით სამინისტრომ აგრეთვე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლ. რ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის გამოსათხოვად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და მოითხოვა ლ. რ-ის უფლებამონაცვლის დადგენა და მის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა (განცხადება) არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 5.1, მე-15, მე-17, მე-18, 20.2, 24-ე, 34.1, 35.1, 36.2 მუხლებზე და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. ამასთან, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილე კრედიტორის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ნოტარიუსთა პალატის 2023 წლის 21 მარტის წერილის თანახმად, ლ. რ-ის (პ/ნ ...) დანაშთ ქონებაზე არ მიმდინარეობდა სამემკვიდრეო საქმისწარმოება და ამასთან, გასული იყო აღნიშნულის განხორციელების კანონისმიერი ვადები, პალატა მოკლებულია იყო შესაძლებლობას მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში დაედგინა ლ. რ-ის უფლებამონაცვლე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ლ. რ-ის უფლებამონაცვლის მიმართ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 17.02.2009 წელს გაცემული იყო №3ბ/663-07 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სახელმწიფო ხაზინა, ხოლო მოვალე-ლ. რ-ი (პ/ნ ...), რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 30.12.2022წ. წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ლ. რ-ის გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულია შესაბამისი სამსახურის მიერ 19.05.2014წ. სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ეტაპზე შეჩერებულია სააღსრულებო მოქმედებები სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა ნოტარიუსთა პალატას, რომლის 17.01.2023წ. წერილით ეცნობათ, რომ ერთიან სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერი ლ. რ-ის სამკვიდრო ქონების შესახებ საქმისწარმოების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.01.2023წ. წერილის თანახმად, ლ. რ-ის მშობლები არიან კ. ნ.-ს ძე ფ-ი და ა. ი.-ს ასული პ-ა, მეუღლე - ს. რ-ი გარდაცვლილია, ლ. რ-ის შვილების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნებოდა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორისა თუ მოვალის ნაცვლად შეიძლება მიეთითოს მათი უფლებამონაცვლე, თუ არსებობს კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის შეცვლის საფუძველი. უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში უნდა იქნეს მიმართული, როდესაც უფლებამონაცვლეობა არ არის ნათელი და მხარის უფლებამონაცვლეობის დადგენა საჭიროებს მტკიცებულებათა კვლევას და სამართლებრივ შეფასებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაედგინა ლ. რ-ის უფლებამონაცვლეები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალის - ლ. რ-ის უფლებამონაცვლის დადგენა და მის მიმართ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.2 მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. მოცემული ნორმის შესაბამისად, მისი გაცემა ხდება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 21.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 17.02.2009წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი №3ბ/663-07, რომლის თანახმად მოვალე ლ. რ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალე ლ. რ-ის (პ/ნ ...) გარდაცვალების ფაქტი შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 2014 წლის 19 მაისს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე). სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალა ვრცელდება მხარის უფლებამონაცვლეზეც.

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება-მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს მატერიალურ სამართალში არსებული უფლებამონაცვლეობა ქმნის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველი ფიზიკური პირის გარდაცვალება, რაც უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს. გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ხდება გარდაცვლილის უფლება-მოვალეობების მიმღები სუბიექტი ე.ი მისი სამართალმემკვიდრე.

საკასაციო სასამართლომ 2014 წლის 12 მარტის №ბს-109-108(კს-12) განჩინებაში განმარტა, რომ "ესა თუ ის პირი სამართლებრივად მემკვიდრის სტატუსს იძენს მასზე მამკვიდრებლის ქონების, სამკვიდრო მასის გადასვლის მომენტიდან. შესაბამისად, მემკვიდრეა ის პირი, ვინც მამკვიდრებლისაგან მიიღო ქონება. თავად სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. ამასთან სამკვიდრო მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მოხსენიებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს".

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

"სააღსრულებო წარმობათა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ პირის უფლებამონაცვლის დასადგენად მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს, მათ შორის, მიმართოს ნოტარიუსთა პალატას, რათა გამოარკვიოს, ხომ არ აქვს მოქალაქის რომელიმე მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა სამკვიდროს მიღების სპეციალურ ვადებს აწესებს. ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვა სასამართლოს დაეხმარება მემკვიდრეთა ვინაობის დადგენაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2023 წლის 13 მარტს სააპელაციო სასამართლომ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ლ. რ-ის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. 2023 წლის 21 მარტის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/2838 წერილის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ლ. რ-ის სამკვიდრო ქონების შესახებ საქმისწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან ლ. რ-ის დანაშთ ქონებაზე არ მიმდინარეობს სამემკვიდრეო საქმისწარმოება და ამასთან გასულია აღნიშნულის განხორციელების კანონისმიერი ვადები სასამართლო მოკლებულია მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. რ-ის კონკრეტული მემკვიდრის არსებობა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 26 წლის მათდამი გაგზავნილი №01/18949 წერილის თანახმად, ლ. რ-ის მშობლები არიან კ. ნ.-ს ძე ფ-ი და ა. ი.-ს ასული პ-ა, მეუღლე- ს. რ-ი გარდაცვლილია, ხოლო ლ. რ-ის შვილების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა ლ. რ-ის ქონების მემკვიდრეობით მიმღები პირის ვინაობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა