საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1119(კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ს-ე
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-ემ 2021 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართ, „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის N133 ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა უკანონოდ, სახელმწიფო სპეც. სამსახურების მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ზეპირსიტყვიერ საუბარში კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ თითქოს გ. ს-ეისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი იყო სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. გ. ს-ეს ჰქონდა მხოლოდ სხვა ქვეყნის დროებითი ბინადრობის ნებართვა და არა მოქალაქეობა, შესაბამისად მიიჩნევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 01 ივნისის N133 ბრძანებულება იყო უკანონო და ლახავდა გ. ს-ეის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის N133 ბრძანებულება.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 10 ნოემბერს გაცემული ბინადრობის ... მოწმობის თანახმად, მოსარჩელე გ. ს-ეს მიენიჭა ცხოვრების უფლება რუსეთის ფედერაციაში, რაც არასარწმუნოს ხდიდა გ. ს-ეის მიმართ 2017 წლის 13 აგვისტოს გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის ნამდვილობას, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებდა მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას. სასამართლომ მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნისადმი კუთვნილება წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ მიიჩნია, შესაბამისად დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც სახეზე არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობაში, კერძოდ მოქალაქეობის გრაფაში გ. ს-ეის მოქალაქეობად მითითებულია საქართველო, ხოლო დოკუმენტის გაცემის თარიღია 2017 წლის 10 ნოემბერი, მაშინ როდესაც სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად არსებული დოკუმენტი (პასპორტის ქსეროასლი) გაცემულია 2017 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არათანმიმდევრული და ურთიერთშეუსაბამო იყო პირის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს ბინადრობის მოწმობის მიღება, თუ ამ დროისთვის მას ამავე ქვეყნის მოქალაქეობა უკვე მოპოვებული ჰქონდა, რა გარემოებაც საფუძველს აცლიდა აპელანტის არგუმენტებს სადავო აქტის კანონიერების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში იყო წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 01 ივნისის N133 ბრძანებულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 აპრილის N1000708601 დასკვნა, რომლითაც სააგენტომ მიიჩნია, რომ გ. ს-ეის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობა. თავის მხრივ აღნიშნული დასკვნა მიღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აპრილის NMIA 9 20 00902056 წერილსა და ამავე წერილის თანდართულ გ. ს-ეის სახელზე გაცემულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ს-ე ფლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. აღნიშნული მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 10 ნოემბერს რუსეთის ფედერაციაში გ. ს-ეის სახელზე გაცემულ ბინადრობის მოწმობას N....
კასატორის განმარტებით, სასამართლოს ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით,საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში უპირობოდ უნდა ეხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული დოკუმენტით, რადგან ამ მტკიცებულების წარმომავლობის კანონიერება არ ყოფილა სადავო და ამის გარდა პრეზუმირებულად უნდა მიჩნეულიყო, რომ მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო უწყების მიერ არის წარმოდგენილი საქმეში, არის კანონიერი და დაუშვებელია მისი იმგვარად შეფასება, როგორც ეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განიხილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის N133 ბრძანებულების კანონიერება, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით“, რომლის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ...საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აპრილის NMIA 9 20 00902056 წერილისა და ამავე წერილზე თანდართული, გ. ს-ეის სახელზე 2017 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლის საფუძველზე მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის გამო. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის N133 ბრძანებულებით გ. ს-ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქმის მასალებში ასევე დაცულია უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობის მოწმობა ..., რომლითაც დადასტურებულია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელე გ. ს-ეს მიეცა ბინადრობის უფლება რუსეთის ფედერაციაში; გამცემი ორგანო: რუსეთის მოსკოვის ოლქის ფმსს, ხელმოწერილია ტ.ვ.ლ-ა. წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ მოსარჩელე გ. ს-ეს, როგორც უცხო ქვეყნის (საქართველოს) მოქალაქეს მიენიჭა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების უფლება, ასევე ამავე ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების უფლება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა გ. ს-ეის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც მის მიმართ გაცემულ ბინადრობის მოწმობაში, კერძოდ მოქალაქეობის გრაფაში გ. ს-ეის მოქალაქეობად მითითებულია საქართველო, ხოლო დოკუმენტის გაცემის თარიღია 2017 წლის 10 ნოემბერი, მაშინ როდესაც სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად არსებული დოკუმენტი (პასპორტის ქსეროასლი) გაცემულია 2017 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, შეუსაბამოა პირის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს ბინადრობის მოწმობის მიღება, თუ ამ დროისთვის მას ამავე ქვეყნის მოქალაქეობა უკვე მოპოვებული ჰქონდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კანონის მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს არა პირადობის ან პასპორტის ასლი წარმოადგენს, რომლის ავთენტურობაც არ დასტურდება, არამედ საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, რა გარემოებაც საქმის მასალებით არ დგინდება. ამრიგად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას - მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვებას, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა