საქმე №ბს-1068(კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ი. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. დ-ე
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ნ. დ-ე, თ. დ-ე (თ-ე)
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 24 დეკემბერს გ. დ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. გ. დ-ემ მოითხოვა ი. თ-ეისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) გასხვისების და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული იქნა მისი უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ მიზნით ი. თ-ეს აეკრძალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) გასხვისება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ემ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი. თ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ი. თ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2021 წლის 18 იანვარს გ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ი. დ-ეის მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: 1. 11 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ თ. დ-ე, ი. დ-ე და ნ. დ-ე; 2. საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულება გ. დ-ეის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური გეგმის შესაბამისად ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ფართობის და კონფიგურაციის კორექტირებასა და ისტორიულ საზღვრებში რეგისტრაციაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თამარ თ-ე და ნ. დ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; 11 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი აღირცხა თ. დ-ეის, ი. დ-ეის და ნ. დ-ეის საკუთრებად. საჯარო რეესტრი დაევალა სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ 2021 წლის 27 იანვარს რ. თ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, გ. დ-ეის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის გასწორების შესახებ (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: - ...), ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ემ (პ/ნ ...) (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 29.05.2023 №077123010525 გადაწყვეტილებით ი. თ-ეის განცხადება გვარის შეცვლაზე დაკმაყოფილდა. ი. თ-ემ გვარი „თ-ე“ შეიცვალა „დ-ეით“), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ი. დ-ეის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა როგორც ი. დ-ეს, ასევე მის წარმომადგენელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ - მ. ქ-ეს. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, კურიერმა ს. ბ-ემ გზავნილი ჩააბარა პირადად ი. დ-ეს - 2023 წლის 09 ივნისს, ხოლო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ მ. ქ-ეს გზავნილი ჩაჰბარდა 2023 წლის 12 ივნისს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო ი. დ-ეისათვის გზავნილის გადაცემის (2023 წლის 09 ივნისი) მომდევნო დღიდან (10 ივნისიდან) და ამოიწურა - 2023 წლის 23 ივნისს, 24:00 საათზე).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2023 წლის 9 ივნისს ჩაჰბარდა ი. დ-ეს. მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოეწურა 2023 წლის 23 ივნისს, 24:00 საათზე, რა ვადაშიც მას სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ი. დ-ემ (პ/ნ ...) გაასაჩივრა 2023 წლის 26 ივნისს (ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში რეგისტრაციის შტამპის მიხედვით სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა უშუალოდ სასამართლოს კანცელარიას). ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 23.06.2023 წლით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ჩაჰბარდა 2023 წლის 26 ივნისს, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინება გაეგზავნა თავად და ასევე მის ადვოკატს. ი. დ-ე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 9 ივნისს, ხოლო მისი ინტერესების დამცველს იმავე წლის 12 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ აქვს იურიდიული განათლება, წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე არ უცნობებია ადვოკატისთვის. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის რწმუნებულსა და სასამართლოს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება მოცემული საქმის ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის მხოლოდ მისთვის გაგზავნასთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო მისი ადვოკატისთვის ჩაბარების დღიდან, 2023 წლის 12 ივნისიდან. ი. დ-ე აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში. ი. დ-ე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ი. დ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამდენად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის თანახმად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისთვის გაგზავნილად, ხოლო მხარისთვის გაგზავნილი - წარმომადგენლისთვის გაგზავნილად.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საქმის განხილვაში წარმომადგენლის მონაწილეობა არ ქმნის სავალდებულო და აუცილებელ პირობას იმისათვის, რომ სასამართლომ მხოლოდ წარმომადგენელთან კონტაქტის საფუძველზე აწარმოოს მხარის ინფორმირება. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიხედულებაზე დამოკიდებული გზავნილის ადრესატის შერჩევის საკითხი. გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, იგი ჩაბარდეს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, რა დროსაც, როგორც მხარე, ასევე მისი წარმომადგენელი აღჭურვილნი არიან იდენტური საპროცესო უფლებებით და თითოეულს დამოუკიდებლად აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
ნიშანდობლივია, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით (სუსგ 28.09.2018წ №ბს-1022(კ-18)), სასამართლოს მიერ ერთდროულად როგორც მხარისთვის ასევე მისი წარმომადგენლისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება ერთ-ერთი მათგანისთვის ჩაბარებიდან, კერძოდ ქრონოლოგიურად უფრო ადრინდელი თარიღიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერად განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა როგორც ი. დ-ეს ასევე მის წარმომადგენელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს - მ. ქ-ეს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ი. დ-ეს (გვარის შეცვლამდე თ-ე) ჩაბარდა 2023 წლის 9 ივნისს, ხოლო მის რწმუნებულს იმავე წლის 12 ივნისს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ემ (გვარის შეცვლამდე თ-ეს), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2023 წლის 26 ივნისს, თუმცა ი. დ-ეის მიერ ხელმოწერილია 2023 წლის 23 ივნისის თარიღით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს კერძო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო მისი წარმომადგენლისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების პერიოდიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების ორი ალტერნატიული ვარიანტიდან აირჩია როგორც მხარისთვის ასევე მისი წარმომადგენლისთვის გაგზავნა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უცილობლად მხარის წარმომადგენლისთვის გზავნილის ჩაბარებიდან უნდა აითვალოს. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს პირველი ჩაბარების თარიღიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არარელევანტური და უსაფუძვლოა ი. დ-ეის განმარტება მასზედ, რომ იგი იურიდიული განათლების არმქონე პირია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.02.2023წ. გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, წარმომადგენლის დახმარების გარეშე, თავად წარედგინა სააპელაციო საჩივარი ან თუნდაც წარედგინა ხარვეზიანი სააპელაციო საჩივარი, რომელიც ხარვეზის დადგენას დაექვემდებარებოდა, ხარვეზის შევსების პერიოდში კი შესაძლებელი იქნებოდა მისი წარმომადგენლის მხრიდან სათანადო, კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება მასზედ, რომ ადვოკატისთვის არ უცნობებია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.02.2023წ. გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი გასაჩივრების ვადების ათვლის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს სასამართლო გზავნილის უშუალოდ ი. დ-ეისთვის (გვარის შეცვლამდე თ-ე) ჩაბარება წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზედ, რომ მის წარმომადგენელმა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს სთხოვა მხოლოდ მისთვის გაეგზავნათ საპროცესო დოკუმენტაცია დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად 2023 წლის 9 ივნისს, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 10 ივნისს და დასრულდა 2023 წლის 23 ივნისს 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში მხარემ წარადგინა 2023 წლის 26 ივნისს, 3 დღის დაგვიანებით. ამდენად, ი. დ-ეის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რომლის გაგრძელება/აღდგენა დაუშვებელია, რის გამოც არსებობდა ი. დ-ეის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. დ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა