საქმე №ბს-1215(გ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 20 ოქტომბერს ი. ჰ. ა. ჰ. ე-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილების მიმართ და მოითხოვა ი. ჰ. ა. ჰ. ე-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილების 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დირექტორის 2022 წლის 12 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ MIA 2 22 02537899 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მას საქართველოში ჰყავს მეუღლე და ახლო ნათესავები. ამასთან იგი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში შპს ტ...სა (ს/ნ ...) და შპს ი...ის (ს/ნ ...) დირექტორად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ...ს ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილება; ამდენად, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე (შემდგომში დებულება), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს (1-ლი მუხლი). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 12 სექტემბრის (MIA 2 22 02537899) ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარ პუნქტში კანონის შესაბამისად შედგა აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ). ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აჭარის მთავარი სამმართველო დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფს წარმოადგენს. სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული დებულების მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კორრდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია დასავლეთ საქართველოს სამმართველო: ე.ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...); ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: დ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით გასცემს საქართველოს ვიზას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ...ს სამსახური შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის მიხედვით, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №38.
ამდენად, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი. ზემოაღნიშნული საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი დაცულია სსსკ-ის მე-15 მუხლით და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი. ჰ. ა. ჰ. ე-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 2 22 02537899 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა. სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის ...ს განყოფილება. ამდენად, კოლეგიის მიერ განსახილველ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ,,ფაქტის ადგილის" მიხედვით, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც ავითარებს შემდეგ სამართლებრივ მსჯელობას, რომ მოცემული დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, განსახილველი საქმის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველ დავებს შორის არ ექცევა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სუსგ 2023 წლის 5 ოქტომბრის №ბს-999(გ-23), 2023 წლის 28 ნოემბრის №ბს-1165(გ-23) განჩინებები). განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. რადგან მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №38. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის თანახმად შედგება სხვადასხვა განყოფილებებისა და სამსახურებისგან. კერძოდ, აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში არის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...).
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 05.09.2022წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით (სუსგ №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული არის ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდგომი და ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული აქტები. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფლის მიხედვით.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა