საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-1205(კ-21) 6 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - კ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 თებერვალს კ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლიდან სწავლა განაგრძო ს...სთან არსებულ უნივერსიტეტში ,,მ...ში“ ... ფაკულტეტის ...ის ფაკულტეტის ... კურსზე, რომელიც დაამთავრა ... წელს. 2019 წლის 17 დეკემბერს კ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,მ...ის“ მიერ 2010 წლის 21 ივნისს კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილებით კ. მ-ეს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს „მ...ის“ (ს...) მიერ კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG №000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით კ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 დეკემბრის MES 3 18 01657637 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 19 სექტემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/2068 ლიცენზია, რომლითაც ნება დართო ს...ს, რეგისტრაციაში გაეტარებინა ასოციაციასთან დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 16 მაისის დადგენილებით (სარეგისტრაციო N4/4-1142) რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,მ...“. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2-19/204 გადაწყვეტილებით ს... ,,მ...ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N62/ს გადაწყვეტილებით, სა... ,,მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა, იმ დროისთვის მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
უსდ კ...ის რეგიონალური ქვედანაყოფის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის N073 ცნობით დასტურდება, რომ წვევამდელი კ. მ-ე არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ,,კ...ის“ მე-... კურსის სტუდენტი. 2008 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, კ. მ-ე გახდა უმაღლესი სასწავლებლის ,,მ...ის“ ... კურსის სტუდენტი. კ. მ-ეს, ,,მ...ის“ ... ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ...ის ...ს აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა MIG N000087 დიპლომი.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილებით კ. მ-ეს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით სტუდენტის სტატუსის მოპოვებას (ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლობით) და ინსტიტუციური აკრედიტაციის/ავტორიზაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. კ. მ-ემ 2006 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კ. მ-ე ,,მ...ის“ ... კურსის სტუდენტად ჩაირიცხა 2008 წელს, ხოლო მასზე ...ს დიპლომი გაიცა 2010 წელს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა. საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ 2008 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, კ. მ-ე უმაღლესი სასწავლებლის ,,მ...ის“ ... კურსის სტუდენტი გახდა, ისე რომ მას ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩაუბარებია, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ უნივერსიტეტს კ. მ-ეის ჩარიცხვის ეტაპზე არ მოუთხოვია ეროვნული გამოცდების ჩაბარება და მისი ჩარიცხვა მხოლოდ უსდ კ...ის რეგიონალური ქვედანაყოფის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის N073 ცნობის საფუძველზე განხორციელდა, არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა, მაშინ, როცა ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ ადგენდა ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქალაქო სასამართლომ ,,მ...ის“ მიერ კ. მ-ეის სახელზე 2010 წელს გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტია, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. სასამართლოს განმარტებით, კანონიერი ნდობის ობიექტია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, მათ შორის დიპლომი. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ დიპლომის მიმართ პირის კანონიერი ნდობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა ... მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან კ. მ-ემ ,,მ...ში“ სწავლის უფლება მოიპოვა არა კანონის თანახმად, საყოველთაოდ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, არამედ, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით, მხოლოდ უნივერსიტეტის ბრძანების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება ,,მ...ის“ მიერ 2010 წელს კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით კ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მას 2008 წელს, შპს ,,მ...ის“ ... კურსზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება არ გააჩნდა, ვინაიდან ჩარიცხვის ეტაპზე უნივერსიტეტს ასეთი წინაპირობა არ ჰქონდა დადგენილი და ამასთან ჩარიცხვა მოხდა უსდ კ...ის რეგიონალური ქვედანაყოფის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის N073 ცნობის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მოპოვების ამგვარ საგამონაკლისო შემთხვევას, ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენდა.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მან წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 10 მარტის N MES 4 20 00289266 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ კ. მ-ემ მონაწილეობა მიიღო 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ყველა საგანში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, აღნიშნულს კი კ. მ-ესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია, ანუ მას არ მოუპოვებია სტუდენტის სტატუსი, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფაქტს, რომ კ. მ-ე შპს ,,მ...ში“ ჩარიცხვამდე სწავლობდა უცხოურ დაწესებულებაში, კერძოდ, ... უნივერსიტეტში, ვინაიდან აპელანტი პირველად ირიცხებოდა ქართულ დაწესებულებაში და შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო ქართული საკანონმდებლო მოთხოვნები (ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება) და მხოლოდ შემდგომ დაწყებულიყო შესაბამისი პროცედურები საგნების ჩათვლის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2-19/204 გადაწყვეტილებით ს... „მ...ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N62/ს გადაწყვეტილებით, სა... „მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. (შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ამ დაწესებულებას საერთოდ არ ჰქონდა ახალი სტუდენტების მიღების უფლება) თუმცა, იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, უკვე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, შპს „მ...ის“ მიერ 2009-2010 წლებიდან განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეამოწმა აპელანტთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2010 წლის 21 ივნისს, შპს ,,მ...ის“ მიერ კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის N162 ბრძანება „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის N1030 ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ცენტრისთვის ცნობილ უნდა ყოფილიყო ყველა ის პროცესი, რომლებიც მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და აქედან გამომდინარე, მათი თანხმობისა და ინფორმირებულობის გარეშე შეუძლებელია სტუდენტის მიღება, მისი სასწავლო პროცესებში მონაწილეობა და შემდეგ დიპლომის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად განმარტა და შესაბამისად არასწორად მიუთითა ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. 2008 წლის 8 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე, კ. მ-ე გახდა უმაღლესი სასწავლებლის „მ...ის“ ... კურსის სტუდენტი, მაგრამ სასამართლოს განმარტება, რომ მას არ ჩაუბარებია ერთიანი ეროვნული გამოცდა სინამდვილეს არ შეესაბამება. კასატორის მითითებით, სასამართლოში წარდგენილ იქნა და საქმეს დაერთო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კ. მ-ეის მხრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და აღნიშნული გამოცდების შედეგებს. შედეგები საკმაოდ კარგია და ამას ცენტრიც აღიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ მოსარჩელეს არ ჩაუბარებია ერთიანი ეროვნული გამოცდები არამართებულია. ასევე არასწორია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე მითითებაც. ამასთან, 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში „მ...ს“ 1991 წლის 19 სექტემბრის N01-17-08/20 ლიცენზიის საფუძველზე, შეეძლო იმ აბიტურიენტების მიღება, რომლებიც გავიდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, მიიღეს დადებითი შეფასება და ვერ მიიღეს სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებდნენ უნივერსიტეტის მ...ის ლიცენზირებულ დიპლომს. კასატორის მოსაზრებით, თუ აღნიშნული ჩანაწერი კანონისა და იმ დროს და დღეს მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, უკანონო იყო და არ იძლეოდა ლიცენზირებული დიპლომის გაცემის უფლებას, ცენტრი ამის თაობაზე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო და იმ ეტაპზევე უნდა შეეზღუდა ამგვარი ქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით კ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 დეკემბრის MES 3 18 01657637 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 19 სექტემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/2068 ლიცენზია, რომლითაც ნება დართო ს...ს, რეგისტრაციაში გაეტარებინა ასოციაციასთან დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 16 მაისის დადგენილებით (სარეგისტრაციოN4/4-1142) რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,მ...“.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2-19/204 გადაწყვეტილებით ს... ,,მ...ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N62/ს გადაწყვეტილებით, სა... ,,მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა, იმ დროისთვის მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
უსდ კ...ის რეგიონალური ქვედანაყოფის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის N073 ცნობით დასტურდება, რომ წვევამდელი კ. მ-ე არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ,,კ...ის“ მე-... კურსის სტუდენტი. 2008 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, კ. მ-ე გახდა უმაღლესი სასწავლებლის - ,,მ...ის“ ... კურსის სტუდენტი. კ. მ-ეს, ,,მ...ის“ ... ფაკულტეტის ... წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ...ის ...ს აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა MIG N000087 დიპლომი.
2019 წლის 17 დეკემბერს კ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,მ...ის“ მიერ ... წლის 21 ივნისს კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილებით კ. მ-ეს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული MIG N000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
კ. მ-ემ 2006 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 5 თებერვლის N19231 ცნობის თანახმად, მოსარჩელე კ. მ-ე 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს კ. მ-ეისათვის შპს „მ...ის“ (ს... ,,მ...“) მიერ კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG №000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს. მოსარჩელე ითხოვს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შპს „მ...ის“ (ს... ,,მ...“) მიერ კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG №000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. სადავო აქტის თანახმად, კ. მ-ე შპს „მ...ში“ (ს... ,,მ...“) ჩაირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, მას არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით. სადავო აქტში ასევე მითითებულია, რომ არ არსებობს შპს „მ...ის“ (ს... ,,მ...“) მიერ 2009-2010 სასწავლო წლიდან განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ინსტიტუტს ინსტიტუციური აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №62/ს გადაწყვეტილებით, სა... ,,მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა იმ დროისთვის მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მ...ის“ (ს... ,,მ...“) მიერ 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა: 1. სრულად არააკრედიტებულ (არაღიარებულ) რეჟიმში მიღებული განათლებისა და 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძვლით.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. მითითებული კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ხოლო, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, კანონმდებლობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული შემთხვევა გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
ამასთან, 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით, ამასთან, შემოღებულ იქნა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი - ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელსაც მოჰყვებოდა პროგრამული აკრედიტაცია. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახლად დაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს. მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კ. მ-ემ საქართველოში სწავლა განაგრძო ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, რაც ეწინააღმდეგება იმ დროისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მან სწავლა განაგრძო არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გამორიცხავდა შპს ,,მ...ის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ცნობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატით 3-797546, დასტურდება, რომ კ. მ-ემ 2006 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შემდეგი შეფასება: ზოგადი უნარები - 58 ქულა (სკალირებული ქულა - 157.2), ქართული ენა და ლიტერატურა - 57.00 ქულა (სკალირებული ქულა - 147.2), უცხოური ენა - 75.00 ქულა (სკალირებული ქულა - 163,6.9). ამის შემდგომ მოსარჩელე კ. მ-ემ 2006 წელს ჩააბარა უსდ ... უნივერსიტეტში და მოიპოვა სწავლის უფლება. 2008 წლის 8 დეკემბრიდან კი, სწავლა განაგრძო საქართველოში არსებულ უმაღლესი სასწავლებელში - ,,მ...ში“. აღნიშნული დასტურდება უმაღლეს სასწავლებელ ,,მ...სა“ და კ. მ-ეის შორის 2008 წლის 8 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, მოსარჩელე - კ. მ-ე გახდა უმაღლეს სასწავლებელ ,,მ...ის“ ... კურსის სტუდენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (ძალადაკარგულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18.02.2011წ. N19/ნ ბრძანებით) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაზე, რომლის V1 თავი ეხებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის და აღდგენის წესით ჩარიცხვას. მოცემულ თავში არსებული 222 მუხლის (გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი) პირველი პუნქტის მიხედვით, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება ჰქონდა აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი: ა) სწავლობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) სწავლობდა იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებოდა. 222 მუხლის (სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები) მე-2 პუნქტი კი ადგენდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელი იყო, თუ :ა) არსებობდა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ; ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდებოდა, რომ პირს ათვისებული ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კ. მ-ეს 2006 წელს უკრაინაში უკვე მოპოვებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი ლეგიტიმურად და კანონიერად, უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული სადავო არ გამხდარა მოცემული დავის არცერთ ეტაპზე. აგრეთვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის და მიღწეული შედეგების ცნობაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს უარი არ განუცხადებიათ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ. მ-ეს სწავლა არ დაუწყია ხელახლა, პირველი კურსიდან, არამედ მან გააგრძელა სხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში დაწყებული განათლების მიღების პროცესი.
რაც შეეხება ინსტიტუციური აკრედიტაციის/ავტორიზაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომის აღიარებას, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰქონდა სტუდენტთა მიღების უფლება.
საგულისხმოა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალა ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამდენად, სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალა იმ დაწესებულებების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2-19/204 გადაწყვეტილებით ს... ,,მ...ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N62/ს გადაწყვეტილებით, სა... ,,მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა, იმ დროისთვის მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. მოსარჩელე კ. მ-ემ კი, სა... ,,მ...ში“ სწავლა განაგრძო 2008 წლის დეკემბერში, შესაბამისად, მოსარჩელე ჩარიცხულ იქნა აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუსგ №ბს-623-610(კ-14), 21.01.2016წ.). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-1265(კ-19), 05.03.2020წ.; სუსგ №ბს-470(კ-19), 23.04.2019წ.; სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018წ.). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა. კ. მ-ეის ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ იკვეთება, ამასთან დაცულია მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი - ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი ნდობის დაცვაზე უარი სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი უნდა იყოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (სუსგ №ბს-1065(კ-20), 20.10.2021წ.).
მხედველობაშია მისაღები ასევე ის დრო, რომელიც გავიდა სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ (სუსგ 03.02.2015წ. №ბს-428-423(2კ-14); სუსგ 20.01.2015წ. №ბს-367-363(კ-14)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიპლომი გაიცა 2010 წლის 21 ივნისს, ხოლო მის დადასტურებაზე კ. მ-ეს უარი ეთქვა 2020 წლის 17 იანვარს. ამდენად, სადავო აქტით ფაქტობრივად უქმდება 10 წლის წინ წარმოშობილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგი (აკადემიური ხარისხის მინიჭება), რაც გამართლებული იქნებოდა იმ პირობებში, თუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება გამოიწვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას. პირის კანონიერი ნდობის დაცვა, მოცემულ შემთხვევაში განპირობებულია პირის მნიშვნელოვანი პატივსადები ინტერესით, სადავო აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით კასატორს ართმევს დიპლომის პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, აუქმებს წარსულში განვლილი სწავლის შედეგებს. საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას გამორიცხავდა (ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა). ამდენად, დიპლომის გაცემის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-470(კ-19); 04.10.2018წ. №ბს-812(კ-18)). კ. მ-ეს ,,მ...ის“ ... ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ...ის ...ს აკადემიური ხარისხი და გაიცა MIG N000087 დიპლომი. ამასთან, მოსარჩელე კ. მ-ე 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,მ...ის“ აკრედიტაციის საკითხი (ხელშეკრულების გაფორმების დროს სასწავლებელს გაგრძელებული ჰქონდა აკრედიტაცია) ვერ გახდება კ. მ-ეისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი.
აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების მიღების უფლების აღიარება არ გამორიცხავს პირის მიერ შეძენილი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტების მიღებას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ხარისხიანი განათლების მიღებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის აღიარება. ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისას ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემასა და დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, რაც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულ და გარანტირებულ განათლების მიღების უფლებას.
განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარების და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კიელდსენი, ბასკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ“, §52, 07.12.1976წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობა არის განათლების უფლების მხოლოდ ნაწილი, ამ უფლების ეფექტურობისათვის ინდივიდს, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს, უნდა ჰქონდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების უფლება ანუ სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად და დადგენილი ფორმით მის მიერ დასრულებული სწავლის აღიარების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Belgium lingwistic“ §B4, 23.07.1968წ.; „ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ“ §152, 10.11.2005წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ. მ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 იანვრის MES 6 20 00039751 გადაწყვეტილება;
5. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა - შპს „მ...ის“ (ს... ,,მ...“) მიერ კ. მ-ეის სახელზე გაცემული MIG №000087 ...ს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ;
6. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს კ. მ-ეის სასარგებლოდ, მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 550 ლარის (100 ლარი, 150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე