საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1184(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,დ...’’).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 28 დეკემბერს შპს ,,დ...მ’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,შპს ,,დ...“-ზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N... „ა“; ს/კ ...) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 27 სექტემბრის N02-1506/ო, 2012 წლის 9 ოქტომბრის N02-1559/ო, 2017 წლის 12 ივნისის N02-1252/ო, 2017 წლის 24 ივნისის N02-1340/ო და 2018 წლის 16 მარტის N02-476/ო ბრძანებების შესაბამისად გაცემული სტაციონარული საქმიანობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილების მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,დ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილება ,,შპს ,,დ...“-ზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N... „ა“ ს/კ ...) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 27 სექტემბრის N02-1506/ო, 2012 წლის 9 ოქტომბრის N02-1559/ო, 2017 წლის 12 ივნისის N02-1252/ო, 2017 წლის 24 ივნისის N02-1340/ო და 2018 წლის 16 მარტის N02-476/ო ბრძანებების შესაბამისად გაცემული სტაციონარული საქმიანობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შპს ,,დ...ს“ მიმართ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, დასკვნები და მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილების თანახმად: 1) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,დ...’’-ზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქ.№...ა; ს/კ ...), სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 27 სექტემბრის №02–1506/ო, 2012 წლის 09 ოქტომბრის №02-1559/ო, 2017 წლის 12 ივნისის №02-1252/ო, 2017 წლის 24 ივნისის №02-1340/ო და 2018 წლის 16 მარტის №02-476/ო ბრძანებების შესაბამისად გაცემული, სტაციონარული საქმიანობის ნებართვა №000544 და ნებართვის დანართები; რეანიმაცია - მოწმობა №002514; სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა - გინეკოლოგია-მოწმობა №002511; ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004695; ლაბორატორიული საქმიანობა - იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004696; ლაბორატორიული საქმიანობა - მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004697; ლაბორატორიული საქმიანობა - ბიოქიმიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004722 და სამეანო-ნეონატოლოგიური საქმიანობა - მოწმობა №005155; 2) განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.
გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 9 დეკემბრის N02-2446/ო ბრძანებით, შპს ,,დ...ს’’ მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის N3/8778-19 გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის N 3ბ/1970-20 განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის Nბს-490(კ-21) განჩინების შესრულების მიზნით, რეგულირების სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ შპს „დ...“-ში განხორციელებული შემოწმებების დროს გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც ძირითად შემთხვევებში უკავშირდება სტერილიზაციისა და დეზინფექციის, ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისა და კონტროლის დაწესებულების გარემოზედაპირების დასუფთავების, სამედიცინო ნარჩენების მართვის უწყვეტი მომარაგების წესებისა და სხვა სახის დარღვევებს. შპს „დ...ს“ არსებულ დარღვეულ პირობებში ფუნქციონირება, რომელიც არაერთგზის, სისტემატიურად ვლინდებოდა განხორციელებული შემოწმებებისას, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა და შეუქმნის პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხოლო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, როგორც კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, ვალდებული იყო და არის დაიცვას პაციენტის ფუნდამენტური უფლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ და შესაბამისად, ვერ დაელოდებოდა შპს „დ...“-ში გამოვლენილი სავალალო პირობების შედეგებს, რომელსაც მისი ფუნქციონირების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია მოყოლოდა, როგორც პაციენტის გარდაცვალება, ასევე, პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. სწორედ ზემოთმოყვანილი, სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა შპს „დ...ს“ მიმართ გაცემული სტაციონარული დაწესებულების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 62-ე მუხლზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, 24-ე, 29-ე, 33-ე, 34-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ვ“ პუნქტზე, 61-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 39-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილება გამოიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/8778-19) აღსრულების მიზნით. ამასთან, მითითებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადასტურებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს, შპს ,,დ...ს“ მიმართ შედგა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი Nკ/შ-914-471 - სტაციონარული დაწესებულების სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ. შემოწმების აქტში მიეთითა, რომ ,,დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო და გეცნობებათ დამატებით.“ შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრი და შპს ,,დ...ს“ დირექტორი. 10.10.2019 წლის შემოწმების აქტის (Nკ/შ-914-471) საფუძველზე გამოიცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 21.10.2019 წლის №02-332/ო ბრძანება, ,,შპს ,,დ...’’-ს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/8778-19) დასტურდება, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 21.10.2019 წლის №02-332/ო ბრძანება გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 21.10.2019 წლის №02-332/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,დ...ს’’ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პალატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/8778-19) მითითებულია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის სადავო გადაწყვეტილება არ იძლეოდა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, თუ რა საფუძვლით იქნა მიღებული ბრძანება შპს ,,დ...ს’’ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის შემოწმების აქტით დაწესებულებას განემარტა, რომ დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებდა რეგულირების სააგენტო და აცნობებდა მათ დამატებით (რაც არ მომხდარა). გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა რომ საქმეში არ იყო წარდგენილი არცერთი მტკიცებულება ან/და ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა არსებითი ზიანი და გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ან კერძო ინტერესებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოებები და ისე გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასევე განიმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განსაზღვრული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილებაც ეფუძნებოდა ,,სტაციონარული დაწესებულების სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ 10.10.2019 წლის შემოწმების აქტის (Nკ/შ-914-471) მასალებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, დასკვნები დავის საგანთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (15.12.2021 წლის N02/18952 გადაწყვეტილება) გამოცემის, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პალატის მოსაზრებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (მტკიცებულებების მოპოვება) დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შპს ,,დ...ს“ შემოწმების შედეგად. ამასთან, 10.10.2019 წლის შემოწმების აქტის (Nკ/შ-914-471) შედგენიდან ახალ შემოწმებამდე პერიოდი, უნდა ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებისთვის დარღვევების გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ,,შპს ,,დ...’’-ში გამოვლენილი დარღვევების ხასიათი პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან. ამასთან, კასატორი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის ნორმებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა დაცული იყოს პაციენტის უფლებები და თავიდან იქნეს აცილებული სავალალო შედეგი.
კასატორის მითითებით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების მიღებამდე რეგულირების სააგენტომ ყველა ქმედება განახორციელა. ამასთან, სააგენტოს მხრიდან უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა სამედიცინო დაწესებულების შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად ვადის მიცემა. კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომ არ მომხდარა დარღვევების გადამოწმება, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და მასზე შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ გასულია 3 წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,შპს ,,დ...“-ზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N... „ა“; ს/კ ...) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 27 სექტემბრის N02-1506/ო, 2012 წლის 9 ოქტომბრის N02-1559/ო, 2017 წლის 12 ივნისის N02-1252/ო, 2017 წლის 24 ივნისის N02-1340/ო და 2018 წლის 16 მარტის N02-476/ო ბრძანებების შესაბამისად გაცემული სტაციონარული საქმიანობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 სადავო გადაწყვეტილება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/8778-19) აღსრულების მიზნით.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის №02-332/ო ბრძანება ,,შპს ,,დ...ს’’ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,დ...ს’’ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/8778-19) მითითებულია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის სადავო გადაწყვეტილება არ იძლეოდა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, თუ რა საფუძვლით იქნა მიღებული ბრძანება შპს ,,დ...ს’’ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის შემოწმების აქტით დაწესებულებას განემარტა, რომ დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებდა რეგულირების სააგენტო და აცნობებდა მათ დამატებით (რაც არ მომხდარა). გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი არცერთი მტკიცებულება ან/და ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა არსებითი ზიანი და გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ან კერძო ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილება კვლავ ეფუძნება ,,სტაციონარული დაწესებულების სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ 2019 წლის 10 ოქტომბრის Nკ/შ-914-471 შემოწმების აქტის მასალებს, შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე კი ერთხელ უკვე გამოცემული 2019 წლის 21 ოქტომბრის №02-332/ო ბრძანება ,,შპს ,,დ...ს’’ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/8778-19), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემის, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (მტკიცებულებების მოპოვება) დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შპს ,,დ...ს“ შემოწმების შედეგად. ამასთან, 10.10.2019 წლის შემოწმების აქტის (Nკ/შ-914-471) შედგენიდან ახალ შემოწმებამდე პერიოდი, უნდა ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებისთვის დარღვევების გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადად. ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის N02/18952 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს N08460 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე