საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-957(კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ტ-ეის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, გ. ტ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 დეკემბერს ზ. ტ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ბ. ტ-ეის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ - საერთო სარგებლობის გზის ბ. ტ-ეის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად ცნობა; ახალციხის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გ. ტ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ - საერთო სარგებლობის გზის გ. ტ-ეის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად ცნობა; ზ. ტ-ეის წარმომადგენლის ნ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N477621 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გ. ტ-ეის სახელზე ქონების რეგისტრაციის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დავალება, რომლის მიხედვითაც, გ. ტ-ეის საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონება ს/კ ... გაიყოფა ორ ნაწილად, საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდება ცალკე საკუთრებად, მიწის ნაკვეთი ცალკე საკუთრებად, ხოლო საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი (ფურნესთან და საქონლის სადგომთან მისასვლელი გზა) დარჩება გ. ტ-ეის და ზ. ტ-ეის საერთო სარგებლობაში. გ. ტ-ეის სახელზე უძრავი ქონების ახალი რეგისტრაცია მოხდება 2016 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით, სადაც დაინტერესებული პირია ბ. ტ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ. ტ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით, ზ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ახალციხის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1995 წლის 19 აპრილის N155 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ზ. ტ-ეს საკუთრებაში გადაეცა სარგებლობაში გამოყოფილი 0.32 ჰა მიწის ფართი, მათ შორის: სახლი (ეზოთი) – 0.18 ჰა. 1992-1999 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, ამ პერიოდისათვის ცალკე კომლად იყო რეგისტრირებული ზ. ტ-ე, მეუღლესთან - ლ. ტ-ესთან და შვილებთან: ბ. და ნ. ტ-ეებთან ერთად.
ახალციხის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ბ. ტ-ეს (მამა) საკუთრებაში გადაეცა სარგებლობაში გამოყოფილი 0.76 ჰა მიწის ფართი, 7 ნაკვეთად, მათ შორის: სახლი (ეზოთი) – 0.12 ჰა. 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ბ. ი.-ს ძე ტ-ე.
1995 წლის 19 აპრილის N155 და 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები ზ. ტ-ეს არ გაუსაჩივრებია.
ახალციხის რაიონის, სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2013 წლის 10 აპრილს ბ. ტ-ემ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა უძრავი ქონება, მდებარე ახალციხის რაიონის სოფელ ...ში, 1 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - ობიექტი №1 (სახლი) ობიექტი №2 (დამხმარე)). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ბ. ტ-ეს მიწის განაწილების კომისიის მიერ საკუთრებაში გადაეცა 0.12 ჰა მიწის ნაკვეთი - სახლი ეზოთი.
2013 წლის 17 აპრილს, ბ. ტ-ესა და გ. ტ-ეს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების - 1 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - ობიექტი №1 (სახლი) ობიექტი №2 - დამხმარე)) ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ც. ნ-ეის მიერ, სანოტარო აქტი №.... მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა გ. ტ-ეის სახელზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის N2/172-16წ გადაწყვეტილებით, ზ. ტ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2013 წლის 17 აპრილს ბ. ტ-ესა და გ. ტ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის (მდებარე: ახალციხის რაიონი, სოფელი ...; ს/კ N...; ფართობი 1 203 კვ.მ; ობიექტი N1 (სახლი); ობიექტი N2 (დამხმარე)) ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის N...) ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. ტ-ეის სარჩელი და მოპასუხე ზ. ტ-ეის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ახალციხის რაიონის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით №... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - გ. ტ-ეს. მოპასუხე ზ. ტ-ეს დაევალა გ. ტ-ეის სახლთან მისასვლელი გზის (ლითონის კონსტრუქციის ხიდი) გათავისუფლება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზ. ტ-ემ 2016 წლის 3 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა ახალციხის რაიონის, სოფელ ...ში არსებული 1 517 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაცია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ეროვნული არქივიდან, ასევე, განმცხადებელს განუმარტა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის დამატებით წარდგენის საჭიროების შესახებ, გაიმართა მედიაციის პროცესი, საბოლოოდ კი, მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება გ. ტ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ ...) ზედდების გამო. ზ. ტ-ეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის დროს, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტებით წარსულში ბ. ტ-ეის სახელზე, ხოლო ამჟამად გ. ტ-ეის სახელზე რეგისტრირებული დამხმარე ნაგებობების მის სახელზე რეგისტრაცია არ მოუთხოვია. ამ ნაგებობებთან მისასვლელი გზის საჭიროებით ასაბუთებს მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებს.
ზ. ტ-ემ 2017 წლის 3 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მარეგისტრირებელმა ორგანომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს საჩივრის განხილვაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, ასევე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-17 მუხლზე და ყურადღება გაამახვილა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის N2/172-16წ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზ. ტ-ეის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ განსახილველ ადმინისტრაციულ სარჩელში გადასაწყვეტ საკითხებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია გასაჩივრებული აქტების გაუქმების თაობაზე და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას (ფურნესთან და საქონლის სადგომთან მისასვლელი გზის ნაწილში), თუმცა სადავოდ არ გაუხდია რეგისტრაციის საფუძველი - 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი. პალატის განმარტებით, მოსარჩელე მოითხოვდა, რომ რეგისტრაცია განხორციელებულიყო 1986-1987 წლებში შედგენილი ტექნიკური პასპორტების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ტექნიკური პასპორტების შედგენის მიზანი არ იყო საკუთრების უფლების მოპოვება უძრავ ქონებაზე, რადგან ეს დოკუმენტები არ გამხდარა უძრავი ქონების ბ. ტ-ეის ან ზ. ტ-ეის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი. უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1997 წლით დათარიღებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობდნენ მოსარჩელეც, მოპასუხეც და რაიმე სახის პრეტენზია ამ დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით მათ არ გამოუთქვამთ. ამასთან, ზ. ტ-ეის სახელზე ქონების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა მხოლოდ მცირე ზედდების გამო, რომლის აღმოსაფხვრელად მის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ბ. ტ-ეის კუთვნილი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა გ. ტ-ეის საკუთრებაში, ხოლო აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, არის კანონიერი. გარდა ამისა, პალატის მითითებით, ზ. ტ-ეს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა მის რაიმე უფლებას გ. ტ-ეის სახელზე რეგისტრირებულ ფურნესა და საქონლის სადგომზე, ასევე მათთან მისასვლელ გზაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N477621 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ზ. ტ-ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება და სადავო სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. შესაბამისად, იგი დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას და ამდენად, გაუგებარია მისი ინტერესი ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება იყო კანონიერი, შეესაბამებოდა დადგენილ საკანონმდებლო ნორმებს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგოა, გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. კერძოდ, კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ტ-ეს არ მოუთხოვია გ. ტ-ეის სახელზე რეგისტრირებული, მაგრამ ყოველთვის ზ. ტ-ეის სარგებლობაში არსებული დამხმარე ნაგებობების საკუთრებაში აღრიცხვა. დავის საგანს სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომ ზ. ტ-ეის სარგებლობაში არსებული და მის მიერვე აშენებული დამხმარე ნაგებობები, შესაბამისი მიწის ნაკვეთით, გ. ტ-ემ არასწორად აღრიცხა თავის სახელზე საკუთრების უფლებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად უთითებს, რომ ზ. ტ-ე ითხოვს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, ფურნესთან და საქონლის სადგომთან მისასვლელი გზის ნაწილში. მოსარჩელე არამარტო მისასვლელი გზის ნაწილში ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, არამედ მოთხოვნა ვრცელდება ასევე დამხმარე ნაგებობებზეც, ფურნესა და საქონლის სადგომზე და შესაბამის მიწის ნაკვეთზე. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ტ-ეის ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა გ. ტ-ეის ქონებასთან მხოლოდ მცირე ნაწილში ზედდების გამო, რაც ასევე არასწორია, რადგან სასამართლოს შეფასებით, ეს ,,მცირე“ ნაწილი არის სწორედ ის სადავო დამხმარე ნაგებობები და მათ ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე, მათთან მისასვლელი გზის ნაწილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილების თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ახალციხის რაიონი, სოფელი ... (ს/კ ...; დაზუსტებული ფართობი: 1 203 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - ობიექტი №1 (სახლი), ობიექტი №2 (დამხმარე)), დარეგისტრირდა ბ. ტ-ეის საკუთრების უფლება. რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, ბ. ტ-ესა და გ. ტ-ეს შორის 2013 წლის 17 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის სადავო გადაწყვეტილების თანახმად, დარეგისტრირდა გ. ტ-ეის საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ბ. ტ-ეის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ზ. ტ-ეს სადავოდ არ გაუხდია. ამავე უძრავ ნივთზე გ. ტ-ეის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 2013 წლის 17 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ზ. ტ-ეის სარჩელი კი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა. მეტიც, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა გ. ტ-ეის სარჩელი და მოპასუხე ზ. ტ-ეის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ახალციხის რაიონის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით №... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - გ. ტ-ეს. ასევე, მოპასუხე ზ. ტ-ეს დაევალა გ. ტ-ეის სახლთან მისასვლელი გზის (ლითონის კონსტრუქციის ხიდი) გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები (1997 წლის 26 აგვისტოს N154 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და 2013 წლის 17 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება) ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა, აღნიშნული გამორიცხავს რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებასა და განჩინებაში დავის საგნად მიუთითეს ზ. ტ-ეის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები და იმსჯელეს აღნიშნული მოთხოვნების ფარგლებში. პალატა განმარტავს, რომ არც რაიონულ სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ზ. ტ-ე არ მიუთითებდა სასამართლოების მიერ დავის საგნის ფარგლების არასწორად განსაზღვრის თაობაზე. შესაბამისად, კასატორის მიერ საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის ეტაპზე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში იმ გარემოებებზე მითითება, რომ მოსარჩელე არამარტო მისასვლელი გზის ნაწილში ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, არამედ მოთხოვნა ვრცელდება ასევე დამხმარე ნაგებობებზეც, ფურნესა და საქონლის სადგომზე, შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. აქვე აღსანიშნავია, რომ კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ მისივე განმარტებით, დავის საგნის არასწორად განსაზღვრის გარდა, სხვა არსებით გარემოებებზე არ მიუთითებს.
ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N477621 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, ზ. ტ-ეის წარმომადგენელს უარი ეთქვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს (სუსგ №ბს-1695-1651(კ-10), 25.05.2011წ. და №ბს-408-403(2კ-14), 14.07.2015წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საკითხი. ამასთან, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლესი ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის თვითკონტროლის ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმებისა და სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი (რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილება) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დამატებით კვლევას არ საჭიროებდა. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N477621 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, არ არსებობდა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მათი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. ტ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ნ. ტ-ეის მიერ 2022 წლის 4 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. ზ. ტ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ნ. ტ-ეის მიერ 2022 წლის 4 ნოემბერს N14999114670 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე