Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1318(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ტ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ტ-იმა 2022 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე ხ. ტ-ის სასარგებლოდ 36 თვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დავალება 9 216 ლარის ოდენობით - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე ხ. ტ-ის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მატერიალური ზიანის სახით, მოსარჩელე ხ. ტ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 8 544 ლარის ოდენობით ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ხ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო წესით და დადგენილ ვადაში მისი წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ წელთა ნამსახურობის ანგარიშის გადაუგზავნელობის გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციიდან გამომდინარე, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი 2017 წლის ოქტომბრიდან - 2020 წლის ოქტომბრამდე. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 1 მარტის SSA 5 23 00224045 წერილზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ხ. ტ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, გასაცემელის ოდენობა, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე იქნებოდა ჯამში 8544 ლარი (თვეში 180 (სახელმწიფო პენსიის ოდენობა) + 20 (ნამსახურობის სტაჟი)*5 (წოდების კოეფიციენტი)*80%) – 224 ლარი; სახელმწიფო პენსიის ოდენობის მატების გათვალისწინებით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე - 240 ლარი; 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე – 256 ლარი).

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურების დაკისრება 800 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრა 20 წლით და 1 თვით, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის N967238 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რაიონულ განყოფილებაში გადაიგზავნა ხ. ტ-ის დაზუსტებული წელთა ნამსახურობის ანგარიში. კასატორის მოსაზრებით, არც მოცემული და არც სადავო პერიოდის მდგომარეობით, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული პერიოდი ჩაეთვალა შრომის სტაჟად, ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებდა იმპერატიული დანაწესების საფუძველზე. კასატორი თვლის, რომ სახეზე არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობა, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ის პირად საქმეში დაცული დოკუმენტების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის თანახმად, 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე, ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის - შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის 1992 წლის 13 ოქტომბრის №160 ბრძანებით რიგითი ხ. ა.-ს ძე ტ-ი დაინიშნა სამხედრო საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ...ის ავიატექნიკოსად 1992 წლის 13 აგვისტოდან. სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის სარდლის 1993 წლის 24 მაისის №123 ბრძანებით სასწავლო პოლკის ...ს რიგით ხ. ტ-ის სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის მიენიჭა სამხედრო წოდება „ზემდეგი“. ასევე დადგენილია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №184 ბრძანებით მოსარჩელე ხ. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ...ის სამმართველოში გადასვლის გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის 1993 წლის 13 აგვისტოს ცნობის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების №03245 სამხედრო ნაწილის ზემდეგი ხ. ტ-ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის. ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის მეთაურის დახასიათებით დგინდება, რომ ზემდეგი ხ. ტ-ი ესკადრილიაში მსახურობდა 1994 წლის 1 აგვისტოდან ტექნიკოსის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან - რგოლის მეთაურის თანამდებობაზე. სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, სასწავლო საავიაციო პოლკის, ცალკეული საავიაციო ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული კავშირგაბმულობის და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ხ. ტ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და იმავდროულად დაინიშნა ოფიცრის თანამდებობაზე, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის საინჟინრო საავიაციო სამსახურის საავიაციო ტექნიკური რგოლის მეთაურად, ხელშეკრულებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. ტ-იმა პირველად 2017 წლის 19 სექტემბერს, შემდგომ კი, 2018 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ხ. ტ-ის ეცნობა, რომ 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა არ დასტურდებოდა, ხოლო მისი წელთა ნამსახურობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის მიხედვით სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვესა და 28 დღეს.

საქმეში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MOD 7 1801251898 გადაწყვეტილება მოსარჩელე ხ. ტ-ისათვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლაზე, ნამსახურების წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემა, სადაც მოსარჩელე ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრება 20 წლით და 1 თვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით;

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების და ხ. ტ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ შედგა წელთა ნამსახურების დაზუსტებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენს 20 წელსა და 1 თვეს. დაზუსტებული ანგარიში 2020 წლის 23 ოქტომბერს გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 01 მარტის SSA 5 23 00224045 წერილით დასტურდება, რომ სახელმწიფო გასაცემელების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების შესაბამისად, ხ. ტ-ის 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ნამსახურების ვადის ამოწურვის გამო, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ამავე წერილის თანახმად, ხ. ტ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე შეადგენს 8544 ლარს.

2021 წლის 15 აპრილს ხ. ტ-იმა 2017-2020 წლებში მიუღებელი სამხედრო კომპენსაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 18 მაისის MOD 3 21 00437390 წერილით ხ. ტ-ის ეცნობა, რომ 2017-2020 წლების მიუღებელი თანხის ანაზღაურების საკითხი სცილდება გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის კომპეტენციას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (დანართი N2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნამსახურობის წლების დაანგარიშება წარმოადგენს იმ აუცილებელი პროცედურის ნაწილს, რომლის შედეგად შესაბამისი სამსახური „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტებთან მიმართებაში ამზადებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციას. ამდენად, უდავოა, რომ სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა მოსარჩელის ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

განსახილველ საქმეში, მოსარჩელის მიერ პირველად 2017 წლის 19 სექტემბერს, შემდგომ კი 2018 წლის 3 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით მიმართვის პირობებში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წელთა ნამსახურობის დაანგარიშება 20 წელზე ნაკლები ოდენობით მიჩნეულ იქნა უკანონოდ (დადგინდა ხ. ტ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის კანონიერება), რის გამო, მოსარჩელე ნამსახურობის ხელახალ დაანგარიშებამდე და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის ხელახლა გადაწყვეტამდე, 2017-2020 წლებში, მოკლებული იყო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

ამდენად, მოსარჩელის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი 2017 წლის 19 სექტემბერს მიმართვის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების კომპენსაციის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დანიშვნის პირობებში, კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის 2017 წლის 1 ოქტომბრიდან მოთხოვნის თაობაზე. ამასთან, კომპენსაციის მიუღებლობა დაკავშირებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი ხ. ტ-ის მიმართ დამდგარ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის სახით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ხ. ტ-ისთვის ანაზღაურება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე 8 544 ლარის (იხ. თანხის დაანგარიშება ს.ფ.180) ოდენობით.

ამასთან, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების 800 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე