საქმე №ბ-75-1(გან-24) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა _ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „უ...“
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების (საქმე №ბს-883(2კ-20)) და 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „უ...მ“ 18.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №83560 და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. №116671 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებისა და 29.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2017წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №83560 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,უ...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს „უ...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)), შპს ,,უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შპს „უ...ს“ დირექტორმა ი. კ-იმა 06.10.2023წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №ბს-883(2კ-20) საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინებით (საქმე №ბ-1365-5(ა-23)), შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
შპს „უ...მ“ 28.11.2023წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შპს „უ...ს“ დირექტორმა 22.01.2024წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „უ...ს“ 08.01.2024წ. განცხადებაში ასახული საკითხების განხილვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 25.12.2023წ. განჩინების ასლის ჩაბარებამდე მან საკასაციო პალატას დამატებით მომართა 08.01.2024წ. განცხადებით, რომლითაც დააზუსტა/შეავსო 28.11.2023წ. განცხადება. განმცხადებლის მოსაზრებით საკასაციო სასამართლოს 25.12.2023წ. განჩინება არ პასუხობს შპს „უ...ს“ 28.11.2023წ. განცხადებაში მითითებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ საკასაციო პალატის 12.10.2023წ. განჩინება წინააღმდეგობრივია, ასევე მითითებული არ არის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებას ახალი ფაქტისაგან განასხვავებს. ერთი მხრივ სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადია, ხოლო მეორე მხრივ განცხადება არსებითად განიხილა. განსხვავებული განჩინება მიიღო საკასაციო სასამართლომ შპს „უ...ს“ იმ განცხადებაზე, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. (საქმე №ბს-1028(კ-22)) განჩინებით დასრულებულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, კერძოდ, შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მიჩნეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადად. ამდენად, საკასაციო პალატამ არსებით კავშირში მყოფ ორ საქმეზე განსხვავებული განჩინებები მიიღო, რაც არ არის განმარტებული საკასაციო სასამართლოს 25.12.2023წ. განჩინებით. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილება შპს „უ...ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ არ მიუღიათ პროკურატურის დადგენილებაზე დაყრდნობით, ხოლო საკასაციო პალატის 22.06.2023წ. განჩინება (საქმე №ბს-883(2კ-20)) პროკურატურის დადგენილებას ემყარება, შესაბამისად, ამ დადგენილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ საკასაციო სასამართლოს განჩინებისთვის. საკასაციო პალატის მიერ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში ძალაში დარჩებოდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად საქმე ხელახლა დაუბრუნდებოდა საჯარო რეესტრს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ განმარტებას საჭიროებს საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინებაში მითითება იმის შესახებ, რომ დავა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და მასზე სამართალწარმოება არ დასრულებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, ამდენად, განმარტებას საჭიროებს სასამართლოს რომელი გადაწყვეტილება მიიჩნევა კანონიერ ძალაში შეუსვლელად. განმარტებას საჭიროებს ასევე რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით მიიღო საკასაციო პალატამ განჩინება 06.10.2023წ. განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. განმცხადებლის მითითებით განმარტებას საჭიროებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განახლებული სააპელაციო წარმოებით სასკ-ის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის შესაძლებლობა, მითითებული პრინციპის მიხედვით, სარჩელის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მართალია, 08.01.2023წ. განცხადებით დააზუსტა 28.11.2023წ. განცხადება, თუმცა 08.01.2023წ. განცხადებაში ასახული მოთხოვნები შეიძლება მიჩნეული იქნას განმარტების ახალ მოთხოვნად.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით, საჯარო რეესტრის ერთ-ერთი დეპარტმენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მიჩნეული იქნა სააგენტოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირად, რომლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სააგენტოში. სააგენტოში შედის 12 დეპარტამენტი, დეპარტამენტში - 27 განყოფილება, რომლებსაც იდენტური სტატუსი გააჩნია, ანუ სულ 39 სტრუქტურული ერთეული, გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რაც წარმოშობს განმარტების საჭიროებას: მიაჩნია თუ არა სასამართლოს, რომ სააგენტოს ჰყავს 41 თანამდებობის პირი, რომლებმაც შეიძლება გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გასაჩივრება სააგენტოში დაუშვებელია ზემდგომი თანამდებობის პირის არარსებობის გამო; მიაჩნია თუ არა სასამართლოს, რომ შესაძლებელია თავმჯდომარის ძირითადი ფუნქციის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის) 41 თანამდებობის პირზე დელეგირება; მიაჩნია თუ არა სასამართლოს, რომ საკასაციო პალატის 22.06.2023წ. განჩინებაში სააგენტოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირად მოხსენებული, მასთან ერთად მინიმუმ ანალოგიური სტატუსის მქონე 41 თანამდებობის პირი ინიშნება და თავისუფლდება სამინისტროს მიერ. განმაცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა განხილული უნდა იქნას, როგორც ახალი მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „უ...ს“ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. და 12.10.2023წ. განჩინებების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. სსკ-ის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით (სუსგ 22.04.2021წ. საქმე №ბ-305-2(2გან-21)). განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (სუსგ 07.12.2020წ. საქმე №ბ-1328-10(გან-20)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრას და არა სამოტივაციო ნაწილის განმარტებას ან ახალი სამართლებრივი საკითხის შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №ბს-883(2კ-20) საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინების განმარტების მიზნით შპს „უ...მ“ საკასაციო სასამართლოს მომართა 28.11.2023წ. განცხადებით, რომელიც საკასაციო სასამართლოს 25.12.2023წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. განცხადების დასაშვებობის შემოწმება ხდება სსკ-ის 429-ე მუხლით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, განცხადება რჩება განუხილველი (სსკ-ის 429-ე მუხ.). შპს „უ...ს“ დირექტორის 06.10.2023წ. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს, რის გამო დარჩა განუხილველი. როგორც საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინებით, ასევე განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 25.12.2023წ. განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (სუსგ 22.06.2023წ. საქმე №ბს-883(2კ-20)), რის გამო ამ ნაწილში საქმის წარმოება არ დასრულებულა და სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამდენად, განმცხადებელს გარკვევით მიეთითა, რომ საქმეზე მითითებულ ნაწილში სახეზე არ იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, შესაბამისად, განახლების ობიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმე და არა ცალკეული საპროცესო მოქმედებები, რომელზეც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული განჩინებები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყონებლივ, მისი გამოცხადებისთანავე (სსკ-ის 264.3 მუხ.), თუმცა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს განჩინების არსებობა არ წარმოშობს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობის წინაპირობას. განმცხადებელს არაერთხელ განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883(2კ-20)) საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებულ ნაწილში საქმის წარმოება არ დასრულებულა, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გამორიცხავდა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაშვებას. განმცხადებლის მითითება ასევე იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის დადგენილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებას მხოლოდ საკასაციო სასამართლოს განჩინებისთვის წარმოადგენს, არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავით დადგენილ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და დასაშვებობის სავალდებულო პირობებს.
შპს „უ...ს“ განცხადებით მოთხოვნილი განმარტება სცდება სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული განმარტების ფარგლებს, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. განცხადების შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს სსკ-ის 249.5 მუხლზე, რომლითაც განმარტებულია სარეზოლუციო ნაწილი და მისი ფარგლები, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასების შედეგი. სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და განმარტებას ექვემდებარება იმგვარი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. მითითებული წესი იმპერატიულია. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი განმარტებას მოითხოვს არა სარეზოლუციო ნაწილ(ებ)ის შინაარსის ბუნდოვანების გამო, არამედ იგი მოითხოვს განმარტებას/დამატებით დასაბუთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგ. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილების ფარგლები და მათ მიერ ფუნქციების დელეგირების მართებულება, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტების ან დამატებითი არგუმენტების მიღების შესახებ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ამასთანავე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება. საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების განმარტებაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს განსახილველი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ 22.01.2024წ. განცხადებით განმცხადებელმა მოითხოვა ისეთი საკითხების განმარტება, რაც მოთხოვნილი არ ყოფილა მანამდე განხილული განცხადებით, არ წარმოშობს განმარტების თაობაზე განცხადების ხელახლა განხილვის საფუძველს. განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო სასამართლოს 25.12.2023წ. განჩინებაში მიეთითა, რომ გადაწყვეტილება განიმარტება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ხოლო ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს აღსრულებას ქვემდებარე შინაარსს, რაც გამორიცხავდა სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ განმარტების თაობაზე ახალი განცხადების წარმოდგენა არ ცვლის იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილს აღსრულებას ქვემდებარე შინაარსი არ გააჩნია, ამდენად, განცხადება მითითებული განჩინების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
განმცხადებელი ასევე მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინების (საქმე №ბს-883(2კ-20)) განმარტებას. მითითებული განჩინებით შპს ,,უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, ამასთანავე, გადაწყვეტილების განმარტებაზე უფლებამოსილი სასამართლო დადგენილია კანონით. აღნიშნულ დანაწესს ვერ შეცვლის მხარის მოსაზრება ან სურვილი მის მიერ შერჩეული სასამართლო ინსტანციისგან მიიღოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. და 12.10.2023წ. განჩინებების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. და 12.10.2023წ. განჩინებების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა