\
საქმე №ბს-1055(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 23 თებერვალს თ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილი - ლ. ფ-ე დაიბადა ... წელს ...ს, დაუდგინდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა, გულის გაჩერება, დაუზუსტებელი პნევმონია, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის მძიმე, საქართველოში ვერ ხერხდებოდა მკურნალობა, შესაბამისად, მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო უცხოეთში გადაყვანა. მოსარჩელემ 2021 წლის 10 აგვისტოს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა კონსილიუმის მოწვევის მოთხოვნით, რათა მათ განესაზღვრათ ლ. ფ-ეისთვის უცხოეთის რომელიმე კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულმა ორგანოს უმოქმედობის გამო მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ქმედებების განხორციელება მოსარჩელე თ. ფ-ეის დახმარების მიზნით, მის მიერ არჩეული საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრ-ჰ...თან კომინიკაციის დამყარებით თვალსაზრისით, არასრულწლოვანი პაციენტის ლ. ფ-ეის ხსენებულ ცენტრში მკურნალობის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში - ჰ...ს დაევალა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურისა და კალკულაციის წარდგენა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით "რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამინისტროში შექმნილი კომისიისთვის მძიმე პაციენტის არასრულწლოვან (რვა წლის) ლ. ფ-ეის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანის (ტრანსპორტირების) და მკურნალობასთან დაკვშირებით დაფინანსების (მოძიების, გამოყოფის, მობილიზების და ა. შ) საკითხის გადასაწყვეტად, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ზემოაღნიშნულ სამკურნალო ცენტრში მისი ტრანსპორტირება (პაციენტის ტრანსპორტაბელურობის გათვალისწინებით) და მკურნალობა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად. ლ. ფ-ე ამჟამად გადაყვანილია სტამბულის L...-ის კლინიკაში. არასრულწლოვან ლ. ფ-ეს ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების 6-ჯერ გადანერგვა. შესაბამისად, არასრულწლოვანი ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მოთხოვნით მოსარჩელემ 2022 წლის 15,17, 18, 21 და 22 თებერვალს არაერთი განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მაგრამ განცხადებებზე პასუხი არ მიუღია. მოსარჩელე მიუთითებს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3, მე-7, 41-ე მუხლებზე.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, არასრულწლოვანი ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, რომელიც მას ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ფინანსური სახსრების გამოყოფის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღებით ლ. ფ-ეის, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ფინანსური სახსრების გამოყოფის დავალების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით თ. ფ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, მისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის თ. ფ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით თ. ფ-ეის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის №3/1078-22 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი), იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1500 ლარის თ. ფ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურება, გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2022 წლის 18 მარტის განჩინება ნაწილობრივ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რა ნაწილითაც/შინაარსითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და ახალი განჩინებით გასაჩივრებულ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის განჩინების იმ ნაწილში, რა ნაწილითაც/შინაარსითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/888-22 მესამე პირის - „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დხმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლედ დადგინდა ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენდა, რამდენადაც აპელანტმა მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა სადავო არ არის ის, რომ სასამართლოში საქმის წარმოებაში მონაწილეობა დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, პრეზიუმირებულია, რომ მხარე აღნიშნულ ხარჯებს გაიღებდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველ თებერვალს მ. ნ-ეს და თ. ფ-ეს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თ. ფ-ე ვალდებული იყო ადვოკატ მ. ნ-ეისთვის გადაეხადა ჰონორარი საადვოკატო მომსახურებისთვის, მისი ინტერესების დაცვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში/თბილისის სააპელაციო სასამართლოში/უზენაეს სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ადმინისტრაციულ საქმეზე, ლ. ფ-ეისათვის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებულ ფინანსური ხარჯების გამოყოფასთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. ფ-ეის სარჩელი ხელმოწერილია ადვოკატის - მ. ნ-ეის მიერ, ამასთან ეს უკანასკნელი მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლოში სხდომებში და იცავდა მოსარჩელის ინტერესებს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1330-1315(კ-11) 9.02.2012წ. განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაში იყო გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. ამასთან, რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სასამართლოს მსჯელობას საქმის სირთულესთან დაკავშირებით და არაქონებრივი დავისათვის გათვალისწინებული შემომზღუდავი ზედა ზღვრის გათვალისწინებით, 1500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, თ. ფ-ე ვალდებული იყო ადვოკატ მ. ნ-ეისთვის გადაეხადა ჰონორარი საადვოკატო მომსახურებისთვის, მისი ინტერესების დაცვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში/თბილისის სააპელაციო სასამართლოში/უზენაეს სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ადმინისტრაციულ საქმეზე, ლ. ფ-ეისათვის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებულ ფინანსური ხარჯების გამოყოფასთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით. შეთანხმებული თანხა მოიცავდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ადვოკატის მიერ გასაწევი წარმომადგენლობითი მომსახურებისთვის ანაზღაურებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არ დაასაბუთეს მოცემული საქმის ის მნიშვნელობა და სირთულე, რომლის გამოც მოპასუხეს ადვოკატისთვის 1500 ლარის ანაზღაურება დაევალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, მისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის თ. ფ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც თ. ფ-ეის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის (1500 ლარის) ანაზღაურება დაევალა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაც სააპელაციო საჩივრის ფარგლებშია მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია სწორედ მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1500 ლარის დაკისრებას მიემართება. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობაზე საკასაციო სასამართლო მხოლოდ საკასაციო საჩივრის ზემოაღნიშნულ ფარგლებში იმსჯელებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, იურიდიული დახმარება განმარტებულია, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მ. ნ-ეს და თ. ფ-ეს შორის 2022 წლის 1 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, თ. ფ-ე ვალდებული იყო ადვოკატ მ. ნ-ეისთვის გადაეხდა ჰონორარი საადვოკატო მომსახურებისთვის, მისი ინტერესების დაცვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში/თბილისის სააპელაციო სასამართლოში/უზენაეს სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ადმინისტრაციულ საქმეზე, ლ. ფ-ეისათვის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებულ ფინანსური ხარჯების გამოყოფასთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქმის მასალებში დაცული მინდობილობით თ. ფ-ემ მ. ნ-ეს 2029 წლის 9 აგვისტომდე მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატ - მ. ნ-ეის მიერ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება დასტურდება, როგორც მოცემული საქმის პირველი ინსტაციის სასამართლოში გამართულ სხდომებში მისი მონაწილეობით, ასევე მის მიერ სასამართლოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტაციით (სარჩელი, განცხადებები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ №ბს-809-805(3კ-17), 17.01.2019წ; №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული ანაზღაურების თანხა, აგრეთვე მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის ოდენობა გაწეული მომსახურებისთვის, არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის ადვოკატის მომსახურების გაწევის თანხის ოდენობის განსაზღვრისთვის. სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვა გარემოებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაში მართალია აღნიშნულია ადმინისტრაციული ორგანოების ფართო ჩამონათვალი და დადგენილია თ. ფ-ეის ვალდებულება ადვოკატისთვის 3 000 ლარის ანაზღაურებაზე, თუმცა აღნიშნული შეთანხმება სასამართლოსთვის მბოჭავი ხასიათის არ არის. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან, საქმის სირთულიდან გამომდინარე ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს დასაკისრებელი სასამართლოსგარეშე თანხის ოდენობა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მისთვის დაკისრებული საადვოკატო მომსახურების - 1500 ლარის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევასთან დაკავშირებით, რამეთუ მიიჩნევს, რომ საქმეზე დამდგარი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის და დავის მნიშვნელობის გათვალისწინებით, თანხა გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა