Facebook Twitter

საქმე №ბს-830(კს-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - ლ. წ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. წ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. წ-ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლ. წ-ეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე ს/კ ... საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. წ-ეის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ. წ-ეის სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის საფუძვლით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ლ. წ-ეის წარმომადგენელს - თ. მ-ის ჩაბარდა 2023 წლის 9 ივნისს. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2023 წლის 10 ივნისიდან და ამოიწურა 2023 წლის 23 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი ლ. წ-ეის მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოს წარედგინა 2023 წლის 26 ივნისს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმე შევიდა 2023 წლის 4 ივლისს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა სამი დღის დაგვიანებით - ლ. წ-ემ გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რასაც უპირველესად ადასტურებდა თვით სააპელაციო საჩივარზე დაფიქსირებული ხელმოწერის და სააპელაციო საჩივრის სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი - ,,26.06.2023 წელი“.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. წ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განჩინება ჩაბარდა მის ყოფილ წარმომადგენელს - თ. მ-ის და მისთვის აღნიშნული განჩინება პირადად არ გაგზავნილა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ლ. წ-ეის ხელმოწერით და მომზადებულია სხვა წარმომადგენლის მიერ. თ. მ-ითან სამართალურთიერთობა დასრულებული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. წ-ეს მისმა წარმომადგენელმა ჩააბარა 2023 წლის 12 ივნისს და განუმარტა, რომ გასაჩივრების ვადა 2023 წლის 26 ივნისამდე ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ ჩანაწერიც იქნა გაკეთებული საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ გადაცემულ დანართზე. მოსარჩელემ ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 12 ივნისიდან და კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია. მისთვის უცნობი იყო როდის ჩაიბარა წარმომადგენელმა გადაწყვეტილება. ლ. წ-ეისთვის მხოლოდ გასაჩივრებული განჩინებით გახდა ცნობილი წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების 2023 წლის 9 ივნისს ჩაბარების შესახებ და ამის გამო უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ლ. წ-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. წ-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლები) იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე ლ. წ-ეის წარმომადგენელს თ. მ-ის საქმეში მითითებულ მისამართზე: ჭიათურა, ...ს ქ. 4 და ჩაბარდა პირადად 2023 წლის 9 ივნისს (ტ.1, ს.ფ 312). გადაწყვეტილების პირადად თ. მ-ისთვის ჩაბარების ფაქტს სადავოდ არ ხდის არც კერძო საჩივრის ავტორი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 10 ივნისს და დასრულდა 2023 წლის 23 ივნისს 24:00 საათზე (პარასკევი). აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 26 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებაზე, რომ მას თ. მ-ითან სამართალურთიერთობა დასრულებული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ლ. წ-ეის მიერ თ. მ-ის სახელზე 2022 წლის 22 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება, რომელიც მოქმედებდა 2023 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 18). აღნიშნული რწმუნებულებით თ. მ-ის ასევე მიენიჭა სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრებისა და სააპელაციო/საკასაციო საჩივრების წარდგენის უფლებამოსილება. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ. მ-ი, როგორც ლ. წ-ეის წარმომადგენელი, არ იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ თ. მ-ის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ მის მიერ მოხდა ტექნიკური შეცდომა და გასაჩივრების ვადა ლ. წ-ეს მიუთითა 26 ივნისამდე, რის საფუძველზეც ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ. წ-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რომლის გაგრძელებას ან აღდგენას კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ არის რეალიზებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე