№ბს-621(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჯ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა. ჯ-ეის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ა. ჯ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ჯ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 5 სექტემბრის №1175 ბრძანებით ა. ჯ-ე ჩარიცხულ იქნა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის 11 სექტემბრიდან. 2017 წლის 11 სექტემბერს ა. ჯ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ №....
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 1 სექტემბრის №2278 ბრძანებით ... ა. ჯ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ...ად. 2019 წლის 10 ივნისს, ა. ჯ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების ოქმი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.
ა. ჯ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და ...ად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება ...ად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები წლები. კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. 2019 წლის 10 ივნისის შეთანხმების ოქმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით (IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში დარღვევის შემთხვევაში).
ა. ჯ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 20 ოქტომბრის №3156 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე. მოპასუხემ კონტრაქტი შეწყვიტა გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა და გაითვალისწინა საერთო სასამართლოების მიდგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 და 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტებით განსაზღვრულ შეუსაბამოდ მაღალი საჯარიმო სანქციის (28000 ლარი) მიმართ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის გარკვეულ პირებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაეკისრათ სხვადასხვა ოდენობის თანხა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის სახე და საჯარიმო თანხები ერთგვაროვანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი რომ არ ჰქონოდა პირთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევას, სამინისტრომ ამ საკითხის მოგვარება განახორციელა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციები შეამცირა გონივრული და მისაღები თანხის ოდენობამდე.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლო უთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რასაც კასატორი არ იზიარებს. კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ესენია: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას). ამასთან, თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება საფუძველს მოკლებულია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 5 სექტემბრის MOD 6 17 00001175 ბრძანებით ა. ჯ-ე ჩარიცხულ იქნა აკადემიის ... საგანმანათლებლო პროგრამაზე ...ად 2017 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე (ს.ფ 22); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჯ-ეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის №729 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი №... კონტრაქტი. აღნიშნული კონტაქტის 2.1 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს ... კალენდარულ წელს და ...ად ყოფნის ვადის ჯამს. კონტაქტის მოქმედება იწყება ...ად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას წარმოეშვება ვალდებულება გადაიხადოს ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და ეკისრება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობა (ს.ფ. 23-29). მითითებულ კონტრაქტში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც კონტრაქტის 6.2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა და დანიშვნა)) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ-ო“ ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით: ა) I კურსზე ყოფნისას კონტაქტის დარღვევის შემთხვევაში - 1500 ლარი, ბ) II კურსზე ყოფნისას კონტაქტის დარღვევის შემთხვევაში - 2500 ლარი, გ) III კურსზე ყოფნისას კონტაქტის დარღვევის შემთხვევაში - 4000 ლარი, დ) IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარი (ს.ფ 29-30); გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის MOD 6 21 00002278 ბრძანებით ... ა. ჯ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარიმო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ...ად (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №...) 2021 წლის 20 აგვისტოდან (ს.ფ 31); დ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 20 ოქტომბრის MOD 2 21 00003156 ბრძანებით, ა. ჯ-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათვისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ 32-33, 38).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების კანონიერება. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ა. ჯ-ეისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჯ-ეს შორის გაფორებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ა. ჯ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ა. ჯ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19) განჩინება და სხვ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე