Facebook Twitter

№ბს-663(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპს „თ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. და თ. ს-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სპს „თ...ს“ მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმი თ. ზ-ეის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 16 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობა №7220.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ს-ეისა და თ. ს-ეის წარმომადგენლის - ი. ჯ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. ყადაღა დაედო მოპასუხე სპს „თ...ს“ საკუთრებაში რიცხულ 791 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ....

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს-ეისა და თ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმი თ. ზ-ეზე 790.77 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 450 კვ.მეტრის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 16 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობა №7220 ი. ს-ეისა და თ. ს-ეის მოთხოვნილ 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „თ...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით სპს „თ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „თ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2019 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა განცხადებები და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთებზე, საიდანაც ერთი განცხადება დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ ზედდებაში იყო კასატორის მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეებმა საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს ისე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (№..., 29.01.2019წ.) არ გაუსაჩივრებიათ. ამასთან, სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არც მხარედ ჩაურთავს საქმეში. აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ დაარღვია კანონით დადგენილი წესი, ვინაიდან გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაესაჩივრებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შემდგომ კი, სასამართლო წესით.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ბუნდოვანია, ვინაიდან სასამართლოს არ დაუკონკრეტებია 790.77 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან კონკრეტულად, რომელი ნაწილი ცნო ბათილად. შესაბამისად, აღნიშნული საკითხიც დაზუსტებას მოითხოვს, ვინაიდან თავისი შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ აქვს კანონიერი ინტერესი დავის საგანთან დაკავშირებით, ვინაიდან, მან არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით მინიჭებული უფლება მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ 2019 წლის 23 იანვარს მიმართა განცხადებით. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელეები ვერ შეძლებენ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ კასატორის საკუთრების უფლების სრულად გაუქმდება მიწის ნაკვეთზე.

კასატორის განმარტებით, იგი სადავო მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს 2008 წლიდან (1994 წლიდან მართლზომიერ მფლობელობაში). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული 10-წლიანი ვადის გასვლის გამო და სასამართლოს სარჩელი განუხილველი უნდა დაეტოვებინა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ კასატორი 1994 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 791 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას 2008 წელს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გადაეცა საკუთრებაში. მიწის ნაკვეთზე ერთობლივი მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი მართლზომიერი მფლობელის, მოსარგებლის ან/და თვითნებურად დამკავებლის მიერ, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანამფლობელის, მოსარგებლის ან/და თვითნებურად დამკავებლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი - თ. ზ-ე და სპს „თ...ს“ დირექტორი არის ერთიდაიგივე პიროვნება, რაც მოიცავს სპს-ს წარმომადგენლობასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთან, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის გადახდილია უფლების აღიარების საფასური 3795,70 ლარის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, თ. ზ-ეის მიერ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ფლობა და სარგებლობა სანოტარო წესით დაადასტურეს მოწმეებმა: ა. ს-ემ, ჯ. ზ-ემ და ბ. ზ-ემ, რომლებიც სანოტარო აქტს პირადად გაეცვნენ. რაც შეეხება მათ დღევანდელ პოზიციას: ჯ. ზ-ე გარდაცვლილია; ა. ს-ემ უარყო მის მიერ ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, თუმცა ამავდროულად განმარტა, რომ მას თ. ზ-ესთან იმ დროს ჰქონდა კარგი, მეგობრული დამოკიდებულება, ხოლო დღეის მდგომარეობით აქვს ცუდი დამოკიდებულება. ამასთან, ს-ეებთან კარგი დამოკიდებულება აქვს; ბ. ზ-ემ განმარტა, რომ დაადასტურა მიწის ნაკვეთის ფლობა, თუცა დღეს არ სურს სადავო საკითხებში ჩარევა. მან რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია.

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ზ-ემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა განცხადებით 22.01.2008 წელს სოფელ ...ში, ...ის ხიდთან მისასვლელთან არსებული 790,77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის სხდომის ოქმში მსჯელობა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მოთხოვნა დაკმაყოფილდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წელს გაიცა ამონაწერი სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თუმცა თ. ზ-ეის 2012 წლის 17 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ტექნიკური შეცდომა გასწორდა და მიწის ნაკვეთის დანიშნულებაში მითითებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება.

კასატორი შუამდგომლობს საქმეში მესამე პირად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართვას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის ცნობა/ნახაზი, რომლითაც დადასტურდებოდა სად ფლობდა მოსარჩელე 0,26 ჰა მიწის ნაკვეთს. ასევე, მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი იდენტიფიკაციის აქტი. გარდა ამისა, მოსარჩელისა და მოწმეთა განცხადებით, 90-იან წლებში ტერიტორიაზე დაიწყო ხიდის მშენებლობა, რის გამოც მოსარჩელეს სანაცვლოდ მიეცა მიწის ნაკვეთი სანერგე ტერიტორიაზე, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ფართი გადაეცა მოსარჩელეს და რა პერიოდით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 30 იანვრის №01-20/110 ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ შ-ე (და არა ს-ე) ი. არის კომლის უფროსი. კომლში ირიცხებიან: ს-ე ს. - შვილი, ს-ე თ. - შვილი. კომლს ერიცხება: საცხოვრებელი სახლი, აგებული 1964 წელს; პირად სარგებლობაში მიწის ფართობი 0.26 ჰა (ტ.1, ს.ფ. 169); ბ) 2019 წლის 23 იანვარს ი. ს-ეემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 17). ...ის განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 მარტს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავე მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 11 მარტს №85294 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან (ტ.1. ს.ფ. 18). 2019 წლის 28 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ., ი. და ს. ს-ეების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 750 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდით - .... უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 28 მარტი, უფლების დამდგენი დოკუმენტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №188 ბრძანება ადგილმდებარეობის დადასტურების თაობაზე და ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 30 იანვრის №01-20/110 ცნობა (ტ.1. ს.ფ. 237); გ) 2019 წლის 12 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ., ი. და ს. ს-ეების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 1400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდით - .... განცხადების რეგისტრაციის ნომერი - ..., განცხადების წარდგენის თარიღი - 2019 წლის 23 იანვარი, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 28 თებერვალი, უფლების დამდგენი დოკუმენტი - ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 30 იანვრის №01-20/110 ცნობა (ტ.1, ს.ფ.238); დ) 2019 წლის 23 იანვარს ი. ს-ეემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 22). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და ... (მესაკუთრე სპს ,,თ...’’) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და წარმოებაში მყოფ მონაცემებთან - ... შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (ტ.1. ს.ფ. 23-24); ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმით დაკმაყოფილდა თ. ზ-ეის განცხადება სოფელ ...ში მდებარე 790,77 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 29-34). 2008 წლის 16 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაიცა №7220 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, სპს „თ...ს“ საკუთრებაში გადაეცა 790,77 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... (ტ.1. ს.ფ. 40); ვ) 2019 წლის 21 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი - 791.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სპს „თ...ს“ სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2008 წლის 18 აპრილი, უფლების დამდგენი დოკუმენტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმის საფუძველზე გაცემული №7220 საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 52-53); ზ) 2019 წლის 25 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება ი. ს-ეის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ. 27).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციითა გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2022წ. განჩინება საქმეზე №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმს (თ. ზ-ეის ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემულ 2008 წლის 16 აპრილის საკუთრების უფლების №7220 მოწმობას იმ საფუძველზე მითითებით, რომ დასახელებული აქტებით სპს „თ...ს“ სახელზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იყო მათი ოჯახის სარგებლობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტებოდა, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი ან მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

დასახელებული კანონის 5.3 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სპს „თ...ს“ სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარება მოხდა არა მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტით, არამედ, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, კერძოდ, აღიარების კომისიაში წარდგენილი იყო ა. ს-ეის, ჯ. ზ-ეის და ბ. ზ-ეის 2008 წლის 27 თებერვალს ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილი (ტ. ს.ფ. 39), რომლითაც აღნიშულმა პირებმა დაადასტურეს, რომ თ. ზ-ე 1994 წლიდან ამუშავებდა 790 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...ი.

საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 16 აპრილს ა. ს-ეის ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 2008 წელს თ. ზ-ეს მან დაუდასტურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე საკვები ობიექტის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელი მოწერილი აქვს ხელწერილზე, რომლითაც მან დაადასტურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 791 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფლობა (ს/კ ...), რომელსაც, არც თ. ზ-ე და არც კომპანია სპს „თ...“ რეალურად არ ფლობდნენ და არც დღეის მდგომარეობით ფლობენ (ტ.1. ს.ფ. 55). საყურადღებოა, რომ ა. ს-ემ ზემოაღნიშნული დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზეც მოწმედ დაკითხვის დროს და აჩვენა, რომ თ. ზ-ე მივიდა მასთან და სთხოვა გაჰყოლოდა ხელის მოსაწერად, რათა მოეხდინა მიწის გადაფორმება, თუმცა არ იცოდა ფაქტობრივად, რომელი ნაკვეთი იყო და რა ფართობი. ხელის მოწერისას იმყოფებოდნენ თვითონ, თ. ზ-ე და მისი ძმა, ბ. ზ-ე. თავიდან არ იცოდა, რომ აღნიშნული მიწა ი. ს-ეის საკუთრება იყო. შემდგომ გაიკითხა ინფორმაცია ადგილობრივებთან და დარწმუნდა, რომ თ. ზ-ემ მოახდინა ი. ს-ეის კუთვნილი მიწის გადაფორმება (ტ.1, ს.ფ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.06.2021წ. სხდომის ოქმი). საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეების - ი. წ-ეის, ა. ფ-ეისა და ლ. ზ-ეის ჩვენებებზე. მათ დაადასტურეს, რომ არიან მოსარჩელეთა მეზობლები, სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ი. ს-ეის ოჯახს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა სახნავ-სათესად. სახელმწიფომ აღნიშნულ ნაკვეთზე გაიყვანა ხიდი, რამაც გამოიწვია ნაკვეთის ორად გაყოფა. თ. ზ-ეს კი არასოდეს უწარმოებია სამუშაო აღნიშნულ მიწაზე. მხოლოდ შარშან იყო პრეცენდენტი, როდესაც მიიტანეს ე.წ „ხრეში“ და აამაღლეს მიმდებარე ტერიტორია. ასევე დაამაგრეს ბოძები. ზ-ეების საკუთრებაშია წყლის გაღმა არსებული რესტორანი. ეს ნაკვეთი კი მათ სარგებლობაში არასოდეს ყოფილა (იხ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.06.2021წ. სხდომის ოქმი).

სზაკ-ის 95.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დასახელებული კოდექსის 97.1 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სადავო საკითხი განიხილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონის შესაბამისი ნორმების უგულვებელყოფით, ვინაიდან იგი საკითხის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ წარდგენილ აზომვით ნახაზსა და მოწმეთა განცხადებებს და მას სხვა სამართლებრივი ქმედებები არ განუხორციელებია საკითხის სრულყოფილად გადასაჭრელად, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა მოძიებული და მოწვეული დაინტერესებული პირები (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები - ი. და თ. ს-ეები) და შესაბამისად, არც მათი მოსაზრებები ყოფილა მოსმენილი სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ჩატარებული ადგილზე დათვალიერება და არ მომხდარა საკითხის ადგილზე შესწავლა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოებს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სპს „თ. ზ-ეისა და სხვების“ მიმართ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემული გადაწყვეტილება არ ეყრდნობოდა უტყუარად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, მოსარჩელეთა ინტერესზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, (კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო (ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, (1) სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. (2) განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. (3) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 23 იანვარს ი. ს-ეემ №... განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 22). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და ... (მესაკუთრე სპს ,,თ...’’) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და წარმოებაში მყოფ მონაცემებთან - ... შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამდენად, ამ ეტაპზე, მოსარჩელეებისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა სარეგისტრაციო დოკუმენტების არ არსებობა, არამედ, რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების არსებობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ როგორც წინამდებარე დავის ფარგლებში დადგინდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წელს სპს „თ...ს“ საკუთრების უფლების აღიარება მოხდა იმ მიწის ნაკვეთზე (450 კვ. მეტრი), რომელსაც კომპანია რეალურად არ ფლობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის მითითებას იურიდიული ინტერესის არარსებობისა შესახებ. განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელეთა ინტერესი სახეზეა, რამდენადაც სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები სადავო არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია და მიუთითებს, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს 2008 წლიდან (1994 წლიდან მართლზომიერ მფლობელობაში), შესაბამისად, 10-წლიანი ვადის გასვლის გამო სასამართლოს სარჩელი განუხილველი უნდა დაეტოვებინა (ხანდაზმულობასთან მიმართებით კასატორს იგივე საფუძვლები ჰქონდა მითითებული სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში). ამდენად, კასატორი არ მიუთითებს კონკრეტულ საფუძველს ხანდაზმულობისა, თუმცა, თუ იგი გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთ თვიან ვადას, მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეებისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ცნობილი გახდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების მიღებამდე (აღნიშნული გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის დადგინდა ზედდება). ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი, ანუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მარტის №38 ოქმის საფუძველზე გაცემული №7220 საკუთრების უფლების მოწმობა, მოსარჩელეებს ჩაბარებული ჰქონდათ და მათ გაუშვეს კანონით (სასკ-ის 22-ე და სზაკ-ის 178-ე მუხლები) გათვალისწინებული აქტის გასაჩივრების ერთ თვიანი ვადა. იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მითითება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გულისხმობს, რომ მან საკუთრების უფლება მოიპოვა, როგორც უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულმა პირმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს), ასეთ შემთხვევაშიც, კასატორის შედავება დაუსაბუთებელია, რადგან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს 15 წლის განმავლობაში რეგისტრაციას. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წელს, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2019 წელს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი შუამდგომლობს საქმეში მესამე პირად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართვას. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სპს „თ...მა“ა აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც იშუამდგომლა, რასთან დაკავშირებითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. საყურადღებოა, რომ სპს „თ...ს“ არ გამოუყენებია სასკ-ის 16.23 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაუსაჩივრებია ხსენებული საოქმო განჩინება.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართვასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებისას საქმეში მესამე პირად ჩაბმა შესაძლებელია ჩასაბმელი პირის თანხმობით და ჩაბმის არსი მდგომარეობს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენაში, ასეთი მოსაზრებების წარმოდგენა არსებითი მნიშვნელობის ვერ იქნება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. №13455016778 საგადახდო დავალებით მ. ზ-ეის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სპს „თ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. სპს „თ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. №13455016778 საგადახდო დავალებით მ. ზ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე