Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-108(კ-23) 28 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ვ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სტაჟის დადგენა, სახელფასო განაცდურის ანაზღაურება და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ვ-ემ 2019 წლის 10 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 14 მარტის №MOD21900260028 წერილის ბათილად ცნობა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა (რაც დაკავებული ჰქონდა 2004 წლის იანვრამდე), ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, გონივრული კომპენსაციის განსაზღვრა, 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების პერიოდი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარება და 2004 წლის იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სრულად დაანგარიშება და ანაზღაურება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 25 ივლისს გ. ვ-ეის და სხვათა მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 237 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში და მოსარჩელისათვის ბრალად შერაცხული ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. მოსარჩელემ ზემოხსენებული განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად მოიხადა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით სრულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მოსარჩელე გ. ვ-ე, სხვა პირებთან ერთად, ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მოსარჩელემ მიუთითა ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე, 413-ე მუხლებზე და უკანონო მსჯავრდებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ყველა იმ უფლებებში აღდგენა მოითხოვა, რაც უკანონო მსჯავრდებამდე უნდა ჰქონოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ვ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში მყოფი ...ს სამხედრო აკადემიის 1997 წლის კურსდამთავრებული ... გ. ვ-ე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 5 ივლისის №251 ბრძანების თანახმად, დაინიშნა ...ს ...ედ იმ მსმენელებსა და კურსანტებთან მუშაობის დარგში, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 30 დეკემბრის №1949 ბრძანების თანახმად, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ... გ. ვ-ე მივლინებულ იქნა სასწავლებლად რუსეთის ფედერაციის ... აკადემიის ...ში 2001 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის პირველი თებერვლის №72 ბრძანების თანახმად, ... გ. ვ-ე ჩაირიცხა დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსის განკარგულებაში, შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების წარმომადგენლის მოვალეობის დროებით შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 თებერვლის №70 წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს მე-... ...ს, ...ს ეთხოვა, რფ სძ ... აკადემიის დღის დასწრებულ ...ზე 2002 წლის 10 მარტიდან ... გ. ვ-ეის, რომელმაც 2002 წელს დაამთავრა რფ მშ-ს აკადემია, სასწავლებლად მიღება. წერილში მითითებულია, რომ დისერტაციის თემა იქნებოდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე და მათი გადაჭრის გზები“ და სწავლის საფასურის გადახდა გარანტირებული იქნებოდა კონტრაქტის შესაბამისად. რფ სძ ... აკადემიის უფროსის მოადგილის, ...ის 2002 წლის 27 თებერვლის წერილით, რფ თდ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს მე-... ...ის მოვალეობის შემსრულებელს - ...ს, მისი №335/5/646 წერილის პასუხად ეცნობა, რომ რფ სძ ... აკადემია მზად იყო მიმდინარე წლის 10 მარტიდან მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ... გ. ვ-ე დღის დაუსწრებელ ...ზე სასწავლებლად. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის, პოლკოვნიკის 2002 წლის 22 აპრილის წერილით, რფ თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს მე-... ...ს ეთხოვა, განეხილა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ... აკადემიის ... კურსის ...ის, ... გ. გი.-ს ძე ვ-ეისათვის სამოთახიანი ბინის გადაცემის საკითხი, რომლის გადახდაც განხორციელდებოდა არსებული კონტრაქტის საფუძველზე;

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის №2503 ბრძანების თანახმად, ... ზ. გ.-ის ძე უ-ეის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის საქართველოს სამხედრო ძალების მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, ... გ. გი.-ს ძე ვ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში;

- რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი პროფესიული განათლების საგანმანათლებლო დაწესებულების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 2003 წლის 6 თებერვლის №6 მოწმობის თანახმად, გ. ვ-ემ ჩააბარა საკანდიდატო გამოცდები სპეციალობით - „ოპერატიული ხელოვნება მთლიანობაში, შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარის სახეობებისა და სპეციალური ჯარების მიხედვით და მიიღო შემდეგი შეფასებები: უცხო ენა (რუსული) - ფრიადი; ფილოსოფია - „კარგი“ და სპეციალური დისციპლინა (ოპერატიულო ხელოვნება) - „კარგი“;

- ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ... გ. ვ-ეს სამხედრო სამსახურის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მსახურობდა შემდეგ პოზიციებზე: 1985-1987 წლამდე პლანშეტისტი; 1987 წლიდან - დათხოვნილია თადარიგში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით; 1992-1993 წლებში - 24-ე ბრიგადის მეთაური; 1993-1994 წლებში - თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის დარგში; 22.06.94-01.10.94 წლებში - მინისტრის მოადგილე; 03.07.1995-19.06.1997 წლებში - მსმენელი; 05.07.1997- 16.09.1998 წლებში - ...ე რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში წარგზავნილ მსმენელებთან და კურსანტებთან მუშაობის დარგში; 1998-22.06.2000 წლებში - მსმენელი; 20.07.2001 – 01.02.2001 წლებში - გაყვანილია კადრების განკარგულებაში; 07.10.2002 წლის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან და გაყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში;

- თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2004 წლის 10 იანვრიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ... წლის ...ს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (გ. ვ-ე და ე. გ-ი საქართველოს წინააღმდეგ), რომლის თანახმად, სასამართლომ მიიღო მორიგების დეკლარაცია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ცნო, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მეორე განმცხადებლის თვითმამხილებელ ჩვენებაზე არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის მორიგება და შეწყვიტა სამართალწარმოება განცხადებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენის თანახმად, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ვ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში. ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, თუმცა იგი დარჩა უცვლელი;

- გ. ვ-ემ 2019 წლის 23 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელშიც მიუთითა, რომ 2004 წლის 10 იანვარს დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიტიკური მოტივებითა და ყალბი ბრალდებით. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 25 ივლისს გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმე შემდგომი მსვლელობით წარიმართა ჯერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო შემდგომ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც საფუძველი გახდა ადგილობრივ სასამართლოს განეახლებინა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 17 ივნისს დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და დადგენილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. ასევე, მიუთითა, რომ დაკავებამდე ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. დაკავების გამო იძულებით, უკანონოდ იქნა ჩამოცილებული შრომით საქმიანობას და დაკარგა კანონით განსაზღვრული შეღავათი თუ პრივილეგია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, რომელიც დაკავებული ჰქონდა 2004 წლის იანვრის თვემდე პერიოდში; 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების პერიოდიდან) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარება; იძულებითი სახელფასო განაცდურის სრულად დაანგარიშება და ანაზღაურება 2004 წლის იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა;

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 14 მარტის №MOD 21900260028 წერილით გ. ვ-ეს ეცნობა, რომ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აღარ არსებობდა მისი კადრების განკარგულებაში გასვლამდე დაკავებული თანამდებობა (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების წარმომადგენლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არ იყო გენერლის საშტატო კატეგორიის ვაკანტური თანამდებობა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა გ. ვ-ეის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. სამინისტრომ ასევე აცნობა, რომ ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარდგენილი სხვა მოთხოვნები წარმოადგენდნენ განმცხადებლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ განსახორციელებელ სამართლებრივ ქმედებებს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა აღნიშნული მოთხოვნებიც;

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის პირველი თებერვლის №72 ბრძანების თანახმად, ... გ. ვ-ეის ბოლო დაკავებული თანამდებობა იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნული საშტატო ერთეული საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოში საფინანსო კმაყოფაზე არ იმყოფებოდა და აღნიშნული თანამდებობის სახელფასო ანაზღაურების ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებოდათ;

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 აპრილის №MOD82900394648 წერილის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს - გ. დ-ას 2019 წლის 11 აპრილის წერილის პასუხად ეცნობა, რომ გ. გი.-ს ძე ვ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის №2503 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში, ხოლო მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან/სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში არ იძებნებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე, ასევე გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესს და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო.

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად ეფუძნებოდა უკანონო მსჯავრდებას, რაც დადასტურებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ გამამართლებელი განაჩენის პირობებში არსებობდა საფუძველი იმისა, რომ, ერთი მხრივ, გ. ვ-ე აღდგენილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, რომელსაც ის იკავებდა 2004 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, გ. ვ-ეს უნდა ეღიაროს შრომის უწყვეტი სტაჟი 2004 წლის იანვრის თვიდან (დაკავების პერიოდი) იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის პერიოდამდე. ამასთანავე, რომ არა დაუსაბუთებელი მსჯავრი, არსებობდა პრეზიუმირება იმისა, რომ გ. ვ-ე გააგრძელებდა სამხედრო სამსახურს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, უკანონო მსჯავრდებიდან გამომდინარე მატერიალური (მათ შორის, მიუღებელი ხელფასის, განაცდურის) და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შესაბამისად, მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტები სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს სწორედ მითითებული დავის ფარგლებში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2002 წლის 7 ოქტომბრის №2503 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებითი მოვალეობის შესრულება არ აღემატებოდა ოთხ თვეს. საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ...ს განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ გ. ვ-ეს რაიმე თანამდებობა აღარ ეკავა. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები, სარჩელში მითითებული დასაბუთების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობების თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურებრივი მოვალეობების განუხორციელებლობა, სამსახურში გამოუცხადებლობა და ხელფასის მიუღებლობა, ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, რის თაობაზეც ცნობილია დასაქმებულისთვისაც.

საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების - სამუშაოზე აღდგენის, სტაჟის დადგენისა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების შესახებ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 14 მარტის №MOD21900260028 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, რომლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც გამორიცხავდა მითითებული მოთხოვნების (როგორც თანმდევი შედეგების) დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულების 46-ე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების მიხედვით. ამრიგად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი ბინა გადაეცემოდათ მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და მხოლოდ სამსახურებრივ სარგებლობაში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ვ-ეის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი კანონიერი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ემ. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები და მხოლოდ 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2018 წლის 28 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარება მოითხოვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში შეაფასა მოთხოვნის საფუძვლიანობა.

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, კერძოდ, შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ვ-ეს ეღიარა 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2018 წლის 28 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში შრომის უწყვეტი სტაჟი; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხზე მსჯელობისას გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დანაწესები, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე, 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალურ ქარტიის მე-4 მუხლზე, ასევე, ეროვნულ კანონმდებლობაზე, კერძოდ, გამოიყენა „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი (1993 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება“ და ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული, საკითხის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიან ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა არ შეიძლება გაგებულიყო იმგვარად, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ავტომატურად მიჩნეულიყო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმთავითვე არ გულისხმობდა 4 თვის გასვლის შემდგომ პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას. კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილად ითვლება მხოლოდ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლისა და ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის ამოწურვა არ წარმოადგენს პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად მიჩნევის უპირობო საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში არ იძებნება. ასევე დადგენილია, რომ გ. ვ-ეის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან/სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაცული არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანო გ. ვ-ეის კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის ამოწურვის (07.10.2002წ. - 07.02.2003წ.) შემდგომ პერიოდშიც ახორციელებდა აპელანტის ფულად უზრუნველყოფას. კერძოდ, ... გ. ვ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში ფულადი უზრუნველყოფით დაკმაყოფილებულია 2003 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. რაც შეეხება სწავლის შემდგომ პერიოდს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2004 წლის 10 იანვრიდან გ. ვ-ე დაკავებულ იქნა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფაქტობრივ შესრულებას, თუმცა მის მიმართ, საბოლოოდ, გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრის - გ. ვ-ეის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გამოუცემლობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ვ-ეის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად მიჩნევის საფუძველი და შესაბამისად, მისი მოთხოვნა - 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2018 წლის 28 მარტამდე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების შესახებ, ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, მართალია, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, თუმცა საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებისას ძირითადად მიუთითებს სარჩელის დასაშვებობაზე და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად გ. ვ-ეის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 14 მარტის №260028 წერილის ბათილად ცნობა, 2004 წლამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, გონივრული კომპენსაციის განსაზღვრა, 2004 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ვ-ემ მოხსნა უმეტესი სასარჩელო მოთხოვნები და დავა განაგრძო მხოლოდ 2004 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების ნაწილში, რის გამოც სარჩელი ტრანსფორმირდა აღიარებით სარჩელად. კასატორი აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში, თუკი გ. ვ-ეის სასარჩელო მოთხოვნა თავიდანვე იქნებოდა მხოლოდ სტაჟის აღიარება, პირველი ინსტანციის სასამართლო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, არ მიიღებდა ასეთ სარჩელს. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომლითაც აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ.

კასატორი დავის ძირითად არსთან - უწყვეტი სტაჟის აღიარებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მიუთითებს „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებითი მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, რის შემდეგაც პირი ითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ, გ. ვ-ეს უნდა ეღიაროს შრომის უწყვეტი სტაჟი 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2005 წლის მარტის შესაბამის რიცხვამდე (სწავლის დასრულებისთვის განსაზღვრულ თარიღამდე), ხოლო 2005 წლის მარტიდან 2018 წლის 28 მარტამდე უარი უნდა ეთქვას შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარებაზე.

საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც გ. ვ-ემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოხსნა ყველა სასარჩელო მოთხოვნა და დატოვა მხოლოდ შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარება, სარჩელი ტრანსფორმირდა აღიარებით სარჩელად, რაც, კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გამორიცხავდა სარჩელის დასაშვებობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნების შემცირებისა, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა, რა პირობებშიც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლების დაცვის საპროცესო საშუალებად სწორადაა შერჩეული საქართველოს ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის შესახებ აღიარებითი სარჩელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის ტრანსფორმირების საპროცესო მექანიზმი წარმოადგენს ყველაზე ნათელ გამოვლინებას იმისა, თუ რა ფარგლებითაა სასამართლო შეზღუდული მოსარჩელის ინტერესების გარკვევის თვალსაზრისით და როგორია პროცესში მისი როლი, რაზეც არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს....მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას, პროცესის მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას“ (სუსგ, 03.07.2018, Nბს-925-921(კ-17)). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოახდინა მოსარჩელის ინტერესის განსაზღვრა და არ არსებობს ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

რაც შეხება დავის ძირითად არსს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნათა შემცირების გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მხოლოდ 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2018 წლის 28 მარტამდე (გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების საფუძვლიანობას ამყარებს იმ არგუმენტზე, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო მსჯავრდებას, რაც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ. მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, უკანონო მსჯავრდებიდან გამომდინარე მატერიალური (მათ შორის, მიუღებელი ხელფასის, განაცდურის) და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტები სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს სწორედ მითითებული დავის ფარგლებში.

გარდა ზემოთ მითითებულისა, გ. ვ-ე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბუნებაში არ არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო გ. ვ-ეის კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური 4-თვიანი ვადის ამოწურვა ავტომატურად არ იწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას (დათხოვნას). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 5 ივლისის №251 ბრძანებით თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში მყოფი ...ს სამხედრო აკადემიის 1997 წლის კურსდამთავრებული ... გ. გი.-ს ძე ვ-ე დაინიშნა ...ს ...ედ იმ მსმენელებსა და კურსანტებთან მუშაობის დარგში, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 30 დეკემბრის №1949 ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ... გ. გი.-ს ძე ვ-ე სასწავლებლად მიევლინა რუსეთის ფედერაციის ... აკადემიის ...ში 2001 წლის 1 იანვრიდან სამი წლის ვადით; საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, მართალია, ზემოთ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, სასწავლებლად მივლინებული უნდა ყოფილიყო 2001 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით, თუმცა, რეალურად, სასწავლებელში ჩაირიცხა 2002 წლის 10 მარტიდან. შესაბამისად, სწავლა უნდა დაესრულებინა 2005 წლის მარტში; ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის პირველი თებერვლის №72 ბრძანებით, ... გ. გი.-ს ძე ვ-ე ჩაირიცხა დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსის განკარგულებაში, შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის №2503 ბრძანებით კი, ირკვევა, რომ ... ზ. გ.-ის ძე უ-ეის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის საქართველოს სამხედრო ძალების მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნამ განაპირობა ... გ. გი.-ს ძე ვ-ეის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში გადაყვანა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №1012436 წერილის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ ... გ. გი.-ს ძე ვ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში ფულადი უზრუნველყოფით დაკმაყოფილებულია 2003 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

დადგენილია, რომ გ. გი.-ს ძე ვ-ე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ იქნა 2004 წლის 10 იანვარს. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2004 წლის 10 იანვრიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ... წლის ...ს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება („გ. ვ-ე და ე. გ-ი საქართველოს წინააღმდეგ“), რომლის თანახმად, სასამართლომ მიიღო მორიგების დეკლარაცია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი. დეკლარაციით, საქართველოს მთავრობამ ცნო, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მეორე განმცხადებლის თვითმამხილებელ ჩვენებაზე არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის მორიგება და შეწყვიტა სამართალწარმოება განცხადებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენის თანახმად, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ვ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში. ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელი.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესს. ეს დებულება წარმოადგენს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონქვემდებარე აქტს, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს შემდეგი პირებისთვის: ა) სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა (ზემდეგებისა) და ზემდეგებისათვის (მიჩმანებისათვის); ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის; გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის; დ) სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის; ე) ოფიცერთა შემადგენლობისათვის. ამავე დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო მოსამსახურეებზე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებითი მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის ამოწურვა არ წარმოადგენს პირის დათხოვნილად მიჩნევის უპირობო საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ხსენებულ ნორმაში საუბარია ზღვრული ასაკის მიღწევასთან, ავადმყოფობასთან, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერზე, რაც გამორიცხავს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას. ამდენად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის სავალდებულო წესით სამსახურში დანიშვნას მითითებული დებულება არ ითვალისწინებს. აღნიშნული არ არის გათვალისწინებული აგრეთვე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის №2503 ბრძანების თანახმად, ... ზ. გ.-ის ძე უ-ეის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის საქართველოს სამხედრო ძალების მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნამ განაპირობა ... გ. გი.-ს ძე ვ-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და თავდაცვის სამინისტროს ...ს განკარგულებაში გადაყვანა. შესაბამისად, უსაფუძვლოა, მოსარჩელის მითითება, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რომ არა სწავლის გაგრძელება და შემდეგ უკანონო პატიმრობა, ის აუცილებლად გააგრძელებდა მუშაობას თავდაცვის სამინისტროში. უფრო მეტიც, გ. ვ-ე დროებით მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული აღნიშნულ თანამდებობაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა - სწავლის დასრულებისთვის განსაზღვრული თარიღიდან (2005 წლის მარტი) გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე (2018 წლის 28 მარტი) შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების ნაწილში, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მით უფრო მაშინ, როდესაც გ. ვ-ე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა არა სასწავლებლად მივლინების ან უკანონო მსჯავრდების გამო, არამედ სულ სხვა საფუძვლით - ... ზ. გ.-ის ძე უ-ეის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის საქართველოს სამხედრო ძალების მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო. ამდენად, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, დგინდება, რომ სასწავლებლად მივლინებასა და კადრების განკარგულებაში გადაყვანას შორის კავშირი არ არსებობს, რაც გამორიცხავს ერთსა და იმავე საფუძვლით შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარებას.

რაც შეეხება სწავლის პერიოდის შრომის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას აღნიშნულ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: კერძოდ, საქმეში დაცული რფ სძ ... აკადემიის ...ის, ...ის 2002 წლის 27 თებერვლის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ რფ სძ ... აკადემია მზად იყო 2002 წლის 10 მარტიდან მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ... გ. გი.-ს ძე ვ-ე დღის დაუსწრებელ ...ზე სასწავლებლად. მითითებული წერილისა და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელე, მართალია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 30 დეკემბრის №1949 ბრძანების საფუძველზე სასწავლებლად მივლინებულ უნდა ყოფილიყო 2001 წლის 1 იანვრიდან სამი წლის ვადით, თუმცა რეალურად სასწავლებელში ჩაირიცხა 2002 წლის 10 მარტიდან და სწავლა უნდა დაესრულებინა 2005 წლის მარტის თვეში. აღსანიშნავია, რომ სწორედ სასწავლებლად მივლინების პერიოდში - 2004 წლის 10 იანვარს, გ. ვ-ე დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის წესით, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა საბოლოოდ, მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რაც სწორედ შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების მოთხოვნის საფუძველი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის სტაჟი მოიცავს სწავლის პერიოდს, თუ პირი გაგზავნილი იყო სასწავლებლად დაწესებულების მიერ ან უკვე ჰქონდა სამსახურის სტაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ვ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარგზავნილი იყო სასწავლებლად ...ს აკადემიაში, ამასთან, სწავლის პერიოდში მას წაეყენა დაუსაბუთებელი ბრალი, ხოლო მოგვიანებით, ასევე დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული ამავე ბრალისათვის, გ. ვ-ეს არამართლზომიერად შეუწყდა შრომის სტაჟი. ამდენად, გამამართლებელი განაჩენის პირობებში, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მას უნდა ეღიაროს შრომის უწყვეტი სტაჟი 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების დრო) სწავლის დასრულებისთვის განსაზღვრულ პერიოდამდე (2005 წლის მარტი). საკასაციო პალატის განმარტებით, რომ არა დაუსაბუთებელი მსჯავრი, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ გ. ვ-ე გააგრძელებდა სწავლას განსაზღვრულ თარიღამდე, თუმცა, ამავდროულად, საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ... გ. გი.-ს ძე ვ-ე აუცილებლად დაბრუნდებოდა თავდაცვის სამინისტროს სტურქტურაში შესაბამის პოზიციაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ სწავლის პერიოდში მას უნაზღაურდებოდა კუთვნილი თანხა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2019 წლის 27 მარტის №MOD 31900306730 წერილის თანახმად, ...ში სწავლის პერიოდში ... გ. გი.-ს ძე ვ-ეის თანამდებობრივი სარგო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 30 ოქტომბრის №302 ბრძანების შესაბამისად, შეადგენდა 109.96 აშშ დოლარს. ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 09.10.2018 წლის N1012436 წერილის თანახმად, დასტურდება, რომ ... გ. გი.-ს ძე ვ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში ფულადი უზრუნველყოფით დაკმაყოფილებულია 2003 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შრომის უწყვეტი სტაჟის სრულად აღიარების ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება კი შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების ნაწილში არასწორია. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება შრომის უწყვეტი სტაჟის სრულად აღიარების შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ვ-ეის სარჩელი შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გ. ვ-ეს ეღიაროს შრომის უწყვეტი სტაჟი 2004 წლის 10 იანვრიდან (დაკავების მომენტიდან) 2005 წლის მარტის შესაბამის რიცხვამდე (სწავლის დასრულებისთვის განსაზღვრულ თარიღამდე), ხოლო 2005 წლის მარტიდან 2018 წლის 28 მარტამდე უარი ეთქვას შრომის უწყვეტი სტაჟის აღიარებაზე;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე