Facebook Twitter

№ბს-676(კ-22) 20 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; მესამე პირი - სს „ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უცხოური საწარმოს ფილიალმა „გ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 6 აგვისტოს ოქმი №5 (ტენდერზე №...), რომლითაც მოხდა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 9 აგვისტოს ოქმი №8 (ტენდერზე №...), რომლითაც მოხდა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 12 აგვისტოს ოქმი №5 (ტენდერზე №...), რომლითაც მოხდა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განმხილველი საბჭოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ №...(...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განმხილველი საბჭოს 2019 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ №...(...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განმხილველი საბჭოს 2019 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ №...(...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით №3/7021-19 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმულ იქნა სს „ა...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულად უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რომლითაც მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია კასატორის დისკვალიფიკაციის საფუძველი, რომელიც სადავო აქტის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას გულისხმობს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც აკმაყოფილებდა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ნამდვილი იყო და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში და ნამდვილობის დასადასტურებლად არაოფიციალურ გზას მიმართა, იმ პირობებში, როდესაც თავად შემსყიდველი ორგანიზაცია უგულებელყოფდა პრეტენდეტის მიერ მსგავსი გზით მოპოვებულ დოკუმენტებს. როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, მათ წერილობით მიმართეს მექსიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ...ს შტატის მთავრობას და მოითხოვეს მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება. აღნიშნული გამოითხოვეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით და პასუხიც მიიღეს ელექტრონულად, თუმცა უცნობია, თუ ვინ წარმოადგენდა დოკუმენტის მიმღებს და ასევე, ვინ გამოაგზავნა აღნიშნული კორესპონდენცია, რადგან ელექტრონული საშუალებით მიღებული დოკუმენტის ნამდვილობა სადავოა. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია დაეყრდნო უცნობი წყაროს მიერ გამოგზავნილ წერილს, რომლის ნამდვილობა საეჭვოა და გაიზიარა მასში მითითებული ბუნდოვანი განმარტებები. გადამოწმების სხვა მეთოდისთვის მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუმართავს. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, კორესპონდენციები და ა.შ.), რომლებიც მათ მიერ არ იქნა გაზიარებული. შეუძლებელია, არანამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო ანგარიშიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ჩარიცხული ყოფილიყო თანხები.

კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ ოფიციალურად იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია თურქეთში, ანკარაში მდებარე მექსიკის საელჩოს მეშვეობით, რომელიც ერთადერთ კანონიერ წყაროს წარმოადგენს ოფიციალური ურთიერთობებისთვის. წერილის პასუხად 2019 წლის 29 აგვისტოს თურქეთში, ანკარაში მდებარე მექსიკის საელჩოს გავლით მიღებულ იქნა მექსიკის ...ს შტატის მთავრობის წერილი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მექსიკაში მდებარე ...სა და ... შორის გზების სამშენებლო სამუშაოები წარმატებით შესრულებულია კასატორის მიერ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტები, კერძოდ, ...ში ანგარიშიდან ამონაწერი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება დამოწმებულია აპოსტილით, რომელიც გამორიცხავს საეჭვოობას, ასევე, კასატორის მიერ ჩატარებულია ტექნიკური ექსპერტიზა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის და 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებით, უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 3 მაისის №1 სხდომის ოქმით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ... აუქციონის გარეშე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185+000 - კმ192+200 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 12 357 575.00 ლარი დღგ-ის ჩათვლით. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტების გამოცდილების მიმართ განსაზღვრა შემდეგი მოთხოვნები: 1) პრეტენდენტს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა; 2) ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებად განისაზღვრა: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის ან/და პერიოდული შეკეთების ან/და სტიქიის სალიკვიდაციო ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის ვაკისისა და საფარის მოწყობას. ანალოგიური გამოცდილების საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე. წინადადებების მიღების თარიღად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისამდე (ტ.1, ს.ფ 30-45); ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 29 მაისის №1 სხდომის ოქმით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ... მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში (საქართველი-სომხეთის საზღვარი), II უბანზე მდინარე ...ს ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 622 219.00 ლარი დღგ-ის ჩათვლით. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტების გამოცდილების მიმართ განსაზღვრა შემდეგი მოთხოვნები: პრეტენდენტს საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებად განისაზღვრა: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაცია ან/და სტიქიის სალიკვიდაციო ან/და პრევენციის ან/და ნაპირსამაგრი სამუშაოები. ანალოგიური გამოცდილების საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა: პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე. წინადადებების მიღების თარიღად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 25 ივნისამდე (ტ.1, ს.ფ 54-69); გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 20 ივნისის №1 სხდომის ოქმით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ... შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165-კმ177 (საპროექტო მონაკვეთი პკ 220+000-პკ 350+000) მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 9 445 003.00 ლარი დღგ-ის ჩათვლით. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტების გამოცდილების მიმართ განსაზღვრა შემდეგი მოთხოვნები: პრეტენდენტს საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 2 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებად განისაზღვრა: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის ან/და პერიოდული შეკეთების ან/და სტიქიის სალიკვიდაციო ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას. ანალოგიური გამოცდილების საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა: პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე. წინადადებების მიღების თარიღად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 15 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ 80-95); დ) უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...მა’’ ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დასაკმაყოფილებლად ტენდერში წარადგინა დანართი №3, სადაც მითითებული იყო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები (ხელშეკრულების საგანი: ...სა და ... შორის სატრანსპორტო გზატკეცილის მშენებლობა 000+00 – 43+000, სახელშეკრულებო ღირებულება 225 376 386,51 ლარი, დამკვეთი მექსიკის კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ხელშეკრულების დადების თარიღი 2011 წლის 15 სექტემბერი, ხელშეკრულების ნომერი .... უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...მა“ დანართი №3-ში მითითებულ სამუშაოზე წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: საკონტრაქტო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება (მექსიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტრო ...ს შტატის მთავრობა) ხელშეკრულების დადების თარიღი 2011 წლის 15 სექტემბერი, ხელშეკრულების ნომერი ..., ესპანურ ენაზე და მისი ქართული თარგმანი; 2015 წლის 7 ოქტომბრის №2013-1453 დოკუმენტი 2011 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებაში - სავარაუდო ღირებულების ზრდის შესახებ (კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამდივნო), ესპანურ ენაზე და მისი ქართული თარგმანი; ...სა და ...ს შორის შესრულებული საგზაო-სამშენებლო სამუშაოების საბოლოო მონაცემები, შესრულებული ესპანურ ენაზე და მისი ქართული თარგმანი; 2017 წლის 10 მარტის დოკუმენტი (კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამდივნო); ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. საკონტრაქტო მომსახურების გაწევის შესახებ 2011 წლის 15 სექტემბრის №... ხელშეკრულებასა (შესრულებული ესპანურ ენაზე) და მის ქართულ თარგმანზე მხარედ მითითებულია: დამკვეთი - მექსიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (საფოსტო მისამართზე: ..., ..., ..., ..., საფოსტო კოდი ...), კონტრაქტორი - შპს „გ...“ (ესპანურ ვერსიაში: G...). დოკუმენტი ხელმოწერილია დირექტორის მიერ, რომელიც ესპანურენოვან დოკუმენტში მითითებულია, როგორც „Ge...-ს“ დირექტორი (ტ.1, ს.ფ 112-246); ე) სატენდერო კომისიამ, ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაემოწმებინა, პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა და მათი დადასტურების მიზნით, 2019 წლის 2 ივლისს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით №2-08/9037 წერილით მიმართა მექსიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ...ს შტატის მთავრობას (მისამართი: ..., ..., ..., ..., საფოსტო კოდი ...). წერილში აღნიშნულია, რომ ... ტენდერში მონაწილეობას იღებდა შპს „გ...-ის“ საქართველოს ფილიალი, რომლის სათავო კომპანია დარეგისტრირებულია თურქეთის რესპუბლიკაში (მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ...ს რაიონი, ...ის უბანი, ... ... ქ. №... ვლასი, ს/კ ... რეგისტრაციის თარიღი: 8.03.1976 წ). ადრესატს ასევე დეტალურად ეცნობა, რომ სატენდერო პირობებით განსაზღვრული, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პრეტენდენტმა წარადგინა მათსა და შპს ,,გ...ს’’ შორის, 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული №... ხელშეკრულება (1-...დან-...ს შორის სატრანსპორტო გზატკეცილის მშენებლობა: 000+00-43+000, გარდა ამისა განახორციელოს ახალი გზების დამაკავშირებელი გზების სამუშაოები. სახელშეკრულებო ღირებულება 1 583 732 700 მექსიკური პესო), რომელიც ხელმოწერილია მექსიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტის გენერალური დირექტორის, ქალბატონი ი. კ. კ-ოს მიერ. იმის გამო, რომ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო პროცედურების მიმდინარეობა შეზღუდულია ვადებით, მექსიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ...ს შტატის მთავრობას ეთხოვა, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წერილობით ეცნობებინა, როგორც ელექტრონულ მისამართზე, ასევე, მატერიალურად, ნამდვილად გააფორმა თუ არა შპს „გ...თან“ 2011 წლის 15 სექტემბერს №... ხელშეკრულება, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხის, ვადებისა და ღირებულების შესახებ (ტ.1, ს.ფ 247-248); ე) იმის გამო, რომ მექსიკის შესაბამისი უწყების მიერ, მისთვის დროულად არ იქნა მოწოდებული შესაბამისი პასუხი, მოპასუხემ ... ელექტრონული ტენდერის პროცედურა წარმართა და ამ დროისათვის მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის განხილვის შედეგად ... ტენდერში 2019 წლის 26 ივლისის №4 ოქმით სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ი“ (ტ.1, ს.ფ 70-74); ვ) საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მექსიკის შეერთებული შტატების კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამდივნოდან მიიღო 2019 წლის 15 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელსაც თან ერთვოდა, ...ს კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის ცენტრის გენერალური დირექტორის 2019 წლის 12 ივლისის წერილი. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ 2011 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული ხელშეკრულება არის აპოკრიფული და მათ ამ დოკუმენტის გაანალიზებით იპოვეს შემდეგი უზუსტობები: 1. ოფიციალური შტამპი არ შეესაბამება 2006-2012 წლების ფედერალურ ადმინისტრაციას, როდესაც იყო სავარაუდოდ ხელმოწერილი, ოფიციალური შტამპი შეესაბამება 2000-2006 წლების ფედერალურ ადმინისტრაციას, ხუთი წელი იმ თარიღამდე, როცა ხელშეკრულებას სავარაუდოდ მოეწერა ხელი. 2. ხელშეკრულება არ შეესაბამება ხელშეკრულების ნიმუშებს, რა დროსაც მოცემულ ქვეგანყოფილებას სამართლებრივი უფლება გააჩნია დადოს ხელშეკრულება კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ან მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე. 3. სახელმწიფო ფედერალური ორგანული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, „კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამინისტრო“ ...ში არის შტატის სამდივნო და მისი ოფიციალური აღნიშვნა არის „კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამდივნო“. დოკუმენტებში არის მოხსენებული როგორც „სამინისტრო“, რომელიც არ არის სწორი. 4. ხელშეკრულება ნომრით №... სავარაუდო ხელმომწერი არის „ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის ტრანსპორტის გენერალური დირექტორი“, ასეთი თანამდებობა კი ამ სამდივნოს შიგნით არარსებულია და ოფიციალური აღნიშვნა ამ სამინისტროსთვის არის „სამდივნო“. 5. გარდა ამისა, ამ სამდივნოს მხრიდან სახელშეკრულებო სამუშაოები შესრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის ...-..., მისის გზის მონაკვეთზე ...-..., გზის მონაკვეთზე: მდებარე 0+000 კილომეტრიდან 44+900 კილომეტრამდე, რომელიც მოიცავს ...ს 22.5 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო მონაკვეთებს (მოქმედებისას) მდებარე 0+000 კილომეტრიდან 22+500 კილომეტრამდე, რომელიც მოიცავს 5 მაისის პუნქტებს, 0+000 კილომეტრში, 5.788 კილომეტრი სიგრძიდან. მორელოს 8+560 კილომეტრში 7.495 სიგრძის კილომეტრიდან, ლასარო კარდენას 19+545 კილომეტრში, 3.869 სიგრძის კილომეტრიდან და გაბარიტებს 20+405 კილომეტრში 3,518 სიგრძის კილომეტრიდან და დუნაგოს გამოსასვლელი - 24,4 სიგრძის ...ს პუნქტი მდებარე 22+500 კილომეტრიდან 44+900 კილომეტრამდე, რომელიც მოიცავს ...ს პუნქტს 44+437 კილომეტრში 3,169 კილომეტრიდან, იგივე, რაც განხორციელდა სხვადასხვა ეროვნული ფირმების მიერ, 2003 წლიდან 2006 წლამდე და არ შესრულებულა სამუშაოები ფირმა G... და/ან Ge... შპს-ს მიერ და რომლის გადაცემა - მიღება განხორციელდა 2007 წელს დაწესებულება სახელწოდებით ძირითადი ფედერალური გზების და ხიდები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათი მოქმედებისთვის.“ (ტ.1, ს.ფ 249-261); ზ) სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 31 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მექსიკის შეერთებული შტატების კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამდივნოდან შემოსული წერილით, რომელსაც თან ერთვოდა ...ს კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის ცენტრის გენერალური დირექტორის წერილი, ეჭვქვეშ დგება პრეტენდენტის მიერ, წინადადების მიღების ეტაპზე ატვირთული დოკუმენტების სისწორე და არ დასტურდება მათი ნამდვილობა. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული საეჭვო დოკუმენტები სისტემაში ატვირთულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი სათანადო გამოცდილების ქონის დასაკმაყოფილებლად და შემდგომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ დაირღვა აფიდავიტის პირობები, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, სატენდერო კომისიის 2019 წლის 6 აგვისტოს №5 (...), სატენდერო კომისიის 2019 წლის 9 აგვისტოს №8 (...) და სატენდერო კომისიის 2019 წლის 12 აგვისტოს №5 (...) ოქმებით, დისკვალიფიკაცია მიენიჭა უცხოური საწარმოს ფილიალ „გ...ს“ (ტ.1, ს.ფ 49-53, 75-79, 99-103); თ) უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...მა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 6 აგვისტოს №5 (...), 2019 წლის 9 აგვისტოს №8 (...) და 2019 წლის 12 აგვისტოს №5 (...) ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრებით - ...(...), ...(...), ...(...) გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში და მოითხოვა მათი გაუქმება (ტ.4, 79-90, 100-102, 120-122); ი) საჩივრის ავტორმა - უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...მა“ დავების განხილვის საბჭოში წარადგინა მისი მიმართვის საფუძველზე ჩატარებული 2019 წლის 13 აგვისტოს №005692119 ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის ინიციატორის - უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ იქნა შემდეგი კითხვა: „დოკუმენტზე №... (Contrato de prestacion de servicios de contratacion) მეორე გვერდზე დატანილი ორი ხელმოწერა და ორი შტამპი და ბოლო გვერდზე (უკან) დატანილი ზედა შტამპი; დოკუმენტი „Informe De Progreso Devengado“ პირველ გვერდზე დატანილი მესამე შტამპი; დოკუმენტი №22 (Acta Sobre La Aceptacion De Los Trabajos) ბოლოში დატანილი წითელი შტამპი, ხელმოწერა და ლურჯი შტამპი; დოკუმენტი „S...“- ისგან დატანილი მარცხენა მხარის ხელმოწერა და შტამპი, ასევე მეორე მრგვალი შტამპი, გთხოვთ, დაჩქარებული წესით გამოიკვლიოთ მათი დატანის წესი (ნამდვილობა).“ ექსპერიზის დასკვნაში მითითებულია, რომ: 1) „გამოსაკვლევად წარმოდგენილ საბუთზე, სახელწოდებით „Contrato de prestacion de servicios de contratacion“, №..., 15.09.2011 მეორე გვერდზე განთავსებული ორი შტამპის ანაბეჭდი და ამავე საბუთის უკანა გვერდის ზედა ნაწილში განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი; საბუთზე „Informe De Progreso Devengado“, 31.05.2017 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ცხრილში, სახელწოდებით „CONTROLADO POR” (მესამე გრაფა) განთავსებული შტამპის ანაბეჭდი; საბუთზე „Acta Sobre La Aceptacion De Los Trabajos“ №22, 13.02.2017 წლის თარიღით, პირველი გვერდის ქვედა შუა ნაწილში განთავსებული შტამპის ანაბეჭდი და მოწითალო ფერის ბეჭდის ანაბეჭდი და საბუთზე “S...” პირველი გვერდის მარცხენა ქვედა ნაწილში განთავსებული შტამპის ანაბეჭდი და შუა ნაწილში განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი არ არის დატანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდებით და შტამპებით; 2) „გამოსაკვლევად წარმოდგენილ საბუთზე, სახელწოდებით „Contrato de prestacion de servicios de contratacion“, №..., 15.09.2011 მეორე გვერდზე განთავსებული 3 ხელმოწერა; საბუთზე „Informe De Progreso Devengado“, 31.05.2017 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ცხრილში, გრაფაში სახელწოდებით „CONTROLADO POR” (მესამე გრაფა) განთავსებული ხელმოწერა; საბუთზე „Acta Sobre La Aceptacion De Los Trabajos“ №22, 13.02.2017 წლის თარიღით, პირველი გვერდის ქვედა შუა ნაწილში განთავსებული ხელმოწერა და საბუთზე “S...” პირველი გვერდის მარცხენა ქვედა ნაწილში განთავსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით (პრინტერი, სკანერი და სხვა), არამედ შესრულებულია საწერი საშუალებებით.“ (ტ.1, ს.ფ 262-281); კ) 2019 წლის 23 აგვისტოს უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...მა“ წერილით მიმართა დავების საბჭოს, სადაც აღნიშნულია თხოვნა, რომ „სისტემაში აიტვირთოს თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ანკარაში მდებარე მექსიკის საელჩოდან მიღებული წერილი, სადაც საუბარია, რომ წერილზე სამწუხაროდ პასუხი ჯერ არ არის: აღნიშნულ თხოვნას თან ერთვის მექსიკის საელჩოს 2019 წლის 20 აგვისტოს წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ თურქული კომპანია შპს „გ... ...ის“ თხოვნით, საელჩომ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოითხოვა 2019 წლის 15 ივლისის წერილის DGV/1.3-060/2019 ნამდვილობის დადასტურება. საელჩოს ჯერ პასუხი არ მიუღია ამ მოთხოვნაზე (ტ.1, ს.ფ 282-286); ლ) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საჩივარი №...(...)), 2019 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საჩივარი №...(...)), 2019 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საჩივარი №...(...)), უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ი“-ს საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა (ტ.4, 91-99, 103-110, 123-130); ვ) საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 28 აგვისტოს წერილი, შედგენილი ...ს შტატის მთავრობის მიერ, ადრესატად მითითებულია თურქეთში მექსიკის საელჩოს პოლიტიკური ატაშე ფ. ა. გ-ი. წერილში აღნიშნულია შემდეგი: „კონსულტაციის პასუხად გაწვდით ინფორმაციას ...სა და ... შორის გზების მშენებლობის სამუშაოების თაობაზე (კმ 000+00-43+000). აღნიშნული სამუშაო ხორციელდება ჩვენი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ. ამ მიზნით, მოცემული არქივის მონაცემები აღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებით ფიგურირებს ჩვენს არქივშიც, სამინისტრომ მიიღო არასრული ინფორმაცია წინა კორესპონდენციის დარღვევით. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები შესრულდა წარმატებით G...-ის მიერ“ (ტ.1, 312-319).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული „წესის“ 32-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების პირობებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის, მითითებული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ მითითებული გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. საქმეში წარმოდგენილი მასალები ვერ აქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამდივნოს ოფისის გენერალური მისამართი არის ქალაქი ... და წარმოდგენილი კომუნიკაცია სწორედ ქართული მხარის მიერ ამ სამდივნოში განხორციელდა, საქმეში არსებული დოკუმენტები და მათ შორის DGV-1.3-060-2019 წერილი ცალსახად მიუთითებს, რომ ქართული მხარის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება გაგზავნილ იქნა ...ს შტატში, ხოლო ...ს კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის ცენტრის გენერალური დირექტორის ა. ს. დ. ნ-ის 2019 წლის 12 ივლისის წერილი, რომელიც მოსარჩელესთან აღნიშნული ხასიათის ურთიერთობას გამორიცხავს, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამდივნოს ოფისის მეშვეობით (მდებარე ქ....) იგზავნება საქართველოში, კონკრეტულ მეილზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი საქმეში წარმოდგენილი კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამდივნოს 2019 წლის 15 ივლისით დათარიღებული ოფიციალური წერილისა და ელექტრონული მიმოწერის ეჭვქვეშ დაყენებისთვის.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 აგვისტოს №005692119 დასკვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა არ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას 2011 წლის 15 სექტემბერს ხელშეკრულების დადებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შტამპებისა და ბეჭდების ანაბეჭდები დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდებითა და შტამპებით, ასევე ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალებებით, ვერ აქარწყლებს კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამდივნოს 2019 წლის 15 ივლისით დათარიღებულ წერილში მითითებულ გარემოებებს ხელშეკრულების აპოკრიფულობასთან (არასანდოობასთან) მიმართებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ...ს შტატის მთავრობის 2019 წლის 28 აგვისტოს წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოები შესრულდა წარმატებით G...-ის მიერ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მომართვა არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს 2011 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებასთან, სამუშაოების შესრულების პერიოდთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს 2011 წლის 15 სექტემბერს ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება;

3. უცხოური საწარმოს ფილიალი „გ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით ჯ. ჭ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე