Facebook Twitter

№ბს-543(2კ-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

კასატორები – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე), მ. ც-ე (მოსარჩელე) და ე. ნ-ე (მესამე პირი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ნ-ე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე - მ. ც-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა; ბ) მ. ც-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. განაცხადი წარადგინა შვილთან - ე. ნ-ესთან ერთად. შეფასების შედეგად მ. ც-ესა და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; საბოლოდ - 4.50 ქულა; გ) 2020 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელის მიერ დაზუსტების შედეგად მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დას. ... ქუჩა, სახლი №8-ში განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ თავად მ. ც-ე, რომელმაც მიუთითა, რომ მისი შვილი - ე. ნ-ე ქალაქში იყო გასული მეგობართან. მ. ც-ეის განმარტებით, ის და მისი შვილი ცხოვრობდნენ ქირით უკვე 2 წლის და 2 თვის მანძილზე და იხდიდნენ ქირას 220 ლარს. მანამდე ცხოვრობდნენ თბილისში, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ №..., ბინა №...-ში ქირით. უფრო ადრე 1993 წელს კი, ნათესავებთან ქირის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ამჟამად ნაქირავები ჰქონდათ პირველ სართულზე ერთი ოთახი. ბინის მესაკუთრე იყო მ. ბ-ი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში მეორე სართულზე. განმცხადებლის განმარტებით, მასთან ჰქონდა ნათესაური კავშირი. ქირის ფაქტი დაადასტურა სახლის მფლობელის დედამ - ხ. ბ-იმა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა - ლ. ც-ე გარდაცვლილი იყო, ხოლო დედა - ნ. ა-ი და ძმა - ა. ც-ე ცხოვრობდნენ მისამართზე - თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ №..., ბინა №...-ში, რომელიც იყო დედის საკუთრება. მეუღლესთან - ლ. ნ-ესთან ერთად იცხოვრა ერთი წლის მანძილზე 1997 წელს. რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან. მეუღლე ცხოვრობდა სამტრედიაში, სოფელ ...ში, საკუთარ სახლში. გარდაიცვალა 2014 წელს და დაკრძალული იყო სამტრედიაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წლიდან მეუღლესთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც მის დედმამიშვილებს იცნობდა. მეუღლის სახლში ამჟამად ვინ ცხოვრობდა არ იცოდა. 2021 წლის 22 მარტს, დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ №..., ბინა №..., სადაც მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ბინა იყო დაკეტილი. გასაუბრება მოხდა მეზობელთან, რომელმაც კარი არ გააღო, თუმცა განმარტა, რომ მ. ც-ე ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ. №..., ბინა №.... მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები ასევე გამოცხადნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ. №..., ბინა №.... აღნიშნულ მისამართზეც არავინ იმყოფებოდა. გასაუბრება მოხდა მეზობელთან, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა. მეზობელმა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ მ. ც-ე აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და გადასული იყო ქირით სხვა სახლში საცხოვრებლად, თუმცა მისამართი არ იცოდა; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო; ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), მ. ც-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ქ. თბილისში, მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საკითხის განხილვის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-6 მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე - მ. ც-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის დას. ... ქუჩა, სახლი №8) განხორციელებული მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა მ. ც-ეისა და მისი ოჯახისათვის მინიჭებულ ქულებზე (4.50 ქულა). ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 გადაწყვეტილებით მ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, თუმცა გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო კომისია აღნიშნული დასკვნის მიღების დროს, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მის შვილთან ერთად წარმოადგენს ცალკე ოჯახს. ამასთან, საყურადღებოა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი საბანკო გადახდის ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის (ქ. თბილისი, ...ის დას. ... ქუჩა, სახლი №8) მესაკუთრეს - მ. ბ-ის, მ. ც-ეის ცხოვრებისთვის ქირის თანხას უხდის აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო (ტ. I, ს.ფ. 152-155). ასევე წარმოდგენილია სს „ლ...ის“ ანგარიშის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ც-ეის ოჯახს, ...ში, მისი დედის მეზობლად, ქირით ცხოვრების დროს, აღნიშნულ თანხას სწორედ მოპასუხე უხდიდა (ტ. I, ს.ფ. 156-172). სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა გარეშე დაადგინა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ და ე. ნ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით აპელანტების - მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტებმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებზე, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 20.1 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08/04/2021 №01-30/ნ ბრძანებით) პირველ მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ – დანართი №1; „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6; „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №7; „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №8. ასევე, შეიქმნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდა დანართი №12-ის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08/04/2021 №01-30/ნ ბრძანებით) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-6 მუხლზე, ასევე, ,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №12) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 3.2, 4.5, 5.4 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლზე, მოცემული ბრძანების დანართი №10-ის („დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება“) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. ც-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, სოხუმი, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ. №..., ბინა №..., სარეგისტრაციო №...; მ. ც-ეის დევნილი ოჯახი შედგება: 1) თავად - მ. ც-ე; 2) შვილი - ე. ნ-ე (დაბ. ...წ.). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, ოჯახი შეფასებულია 4.50 ქულით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.06.2020 წლის (ოქმი №30), 15.10.2020 წლის (ოქმი №59), 25.01.2021 წლის (ოქმი №3) და 20.04.2021 წლის (ოქმი №27) გადაწყვეტილებების საფუძველზე, მ. ც-ეს გამოეყო (გაუგრძელდა) ფინასური დახმარება დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით, სამი თვის ვადით (ს.ფ. 230-246).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მ. ც-ე (განაცხადით გათვალისწინებული პირი, შვილი - ე. ნ-ე), როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი) ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), მ. ც-ეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ოჯახის ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, მოსარჩელის დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე - ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარასებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ განახორციელა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1193 განაცხადის მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა, ამასთან, ქ. თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად, შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას. ამავდროულად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით 4.50 ქულით შეფასებული მ. ც-ეის დევნილი ოჯახი არ იქნა დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და ეთქვა უარი „დედის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო“.

სააპელაციო პალატა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, მ. ც-ეის დედის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შესახებ. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული დევნილი ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი, აგრეთვე აღნიშნული მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს პერიოდულად გამოეყოფა (უგრძელდება) ფინასური დახმარება დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) სხვის საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს დედის ალტერნატიული საცხოვრებელის არსებობის ფაქტი. ამასთან, მშობლის საცხოვრებელი ფართის არსებობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით... საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო...“ (სუს 23.12.2021წ. №ბს-900(კ-21), 22.07.2021წ. №ბს-83(კ-21), 25.03.2021წ. №ბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებები, დასკვნები, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, ასევე არასრულად განმარტა კანონი. ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მხოლოდ ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა დამატებით რა უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა, კერძოდ, 2020 წლის 9 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე და შეივსო შესაბამისი მონიტორინგის ფორმა. მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ შვილი - ე. ნ-ე ქალაქში იყო გასული მეგობართან. ცხოვრობენ ქირით უკვე 2 წლის და 2 თვის მანძილზე და იხდიან ქირას 220 ლარს. მანამდე ცხოვრობდნენ ქირით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ №3, ბინა №...; უფრო ადრე 1993 წლიდან - ნათესავებთან ქირის გარეშე. ნაქირავები აქვს პირველ სართულზე ერთი ოთახი, თუმცა აქვს სამზარეულო. ბინის მესაკუთრე არის მ. ბ-ი და ცხოვრობს იმავე სახლის მეორე სართულზე. აცხადებს, რომ მასთან არ აქვს ნათესაური კავშირი. მოსარჩელის მიერ ქირის გადახდის ფაქტი დაადასტურა სახლის მფლობელის დედამ - ხ. ბ-იმა. მოსარჩელის მამა - ლ. ც-ე გარდაცვლილია, ხოლო დედა - ნ. ა-ი და ძმა - ა. ც-ე ცხოვრობენ მისი რეგისტრაციის მისამართზე - თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ №..., ბინა №... (ს/კ ...), რომელიც არის დედის საკუთრება. მეუღლესთან - ლ. ნ-ესთან ერთად იცხოვრა ერთი წლის განმავლობაში, 1997 წელს. მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. მეუღლე ცხოვრობდა სამტრედიაში, სოფელ ...ში, საკუთარ სახლში. გარდაიცვალა 2014 წელს და დაკრძალულია სამტრედიაში. განმარტავს, რომ 1998 წლიდან მეუღლესთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც მის დედმამიშვილებს იცნობს. არ იცის, ამჟამად ვინ ცხოვრობს მეუღლის სახლში. 2021 წლის 22 მარტს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე - თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ. №..., ბინა №..., სადაც მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ბინა დაკეტილი იყო. გასაუბრება მოხდა მეზობელთან, რომელმაც კარი არ გააღო, თუმცა განმარტა, რომ მ. ც-ე ცხოვრობს შემდეგ მისამართზე – თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ №..., ბინა №.... მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები ასევე გამოცხადნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც არავინ იმყოფებოდა. გასაუბრება მოხდა მეზობლებთან, რომელებმაც განმარტეს, რომ მოსარჩელე აღარ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და გადასულია ქირით სხვა სახლში საცხოვრებლად, თუმცა მისამართი არ იცოდნენ. 2021 წლის 29 მარტს მონიტორინგი კვლავ განხორციელდა ზემოაღნიშნულ ორივე მისამართზე, სადაც კვლავ არავინ იმყოფებოდა. №18 ბინაში მცხოვრებმა მეზობელმა განმარტა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს იმავე კორპუსში, ხოლო შეკითხვაზე, თუ ვინ ცხოვრობს №... ბინაში, არ უპასუხა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მხარემ თავად განმარტა, რომ ოჯახის წევრს, დედას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, თუმცა მონიტორინგის მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული ბინა დაკეტილია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მოსარჩლეს შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული საცხოვრებელი ფართით. ამასთან, სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმოს დევნილის სოციალური მდგომარეობა, რის გამოც კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ.

კასატორის განმარტებით, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის, დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა სადავო საკითხი. გაუგებარია, თავად სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით რატომ იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები.

კასატორის განმარტებით, სააგენტო საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ, შესაბამისად, არამართებულია სწორედ აღნიშნული კანონის გათვალიწინებით სააგენტოსათვის იმის მითითება, რომ გადაწყვეტილება მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არ მიიღოს. სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი, რომელთა უმეტესობას არა აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილთა ოჯახებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, არა აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა. ის, გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს. პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. ამდენად, სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს ყურადღება არ მიაქცია და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტების სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ და ე. ნ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე „დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო“. საყურადღებოა, რომ სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტი ვერ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი გამომდინარეობს არა ,,წესით’’ განსაზღვრული ქულების ნაკლებობის გამო, არამედ - ახლო ნათესავის საკუთრების გამო. ამ მოცემულობის გადაწყვეტილებით სასამართლოს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, ეწინააღმდეგება მოსარჩელის ინტერესებს, ზიანს აყენებს მის ოჯახს, მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ბინის ქირას უხდის სახელმწიფო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის მოსარჩელისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანება და დაავალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინებაზე, რომლის თანახმად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება’’.

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება. იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული საქმეზე თავად მიეღო გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საკითხის მარეგულირებელი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2).

საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად (მუხლი 1).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ...ს ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ (1); იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე (2); სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად (3).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე - მ. ც-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 15); ბ) მ. ც-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. განაცხადი წარადგინა შვილთან - ე. ნ-ესთან ერთად. შეფასების შედეგად მ. ც-ეის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; საბოლოდ - 4.50 ქულა (ს.ფ. 18, 47-48, 45, 46); გ) 2020 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დას. ... ქუჩა, სახლი №...-ში განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ თავად მ. ც-ე, რომელმაც მიუთითა, რომ მისი შვილი - ე. ნ-ე ქალაქში იყო გასული მეგობართან. მ. ც-ეის განმარტებით, ის და მისი შვილი ცხოვრობდნენ ქირით უკვე 2 წლის და 2 თვის მანძილზე და იხდიდნენ ქირას 220 ლარს. მანამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ, მე-2 რიგი, კორპ №3, ბინა №...-ში ქირით. უფრო ადრე - 1993 წელს კი, ნათესავებთან ქირის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ამჟამად ნაქირავები ჰქონდათ პირველ სართულზე ერთი ოთახი. ბინის მესაკუთრე იყო მ. ბ-ი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში მეორე სართულზე. განმცხადებლის განმარტებით, მასთან ჰქონდა ნათესაური კავშირი. ქირის ფაქტი დაადასტურა სახლის მფლობელის დედამ - ხ. ბ-იმა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა - ლ. ც-ე გარდაცვლილი იყო, ხოლო დედა - ნ. ა-ი და ძმა - ა. ც-ე ცხოვრობდნენ მისამართზე - თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-2 რიგი, კორპ №3, ბინა №5-ში, რომელიც იყო დედის საკუთრება. მეუღლესთან - ლ. ნ-ესთან ერთად იცხოვრა ერთი წლის მანძილზე - 1997 წელს. რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან. მეუღლე ცხოვრობდა სამტრედიაში, სოფელ ...ში, საკუთარ სახლში. გარდაიცვალა 2014 წელს და დაკრძალული იყო სამტრედიაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წლიდან მეუღლესთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც მის დედმამიშვილებს იცნობდა. მეუღლის სახლში ამჟამად ვინ ცხოვრობდა არ იცოდა (ს.ფ. 84-97); დ) 2021 წლის 22 მარტს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ №3, ბინა №.... ბინა იყო დაკეტილი. გასაუბრება მოხდა მეზობელთან, რომელმაც განმარტა, რომ მ. ც-ე ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ. №3, ბინა №5. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები ასევე გამოცხადნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-4 მ/რ, მე-2 რიგი, კორპ. №3, ბინა №5. აღნიშნულ მისამართზეც არავინ იმყოფებოდა. გასაუბრება მოხდა გვერდით ბინაში მცხოვრობ მეზობელთან, რომელმაც მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ მ. ც-ე აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და გადასული იყო ქირით სხვა სახლში საცხოვრებლად, თუმცა მისამართი არ იცოდა (ს.ფ. 98); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ს.ფ. 109-114); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), მ. ც-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ქ. თბილისში, მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (ს.ფ. 115).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6), რომელშიც მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით კი, კრიტერიუმები განიმარტება, როგორც ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმი“ − დანართი №7.

ამავე „წესის“ მე-3 მუხლი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურას. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) (1); კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები (2).

ზემოდასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №10) 1.1. მუხლის თანახმად, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ძირითადი ფუნქციაა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და წარმართვა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში − წესი) შესაბამისად, ასევე დევნილთა სხვა საჭიროებების შესწავლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“. თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით (ოქმი №19), მ. ც-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო“, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო სადავო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარასებობის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რაც დასაბუთებულია მხოლოდ მოსარჩელის დედის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს, როგორც მოსარჩელის ალტერნატიულ საცხოვრებელს.

ამდენად, პირველ რიგში, შესაფასებელია დედის საცხოვრებელი ახდენს, თუ არა საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას, რასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ფართი, თუნდაც აღნიშნული ფართი დედას ეკუთვნოდეს, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს და მის ოჯახს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფართში მდებარე მისამართზე - თბილისი, ...ის მე-... მ/რ-ის, რიგი №...-ის, კორპ. №...-ის, ბინა №...-ში, ცხოვრობენ მოსარჩელის დედა, მოსარჩელის ძმა და მისი ოჯახი. ამასთან, მშობლის საკუთრებაში არსებული ფართის არსებობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედას საკუთრებაში (ს.ფ. 81, 140) გააჩნია საცხოვრებელი, არ გამორიცხავს მოსარჩელის დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელისა და მისი შვილის - ე. ნ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება (ს.ფ. 141, 142).

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დედის საცხოვრებელი არ ახდენს გავლენას საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ასევე შესაფასებელია, რამდენად საჭიროებს მოსარჩელის ოჯახი გადაუდებელი განსახლების საჭიროებას და გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენადაა დაცული პრიორიტეტულობის პრინციპი.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის დას. ... ქუჩა, სახლი №8 (მესაკუთრე - მ. ბ-ი), სადაც შესაბამის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ თავად მ. ც-ე, რომელმაც მიუთითა, რომ მისი შვილი - ე. ნ-ე ქალაქში იყო გასული მეგობართან. მ. ც-ეის განმარტებით, ის და მისი შვილი ცხოვრობდნენ ქირით უკვე 2 წლის და 2 თვის მანძილზე და იხდიდნენ ქირას 220 ლარს. მანამდე ცხოვრობდნენ თბილისში, ...ის მე-... მ/რ, მე-... რიგი, კორპ №..., ბინა №...-ში ქირით. უფრო ადრე - 1993 წელს კი, ნათესავებთან ქირის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ამჟამად ნაქირავები ჰქონდათ პირველ სართულზე ერთი ოთახი. ბინის მესაკუთრე იყო მ. ბ-ი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში მეორე სართულზე. განმცხადებლის განმარტებით, მასთან ჰქონდა ნათესაური კავშირი. ქირის ფაქტი დაადასტურა სახლის მფლობელის დედამ - ხ. ბ-იმა (ს.ფ. 84-87). საკასაციო სასამართლოს მითითებით, შესაბამისი თანამშრომელების მიერ გადამოწმების მიზნით დამატებით განხორციელებული მონიტორინგებით საწინააღმდეგო არ დადგენილა. ასევე საყურადღებოა, რომ მოცემულ მისამართზე მ. ც-ეის ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრებას ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახს დროებითი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის გამოეყო (გაუგრძელდა) ქირის თანხა, ჯერ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სადავო აქტის გამოცემამდე), სადავო აქტის გამოცემის შემდგომ კი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს მიერ (ს.ფ. 16, 152-155, 205, 226-256; 181-204, 209-222).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე - (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის მიერ დაგროვებული 4,5 ქულა მაშინ, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ განახორციელა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1193 განაცხადის მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა, ამასთან, ქ. თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად, შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო აქტის არსებითად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან დგინდება დევნილი ოჯახის უფლება, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, ვინაიდან არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ. ც-ეისა და ე. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1384/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“;

6. დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე