საქართველოს უზენაესი სასამართლო
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-158(2კ-22) 22 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
2. ნ. კ-ე (მესამე პირი)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ. ხ-ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ვ. გ-ი, გ., გე. (თ. ხ-ის უფლებამონაცვლე), ზ., ზუ., შო., მ. და ს. ხ-იები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის შუამდგომლობა დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ. კ-ეის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1124 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ. კ-ეის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2454 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ. კ-ეის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) ნ. კ-ეის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილება; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1072 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) ნ. კ-ეის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2354მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) ნ. კ-ეის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. შ. ხ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე, მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. შ. ხ-ის სარჩელი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 2 თებერვლის №0013 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შ. ხ-ის სარჩელი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0030 და №0031ოქმების (უთარიღო) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს საკითხის ხელახლა განხილვისას დაევალა: ა) საკომლო წიგნის ჩანაწერების, მიწის განაწილების სიის, საგადასახადო სიისა და გორის სასამართლოს 1997 წლის 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №2/297ა) საფუძველზე შ. ხ-ის, როგორც გო. ხ-ის მემკვიდრის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის შესწავლა; ბ) შ. ხ-ის საკუთრების უფლების დადგენის შემთხვევაში, საკუთრების უფლების ობიექტ(ებ)ის ზუსტი ადგილმდებარეობის, კოორდინატების, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა; გ) საკომლო წიგნის ჩანაწერების, მიწის განაწილების სიის, საგადასახადო სიისა და გორის სასამართლოს 1997 წლის 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №292/297ა) საფუძველზე ნ. კ-ეის, როგორც გ. კ-ეის მემკვიდრის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის შესწავლა; დ) ნ. კ-ეის საკუთრების უფლების დადგენის შემთხვევაში, საკუთრების უფლების ობიექტ(ებ)ის ზუსტი ადგილმდებარეობის, კოორდინატების, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა; ე) მხარეთა, აგრეთვე მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონებების კონფიგურაციის, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების პარამეტრების გამოკვლევა და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, შ. ხ-ისა და ნ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების - გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობის და გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; არარად იქნა აღიარებული გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობა და გორის რაიონის სოფელ ...ს თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმი; სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ეისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2024 წლის 10 იანვარს შ. ხ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-იმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით არ განიმარტა შ. ხ-ის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ხოლო 31 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ნ. კ-ეისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმებისას, არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი კასატორის პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით, რის გამოც პალატა სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება, რომლის თანახმად, შ. ხ-იმა ზ. მ-ის მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია შ. ხ-ისა და ზ. მ-ის შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს შეადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შ. ხ-ის წარმომადგენლობა. ამასთან, ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 800 ლარით. საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ შ. ხ-იმა ადვოკატის მომსახურების საფასური - 800 ლარი გადარიცხა ზ. მ-ის ანგარიშზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ეისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, კასატორებს შ. ხ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატისთვის გაწეული მომსახურების საფასური.
რაც შეეხება აღნიშნული ხარჯის ოდენობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის სირთულის, მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, არაგონივრულია კასატორებისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ 800 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების დაკისრება. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გამართულა ზეპირი სხდომა, შესაბამისად არ გამოცხადებულა მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. მხარის მონაწილეობა საკასაციო ინსტანციაში გამოიხატა მხოლოდ საკასაციო შესაგებლის შედგენასა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნაში. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს ჯამში 600 ლარი, ხოლო სააპელაციო ინსტანციის განჩინებით - 400 ლარის ანაზღაურება უკვე დაეკისრათ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო შესაგებლით მოთხოვნილი 800 ლარის კასატორებისათვის დაკისრება. პალატის მოსაზრებით, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურების ინტენსივობისა და საქმის შედეგის გათვალისწინებით, გონივრულია კასატორებისათვის თანაბარწილად მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 300 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ხ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ. კ-ესა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შ. ხ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა