Facebook Twitter

№ბს-345(კ-22) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.ლ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ნ.ქ-ი, ბმა „ ...“, თ.მ-ი, ნ.შ-ი, ი.გ-ე, დ.ვ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ლ.ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც თ.მ-ს დაურეგისტრირდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №10, ფართი 28.20 კვ.მ და 89.25 კვ.მ. (28.20 კვ.მ. რეგისტრაციის ნაწილში); ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; თ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ი) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; კ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ლ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; მ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ.ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ.მ-ი, ნ.შ-ი, ი.გ-ე და დ.ვ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბმა „...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით დ.ლ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.ლ.ბ-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით დ.ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ლ.ბ-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო რეგისტრაცია განეხორციელებინა არა მხოლოდ ვარაუდისა და მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არამედ ეს მასალები შეედარებინა რეალურად არსებულ მდგომარეობასთან, მით უფრო, როდესაც მდგომარეობის ამსახველი სართულებრივი გეგმები მარეგისტრირებელ ორგანოში არსებობდა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ასეთი შედარებებისა და შემოწმების შედეგად, როცა აღმოჩნდება, რომ შესაბამისობა არ არის სახეზე, ის ამორიცხავს ასეთ ობიექტს სამოქალაქო ბრუნვიდან და არ დაარეგისტრირებს მას, დარეგისტრირების შემთხვევაში კი, ეს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ფართის რეგისტრაციის ფაქტი, რომელიც ზიანს აყენებს კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესებს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დ.ლ.ბ-ის მიერ შეძენილ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში, მე-4 სართულზე, არ არსებობს რაიმე სახის კიბის კვალი და არც შეიძლებოდა იქ ოდესმე კიბე ყოფილიყო. ამ ფაქტის დადგენა პირველი და შემდგომ უკვე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსგან მარტივად იყო შესაძლებელი, რადგან სართულებრივი გეგმების მიხედვით ფართის ოდენობის დაჯამება გამორიცხავდა სხვენის არსებობის შესაძლებლობას. 2009 წლის 29 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა არარსებული ფართების რეგისტრაცია. ნ.ქ-ს დაკავებული აქვს ფართი, რომელიც რეალურად არ არსებობს დ.ლ.ბ-ის კუთვნილ ფართში. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს დარეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით ნ.ქ-ის საკუთრებაში არსებული 28.20 კვ.მ ფართი ...ის №10-ში, მე-4 სართულზე არ არსებობს. საქმეზე არ შეფასებულა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, აზომვითი ნახაზი, სადაც ნაჩვენებია არარსებული კიბე.

ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციის არსებობა ზიანს აყენებს დ.ლ.ბ-ის საკუთრებას, რადგან ერთდროულად არ შეიძლება არსებობდეს ერთიდაიგივე ფართი ორი პირის ინდივიდუალურ საკუთრებაში სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 21/11/2017 წლის გადაწყვეტილება №3/2579-17 და ექსპერტიზის დასკვნა ნ.ქ-ის საკუთრებაში არსებული ფართების შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახდენს წარდგენილი მონაცემების იდენტიფიკაციას, მის ხელთ (ბაზაში) არსებულ მონაცემებთან შედარებას და მხოლოდ შემდეგ ახორციელებს რეგისტრაციას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეკვლია აღნიშნული გარემოებები და მიეღო სათანადო ზომები, კერძოდ, გაეუქმებინა არასწორი ჩანაწერი. სარეგისტრაციო სამსახურის ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის მართლზომიერების პრინციპს, რადგან იქმნება შესაძლებლობა, ბრუნვის ობიექტი გახდეს რეალურად არარსებული ფართი. აღნიშნული ხელს შეუწყობს არაკეთილსინდისიერი პირების მიერ არასწორად მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მომავალშიც განხორციელდეს არარსებული ფართების რეგისტრაცია, შემდგომ კი ამავე ფართებზე მოხდეს რიგი ტრანზაქციები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ლ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის და 2023 წლის 23 ივნისის განჩინებებით, დ.ლ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ლ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2009 წლის 19 ოქტომბერს, თ.მ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, დამხმარე ფართი 117.45კვ.მ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ბმა „...-ის“ კრების ოქმი №2, პასუხი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, აზომვითი ნახაზი (ტ.2, ს.ფ 126-137); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის №... - გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დამატებით წარმოსადგენი ჰქონდა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე (სხვენზე). გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების №2 ოქმით თ.მ-ს ამხანაგობა უდასტურებდა 117.45 კვ.მ-ს, ხოლო, ვინაიდან ვერ დგინდებოდა (კრების ოქმში არ იყო მითითებული) კონკრეტულად დამხმარე ფართის და სხვენის ფართი, დამატებით წარმოსადგენი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სართულის მითითებით, სადაც ასევე იქნებოდა მსჯელობა წინამდებარე მისამართზე თ.მ-ის სახელზე რეგისტრირებულ 94.90 კვ.მ-ს ჰქონდა თუ არა კავშირი (კიბე და სხვა) სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ქონებასთან. ამასთან, მითითებულ იქნა, რომ შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული არ იყო 28.20 კვ.მ ფართის დანიშნულება. შესაბამისად, დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კორექტირებული დოკუმენტაცია (ტ.2, ს.ფ 138-139); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, თ.მ-მა 2009 წლის 23 ოქტომბერს და 29 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა ბმა „...-ის“ კრების ოქმი №2 და ტექ. ბიუროს №... გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ 140-141); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 16 ოქტომბრის №2 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობა ადასტურებდა, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე (შპს „პ...“) ასახული 117.45 კვ.მ ფართი (მდებარე ქ. თბილისი, ...ის №10, დამხმარე ფართი) წარმოადგენდა ამხანაგობის წევრის თ.მ-ის ინდივიდუალური საკუთრების საგანს და ამხანაგობის წევრებს არ ჰქონდათ არანაირი პრეტენზია, რათა აღნიშნულ უძრავ ნივთზე (117.45 კვ.მ, დამხმარე ფართი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულიყო თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა (ტ.2. ს.ფ. 133-136); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით თ.მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბმა „...-ის“ კრების ოქმი №2-ის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, სართული 4, ფართი - 28.20 კვ.მ, სხვენი - 89.25 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა თ.მ-ის საკუთრების უფლება (ტ.2, ს.ფ 143-145); ბ) 2010 წლის 29 დეკემბერს, ნ.შ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 29 დეკემბერის №01/01-37/10-1377 განკარგულების (უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 29 დეკემბერის №01/01-37/10-1377 განკარგულების თანახმად, განმეორებით უშედეგო იძულებით აუქციონზე კრედიტორ ნ.შ-ს მისი განცხადების საფუძველზე ნატურით გადაეცა თ.მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ... (ტ.2, ს.ფ 146-149); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 იანვრის №... გადაწყვეტილებით ნ.შ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 29 დეკემბერის №01/01-37/10-1377 განკარგულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, სართული 4, ფართი - 28.20 კვ.მ, სხვენი - 89.25 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ნ.შ-ის საკუთრების უფლება (ტ.2, ს.ფ 151-153); გ) 2011 წლის 9 აგვისტოს, ი.გ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2011 წლის 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - ნ.შ-ი, მყიდველი - დ.ვ-ი, ი.გ-ე) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 155-161); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ი.გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2011 წლის 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა დ.ვ-ის, ი.გ-ის და ნ.შ-ის თანასაკუთრების უფლება (თანასაკუთრება 28.20კვ.მ, ფართი: 9.4 კვ.მ. - ნ.შ-ი; 18.8 კვ.მ - დ.ვ-ი, ი.გ-ე; ნ.შ-ი - სხვენი 89.25 კვ.მ) (ტ.2, ს.ფ 165-167); დ) 2011 წლის 9 აგვისტოს, ი.გ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2011 წლის 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - ნ.შ-ი, მყიდველი - დ.ვ-ი, ი.გ-ე), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 168-174); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ი.გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2011 წლის 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ნ.შ-ის, დ.ვ-ის, ი.გ-ის თანასაკუთრების უფლება (თანასაკუთრება 28.20 კვ.მ. ფართი: 9.4 კვ.მ. - ნ.შ-ი, 18.8 კვ.მ. - დ.ვ-ი, ი.გ-ე; თანასაკუთრება 89.25 კვ.მ. ფართი (სხვენი): 59.5 კვ.მ. - დ.ვ-ი, ი.გ-ე; 29.75 კვ.მ. - ნ.შ-ი) (ტ.2, ს.ფ 178-180); ე) 2011 წლის 12 ოქტომბერს, ი.გ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2011 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - ნ.შ-ი, მყიდველი - ი.გ-ე), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 181-185); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ი.გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2011 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა დ.ვ-ის და ი.გ-ის თანასაკუთრების უფლება (თანასაკუთრება 28.20 კვ.მ, ფართი: 18.8 კვ.მ - დ.ვ-ი, ი.გ-ე; 9.4 კვ.მ - ი.გ-ე; თანასაკუთრება 89.25 კვ.მ. ფართი (სხვენი): 59.5 კვ.მ - დ.ვ-ი, ი.გ-ე; 29.75 კვ.მ - ი.გ-ე) (ტ.2, ს.ფ 189-191); ვ) 2011 წლის 12 ოქტომბერს, ი.გ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2011 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - დ.ვ-ი, მყიდველი - ი.გ-ე), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2. ს.ფ. 192-196); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ი.გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2011 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., (ფართი - 28.20 კვ.მ., სხვენი - 89.25 კვ.მ.) დარეგისტრირდა ი.გ-ის საკუთრების უფლება (ტ.2, ს.ფ 200-202); ზ) 2013 წლის 22 იანვარს, ნ.ქ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 2013 წლის 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - ი.გ-ე, მყიდველი - ნ.ქ-ი), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 204-211); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 იანვრის №... გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2013 წლის 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ნ.ქ-ის საკუთრების უფლება (ტ.2, ს.ფ 212-214); თ) 2017 წლის 4 მაისს, ნ.ქ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 215-216); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, მიენიჭა საკადასტრო კოდი ... (ფართი, ბინა №16 – 28,20 კვ. მეტრი, სხვენი - 89,25 კვ. მეტრი) (ტ.2, ს.ფ 220-222); ი) 2018 წლის 1 მარტს, დაინტერესებულმა პირმა ჯ.ტ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, ბინა №16, საკადასტრო კოდი ..., საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებით ჯ.ტ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნ.ქ-ის საკუთრებაში რიცხულ ფართს საკადასტრო კოდით ... მიეთითა შემდეგი მონაცემები: ქ. თბილისი, ...ის №10, ფართი სართული 4, ბინა №16 – 28,20 კვ. მეტრი, სხვენი - 89,25 კვ. მეტრი (ტ.2, ს.ფ 223-239); კ) 2018 წლის 29 მაისს, დ.ლ.ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის №10, ბინა №16, რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის №005481317 ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ 82-103); ლ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის №005481317 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, 4-სართულიანი სახლის მე-4 სართულზე განთავსებული ვ.კ-ის (მოსარჩელე - დ.ლ.ბ-ის წინამორბედი მესაკუთრე) კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ს/კ...) და მის ზემოთ არსებული სხვენი ადგილზე იქნა შესწავლილი, სხვენში ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: ვ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ზემოთ განთავსებული სხვენის შიდა საერთო ფართი შეადგენდა 240.76 კვ.მ-ს. ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (ს/კ...) არ ფიქსირდებოდა არანაირი სახის და კონფიგურაციის მქონე სხვენში ასასვლელი კიბე, ასევე ოთახების ჭერის ვიზუალური დათვალიერებით არ დაფიქსირდა კიბის არსებობის კვალი. ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელ ბინის ზემოთ არსებულ სხვენში არ დაფიქსირდა მის ქვემოთ ბინაში ჩასასვლელი კიბის არსებობის კვალი. ამასთან, ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს „პ...ს“ მიერ შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შედარებით არსებულ მდგომარეობასთან დადგინდა, რომ ნახაზზე არსებული ასასვლელი კიბე ფაქტიურად არ იყო მოწყობილი აღნიშნულ ოთახში და ნახაზი არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას (ტ.1, ს.ფ 90-99); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოსადგენი იყო რეგისტრაციის გაუქმების შესაბამისი დოკუმენტი (ტ.1. ს.ფ. 104-105); 2018 წლის 29 მაისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, დ.ლ.ბ-მა 2018 წლის 27 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 128-129); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დ.ლ.ბ-ის მიერ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა და მხარეს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენის ვადა განესაზღვრა 2018 წლის 5 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ 16); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა №... სარეგისტრაციო წარმოება (ტ.1, ს.ფ 17); ო) 2018 წლის 5 ივლისს, დ.ლ.ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც არ დაეთანხმა №... (03.07.2018წ.) გადაწყვეტილებას (ტ.1, ს.ფ 132-140); პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დ.ლ.ბ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირი ითხოვდა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გაუქმებას, თუმცა მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რაც საფუძვლად დაედებოდა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გაუქმებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის №3/2579-17 გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან, სასამართლოს არ უმსჯელია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის გაუქმებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №... (03.07.2018წ.) შეტყობინება კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (09.07.2018წ.) გადაწყვეტილებაზეც და მიიჩნია, რომ ვინაიდან, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ ყოფილა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, არ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (ტ.1, ს.ფ 148-152).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

მითითებული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, (1) სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; (2) განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“ (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487), რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ინსტრუქციის მიზანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ფორმალური და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და საკადასტრო მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება (1-ლი და მე-2 მუხლები).

ინსტრუქციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს (1-ლი მუხლი).

მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); (2) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი №... (...) საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების თ.მ-ის სახელზე პირველადი და ამავე უძრავ ნივთზე შემდგომი რეგისტრაციების კანონიერება. ასევე შეფასების საგანს წარმოადგენს მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას იძლევა რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.." (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.07.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 24.09.2015წ.).

საქმეზე დადგენილია, რომ უძრავი ქონების თ.მ-ის სახელზე რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ №2 კრების ოქმი (დამოწმების თარიღი 23/10/2009), რომლითაც ამხანაგობამ დაადასტურა, რომ შპს „პ...ს“ აზომვით ნახაზზე ასახული 117.45 კვ.მ ფართი წარმოადგენდა თ.მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას და ამხანაგობის წევრებს არ გააჩნდათ არანაირი პრეტენზია. აღნიშნული კრების ოქმი დღეის მდგომარეობით ძალაშია და საქმის მასალებით არ დასტურდება მისი გაუქმება/ბათილად ცნობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ უძრავი ქონება თავდაპირველად განიკარგა იძულებითი აუქციონის გზით, ხოლო შემდეგ კერძოსამართლებრივი გარიგებების საფუძველზე. აღნიშნული გარიგებები დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება თ.მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ დოკუმენტაციასთან, კერძოდ, კასატორი (მოსარჩელე) მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვ.კ-ის (მოსარჩელე - დ.ლ.ბ-ის წინამორბედი მესაკუთრე) კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ზემოთ განთავსებული სხვენის შიდა საერთო ფართი შეადგენდა 240.76 კვ.მ-ს. ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (ს/კ ...) არ ფიქსირდებოდა არანაირი სახის და კონფიგურაციის მქონე სხვენში ასასვლელი კიბე, ასევე ოთახების ჭერის ვიზუალური დათვალიერებით არ დაფიქსირდა კიბის არსებობის კვალი. ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელ ბინის ზემოთ არსებულ სხვენში არ დაფიქსირდა მის ქვემოთ ბინაში ჩასასვლელი კიბის არსებობის კვალი. ამასთან, ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს „პ...ს“ მიერ შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შედარებით არსებულ მდგომარეობასთან დადგინდა, რომ ნახაზზე არსებული ასასვლელი კიბე ფაქტიურად არ იყო მოწყობილი აღნიშნულ ოთახში და ნახაზი არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე რაიმე სახის ცვლილებას, რომელიც სახეზე იქნებოდა შპს „პ...ს“ მიერ შიდა აზომვითი ნახაზის შედგენისას ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ვერ ასახავდა. ამავე ფაქტზე მიუთითა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე მიწვეულმა სპეციალისტმა თ.ბ-ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ქ. თბილისი, ...ის №10-ში მდებარე უძრავი ქონების სართულებრივ გეგმაზე 2009 წლის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილი სხვენი და კიბე არ ფიქსირდება, თუმცა, მიუთითა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტაციაში ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი ცვლილებები 2004 წლის შემდგომ არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 2009 წლის მდგომარეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ადასტურებს შპს „პ...ს“ აზომვით ნახაზზე ასახულ 117.45 კვ.მ ფართზე თ.მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად კასატორის აპელირება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ მხოლოდ აღნიშნული დასკვნა ვერ გახდება დ.ლ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. როგორც ზემოთ აღინიშნა, დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (ს/კ ...) არ ფიქსირდებოდა არანაირი სახის და კონფიგურაციის მქონე სხვენში ასასვლელი კიბე, ასევე ოთახების ჭერის ვიზუალური დათვალიერებით არ დაფიქსირდა კიბის არსებობის კვალი. ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ვ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ზემოთ არსებულ სხვენში არ დაფიქსირდა მის ქვემოთ ბინაში ჩასასვლელი კიბის არსებობის კვალი. ამდენად, დასკვნის შინაარსი ხაზს უსვამს დასკვნის შედგენის მომენტისათვის საცხოვრებელ ბინასა და სხვენში კიბის/კიბის კვალის არარსებობაზე და არ ადასტურებს სადავო რეგისტრაციის უკანონობას და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დ.ლ.ბ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება ასევე არ ქმნის განსახილველ საქმეზე დ.ლ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან №3/2579-17 გადაწყვეტილებით არ დადგენილა სადავო რეგისტრაციების უკანონობა და აღნიშნულის შესახებ არც შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა ყოფილა წარდგენილი (მოსარჩელე - ნ.ქ-ი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირები - ვ.კ-ი, ლ.ბ-ი, გ.გ-ი, თ.მ-ი, მ.გ-ი. სასარჩელო მოთხოვნა - ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილება (ვ.კ-ის საკუთრებაში არსებულ უნომრო ბინას მიენიჭა №7 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №10, ბინა №7, მიენიჭა საკადასტრო კოდი ...); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება (ვ.კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ იქნა ბინა №7 ლიტ „ა“ ფართით 105.97 კვ.მ); გ) ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მითითებული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ.ლ.ბ-ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, შემდგომში კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ წარდგენილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ლ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება;

3. დ.ლ.ბ-ს (პასპ. №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.06.2022წ. №... საგადახდო დავალებით ე.ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე