Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1432(2კ-22) 25 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მა“ 2018 წლის 23 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №581 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (სს ,,...ს’’ №1560607 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ) გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილება, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №581 ბრძანება სს ,,...ს’’ წარმომადგენლის ზ.ბ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი განცხადების (№1560607) დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ პირველი, მე-3 მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, სს ,,...მა’’ №QN1560607 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩის მიმდებარედ), ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა, კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული იყო №... და №... სატრანსფორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული ამორტიზებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან ერთოდა სს ,,...ს’’ 2017 წლის 15 მაისის №4899 პროექტი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება ...ის, ...ის და ...ის ქუჩაზე, რაც არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. მიეთითა, რომ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, განემარტა, რომ ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილულ იქნება ხელახლა.

მითითებული ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გარემოებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტომ სს „...ს“ კანონისაგან განსხვავებული პირობა დაუწესა აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე. ასევე მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რამ გამოიწვია სს ,,...სათვის“ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება, არ არის მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. ამდენად, მიიჩნია რომ სადავო გადაწყვეტილება არ არის შესაბამისობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან, ასევე არ არის დასაბუთებული გამოიწვევდა თუ არა პირობის დაწესება სს „...ს“ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განმარტება, რომ ახალი მოწყობილი ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი არ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დაგეგმილი ხაზობრივი ნაგებობა გადის საზოგადოებრივ სივრცეზე, ტროტუარზე და ნაწილობრივ გზაზე, რომელიც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი კომუნიკაციები პრიორიტეტულად გატარდეს ამ სივრცის გავლით. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მხარის ის პოზიცია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება იწვევს სს ,,...ს’’ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება სს ,,...სთვის’’, ასევე ელ.ენერგიის მომხმარებლების პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" თანახმად, სს ,,...’’ ვალდებულია მომხმარებლები უზრუნველყოს უწყვეტი ელექტროენერგიით, რაშიც ხელი უნდა შეუწყონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც. ამასთან, ამორტიზებული ელ. კაბელის მონაკვეთის შეცვლის განუხორციელებლობა, შემდგომში მაღალი ალბათობით გამოიწვევს ათასობით მომხმარებლის ელ. ენერგიის გარეშე დარჩენას და შეიძლება გახდეს სხვა არასასურველი შედეგის მიზეზი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სს ,,...ს’’ და მომხმარებლებს.

რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად და შესაბამისად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა, პალატის მიერ აღნიშნული პოზიცია არ იქნა გაზიარებული და განიმარტა, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ თუ რა გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა სხვა ალტერნატიული გზით. აღნიშნულის დასაბუთებას, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგს და დავის საგნის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს, როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება/დოკუმენტაცია და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტრაექტორია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.

წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. მიიჩნევს, რომ NQN1560607 გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტერესები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები. მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საკანონმდებლო რეგულაციაზე, კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-3, მე-4 მუხლებზე და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. ერთ - ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი N19-75 დადგენილება განსაზღვრავს ქუჩის გადაკვეთას გვირაბული მეთოდით. კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, განმცხადებლისათვის სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას. წარმომადგენელი განმარტავს, რომ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, განმცხადებლისთვის შეზღუდვის პირობის დაწესებისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე განმარტებით, სადავოდ გამხდარ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის NQN1560607 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქმის მასალებში წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების 2017 წლის 15 მაისის N4899 პროექტის შესწავლის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ს/ქ N...-დან ს/ქ ...-კენ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით იგეგმება გათხრითი სამუშაოები. საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტომასალის საფუძველზე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩების პროექტით მონიშნულ მონაკვეთებზე, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე არსებობს ახალმოწყობილი, დაუზიანებელი ასფალტის საფარი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით იმსჯელა სს "...ს" მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შედეგად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ქალაქ თბილისში, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებზე მდებარე საპროექტო მონაკვეთში ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით გათხრითი სამუშაოების წარმოება და მითითებულ ტერიტორიაზე არსებული ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები თანაბრად არის გათვალისწინებული, ვინაიდან, ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ქალაქ თბილისში, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებზე მდებარე საპროექტო მონაკვეთზე გათხრითი სამუშაოების მიზანშეუწონლად მიჩნევა განაპირობა არსებულმა ფაქტობრივმა გარემოებამ. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ასფალტის საფარი, როგორც ტროტუარზე, ისე გზის სავალ ნაწილზე, არის ახალდაგებული და დაუზიანებელი. კასატორი გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის NQN1560607 გადაწყვეტილებით დადგენილი უარი არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც ხაზოვანი ნაგებობა განთავსდება სხვა ტრაექტორიით ან/და გვირაბული მეთოდით, საკითხი ხელახლა იქნება განხილული. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო 2017 წლის 30 ნოემბრის QN1560607 გადაწყვეტილების მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მისთვის კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მართლზომიერად იქნა განხორციელებული. ადგილი არ აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების მიზნების გაუთვალისწინებლობას და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელ და არათანაზომიერ შეზღუდვას, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. ამასთან, მიიჩნევს, რომ დაცულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, რამდენადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მათი მართლზომიერი დაბალანსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის და 2023 წლის 31 იანვრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილების და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანების კანონიერება. სადავო აქტებით სს ,,...ს’’ უარი ეთქვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებისათვის შესაბამისი თანხმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 27 ნოემბერს, სს ,,...მა’’ №QN1560607 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული იყო №... და №... სატრანსფორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული ამორტიზებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან ერთოდა სს,,...ს’’ 2017 წლის 15 მაისის №4899 პროექტი.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება ...ის, ...ის და ...ის ქუჩაზე, რაც არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა.

2017 წლის 29 დეკემბერს, სს ,,...ს’’ წარმომადგენელმა №10/01173631016-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №581 ბრძანებით სს ,,...ს’’ წარმომადგენლის 2017 წლის 29 დეკემბრის №10/01173631016-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილება.

საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა. სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს. ამასთან, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტში მითითებული შეზღუდვით ან/და პირობით, ხოლო წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება ...ის, ...ის და ...ის ქუჩაზე, რაც არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გარემოებები. არ არის დასაბუთებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაში არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან. მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაასაბუთა, გამოიწვევდა თუ არა პირობის დაწესება სს „...ს“ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ განმარტებას, რომ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე ახალ მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი (როგორც გზის სავალ ნაწილზე ისე ტროტუარზე) არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი. გასაზიარებელია ასევე ის მსჯელობა, რომ ამორტიზებული ელ. კაბელის მონაკვეთის შეცვლის განუხორციელებლობა, შემდგომში მაღალი ალბათობით გამოიწვევს ათასობით მომხმარებლის ელ. ენერგიის გარეშე დარჩენას და შესაძლებელია გახდეს სხვა არასასურველი შედეგის მიზეზი. რაც შეეხება გასაჩივრებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილებაში და საკასაციო საჩივრებში მითითებულ იმ გარემოებას რომ ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა, აღნიშნულზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ თუ რა გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა სხვა ალტერნატიული გზით. აღნიშნული მსჯელობის სათანადო არგუმენტების გარეშე წარმოდგენით სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №QN1560607 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის QN1560607 გადაწყვეტილების, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის N581 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 28 სექტემბრის #03635 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 28 სექტემბრის N03635 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე