Facebook Twitter

საქმე №ბს-978(კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო. ა-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დასკვნის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ა-ამ 2022 წლის 12 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №1000806193 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ო. ა-ას მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან საქართველოში იქორწინა მის მეუღლეზე, თუმცა სოციალური პირობების გამო მოუწია რუსეთში დაბრუნება. იგი ამჟამად იმყოფება საქართველოში, ჰყავს საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე მეუღლე და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე შვილები, ამასთანავე ფლობს ქონებას საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ არის როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ასევე აღირიცხებოდა საქართველოს მოქალაქედ, პირადობის მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა აეღო ახალი პირადობის მოწმობა. შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, თუმცა სააგენტომ მოამზადა უარყოფითი დასკვნა გაურკვეველი საფუძვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ო. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №1000806193 გადაწყვეტილება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ო. ა-ას სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით კომისიამ იმსჯელა ო. ა-ას მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ საქართველო/რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ო. ა-ას (საქმის №1000806193) მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა და ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა.

სააგენტოს წარმომადგენელი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით, მისი მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოზე გავრცელებას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოქალაქეობის საკითხთან მიმართებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილება განსაზღვრავს საკითხის განხილვის კონკრეტულ პროცედურას. მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოობას აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომელიც, თავის მხრივ, შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით. წარმოდგენილი ოქმის შესაბამისად, მასში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობები. კასატორისთვის გაუგებარია, რომელი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის მჭიდრო კავშირი საქართველოსთან და ამასთან რატომ დააკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, როგორც ამას გადაწყვეტილებაში უთითებს. შესაბამისად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა წარმოადგენს პირის სამართლებრივი კავშირს საქართველოსთან, ამასთან საქართველოს მოქალაქე შესაძლებელია იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებულია საგამონაკლისო წესით ან როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (17 და 211 მუხ.). ამასთანავე საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით (322 მუხ. მე-6 პუნ.).

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, მართალია, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე საჭიროა საქართველოს სახელმწიფოსგან შესაბამისი თანხმობის მოპოვება, თუმცა, მეორე მხრივ, სადავო პერიოდში არსებობდა გამონაკლისი შემთხვევა, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იმავდროულად მოპოვებული ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული, კონკრეტულ ვადამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის შესაძლებლობა გააჩნდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე ო. ა-ას მიმართ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შეუწყდებოდა საქართველოს მოქალაქეობა. მოსარჩელის მიერ სააგენტოსათვის მიმართვა გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ვადის გასვლით.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილების შესახებ დებულება“ ადგენს, მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას, მათ კონტროლსა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს. ზემოხსენებული დებულების მე-40 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის წესს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 31 მაისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განცხადებით მიმართა სააგენტოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოდან წასვლისა, მას სურდა კვლავ დაბრუნებულიყო საქართველოში. დადგენილია, რომ სააგენტოსათვის მიმართვის დროს მას საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი არ ჰქონია. პრეზიდენტის №517 ბრძანებულება, რომლითაც ო. ა-ას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გამოცემულია 2022 წლის 01 ნოემბერს, სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის გაცემის შემდგომ. ამასთან, ო. ა-ა სარჩელში და სააპელაციო საჩივარშიც აღნიშნავდა, რომ მისი ნათესავები ცხოვრობდნენ საქართველოში, მათ შორის, მისი მეუღლე არის საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქმეში დაცულია უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს საქართველოში მდებარე უძრავ ქონებაზე ო. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და საქართველოს დაზვერვის სამსახური ო. ა-ას შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა განმცხადებლის საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირის არ არსებობა, შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული იქნა უარყოფითი დასკვნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.

ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, №82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული...(იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას; კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციის მიღმაა მოქცეული, თუმცა სასამართლო კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტების სათანადო დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულობის სტანდარტს.

კერძოდ, სსიპ სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №100080693 დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩლის განცხადებაში მითითებულ არგუმენტებზე, შეფასების მიღმაა დარჩენილი ასევე საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. განსახილველ შემთხვევაში არ ირკვევა თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ არსებობდა ო. ა-ასათვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემის საფუძველი.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მტკიცების ტვირთის სრულად მისთვის დაკისრებაზე აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთის ამავე ორგანოსათვის დაკისრება არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან, თუმცა აქტის კანონიერების შეფასებისას ორგანომ სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს გამოცემული აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობა. სადავო შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი, გარდა ამისა, სადავო დასკვნა არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - დასკვნა გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 15.08.2023წ. №17045 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა