Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-672(კ-23) 8 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

2016 წლის 25 ივლისს ბ.გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ბ.გ-ემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილების და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ... №1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართში დაშვებული შეცდომის გასწორების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მის მიერ. ბ.გ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორს - ბ.გ-ეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზები, კერძოდ, კასატორს - ბ.გ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების საჭიროების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. №9) გაეგზავნა კასატორის - ბ.გ-ის წარმომადგენელს - ნ.გ-ეს 2023 წლის 11 სექტემბერს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა ც.ჩ-ს (პ/ნ...) ამავე წლის 12 სექტემბერს.

2023 წლის 22 სექტემბერს კასატორის - ბ.გ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ მასთან სახლში მყოფი ინსულტიანი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება, რის გამოც ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის ორი კვირით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა 10 დღით; კასატორს - ბ.გ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების საჭიროების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. №9) გაეგზავნა კასატორის - ბ.გ-ის წარმომადგენელს - ნ.გ-ეს 2023 წლის 6 ნოემბერს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა ც.ჩ-ს (პ/ნ...) ამავე წლის 7 ნოემბერს.

2023 წლის 15 ნოემბერს კასატორის - ბ.გ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება-შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ 2023 წლის 22 ოქტომბრიდან იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მასთან მცხოვრები მარტოხელა მწოლიარე მეგობრის გამო საავადმყოფოში ვერ წვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ შეძლო სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება. ნ.გ-ემ ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ ერთხელ ორი კვირით გაგრძელება. ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას თან ერთვოდა ნ.გ-ის სახელზე შევსებული სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22.10.2023წ. №662 სამედიცინო ბარათების ასლები და შპს „ ს...ის“ მიერ 2023 წლის 23 ოქტომბრიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცელი. ნ.გ-ემ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსებისთვის დამატებით 2 კვირიანი ვადის მიცემის თაობაზე.

ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორს - ბ.გ-ეს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა 10 დღით; კასატორს - ბ.გ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად რამდენი მხარეცაა საქმეში და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების საჭიროების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - ბ.გ-ის წარმომადგენელს - ნ.გ-ეს 2023 წლის 18 დეკემბერს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა ჯ.ხ-ს (პ/ნ...) იმავე წლის 19 დეკემბერს.

2023 წლის 28 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორ- ბ.გ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-ემ. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ბ.გ-ის ხელფასის სახით ხელზე მიღები თანხა შეადგენს 308 ლარს, კასატორი ზრდის არასრულწლოვან შვილიშვილს. ნ.გ-ემ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კასატორისთვის საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის განახევრების თაობაზე, რადგან კასატორი 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირია, ასევე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში დაყადაღებული აქვს ყველა სახის ქონება. შესაბამისად, კასატორი იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. წარმოდგენილ შუამდგომლობას თან ერთვოდა სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის ცნობა მასზედ, რომ ბ.გ-ე ზემოაღნიშნულ სკოლაში მუშაობს ...ად და მისი დარიცხული ხელფასი - 385, ხოლო ხელზე ასაღები 308 ლარია. ნ.გ-ემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის განახევრების (მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თანხის გადასახდელად ვადის მიცემა) და დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა, კასატორის წარმომადგენლის - ნ.გ-ის განცხადება/შუამდგომლობის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ორჯერ უკვე გააგრძელა 2023 წლის 29 სექტემბრის და 24 ნოემბრის განჩინებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა ის საკითხი, სასამართლოს მიერ დადგენილი ორი ხარვეზიდან ერთ-ერთი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენაში მდგომარეობდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად დადგენილი ვადა გონივრული იყო, მხარეს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა გამოესწორებინა ხარვეზები, თუმცა უშედეგოდ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. საგულისხმოა, რომ კასატორს მისი სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო რაც შეეხება კასატორისთვის მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის განახევრების საკითხს, მოცემულ საკითხზე მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო საჩივარიც არ არის წარმოდგენილი, არარელევანტურია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორისთვის ხარვეზების შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზების შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის, 29 სექტემბრისა და 24 ნოემბრის განჩინებებით დადგენილი ხარვეზები არ არის გამოსწორებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, ქმნის ბ.გ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზების შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განუხილველი დარჩეს ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა