Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1483 (კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 9 ივნისს გ. ა-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის - გ. ა-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მაისის № ბ.15.15211451 ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის თანამდებობაზე გ. ა-ეის აღდგენა. ასევე მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საშტატო განაკვეთით გათვალისწინებული მიუღებელი ხელზე ასაღები სახელფასო თანხა, ყოველთვიურად 1097.60 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. ა-ეის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მაისის №ბ15.15211451 ბრძანება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის გ. ა-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და გ. ა-ე აღდგენილი იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის თანამდებობაზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საშტატო განაკვეთით გათვალისწინებული მიუღებელი ხელზე ასაღები სახელფასო თანხა, ყოველთვიურად 1097.60 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე, 26-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 97-ე, 98-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია. საქმეში დაცულ მასალებში არ იკვეთება დისციპლინური წარმოების დაწყების კონკრეტული საფუძვლები, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე იმ საპროცესო წესების დაცვა, რაც ამგვარი წარმოების მახასიათებელია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო ინფორმირებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით კი დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან გ. ა-ეის გათავისუფლება მოხდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით. გასაჩივრებული აქტით მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ - ჩვევების შეძენა - განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) დარღვევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მაისის №ბ15.15211451 ბრძანება შეიცავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, რომელშიც მითითებულია მხოლოდ გ. ა-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ბრძანება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რა სახის დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა და რა საფუძვლით იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა ყოველგვარი გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე შეუფარდა მოსარჩელეს ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი, რაც სამსახურიდან მის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ვერც სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა გ. ა-ეის მხრიდან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და რატომ იქნა მის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება (სამსახურიდან გათავისუფლება) გამოყენებული. პალატამ გ. ა-ეის სამსახურში აღდგენის საკითხის მართებულობასთან ერთად, სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და უარი ეთქვას გ. ა-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კასატორის მსჯელობით, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ გ. ა-ე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ჩაბარდა გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანება და განემარტა მისი უფლება - მოვალეობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მაისის №ბ15.15211451 ბრძანების კანონშესაბამისობა. სწორედ აღნიშნულის დადასტურება/უარყოფაზეა დამოკიდებული სარჩელის იურიდიული ბედი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სადავო აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - გ. ა-ეის შრომითი უფლება. მნიშვნელოვანია დადგინდეს კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 31 დეკემბრის №04/60 ბრძანების საფუძველზე, გ. ა-ე დაინიშნა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის (... კატეგორიის) თანამდებობაზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №06/40 ბრძანების საფუძველზე გ. ა-ე გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის (... კატეგორიის) თანამდებობიდან პროფესიული საჯარო მოხელის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის თანამდებობაზე.

ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 25 მაისის №ბ15.15211451 ბრძანების საფუძველზე, გ. ა-ე გათავისუფლდა ქალაქ ბათუმის საკრებულოს ...ის ...ის თანამდებობიდან.

დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული №ბ15.15211451 ბრძანების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა. დადგენილია, რომ გ. ა-ემ №19/15211458-15 განცხადებით მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მასალების გადაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის წერილით, გ. ა-ეს თავისი განცხადების პასუხად გაეგზავნა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2021 წლის 20 მაისის №ბ15.15211401 ბრძანების ასლი; ,,გ. ა-ეის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის (... კატეგორია) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 31 დეკემბრის №04/60 ბრძანების ასლი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №06/40 ბრძანების ასლი; თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2021 წლის 25 მაისის №ბ15.15211451 ბრძანების ასლი; ასევე პირადი საქმის მასალების ასლები.

საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლითაც განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, ამავე კანონის ერთ - ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო - სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურე საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება - მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 87-ე მუხლებით განიმარტა მოხელის დისციპლინური გადაცდომები, ასევე კანონში მითითებულია, რომ დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. კანონმდებლის მიერ, 97-ე მუხლის პირველი პუნქტით განიმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს და ასევე მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლში კანონმდებელმა ცალსახა მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი მასალების მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა. საქმეში წარმოდგენილ მასალებში არ იკვეთება დისციპლინური წარმოების დაწყების კონკრეტული საფუძვლები, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე იმ საპროცესო წესების დაცვა, რაც ამგვარი წარმოების მახასიათებელია. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე მხარე არ იყო ინფორმირებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით კი დასტურდება, რომ დაკავებული თანამდებობიდან გ. ა-ეის გათავისუფლება მოხდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით. გასაჩივრებული აქტით მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ - ჩვევების შეძენა - განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) დარღვევა.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. საკასაციო პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხთან მიმართებით უნდა გამოეკვლია საქმის ყველა გარემოება, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, შეეგროვებინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გ. ა-ეის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. შესაბამისად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაედგინა ჩადენილი იყო თუ არა გადაცდომა, დადებით შემთხვევაში დაედგინა გადაცდომის სიმძიმე და გადაცდომის სიმძიმის ხარიხის მიხედვით მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი მსჯელობა: ,,მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ (ანალოგიური დატვირთვისაა ტერმინი ,,მძიმე’’) დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-184-183(კ-16)).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა ყოველგვარი გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე შეუფარდა მოსარჩელეს ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი, რაც სამსახურიდან მის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარშიც ვერ მიუთითა თუ რაში გამოიხატებოდა გ. ა-ეის მხრიდან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და რატომ იქნა მის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება (სამსახურიდან გათავისუფლება) გამოყენებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რაც შეეხება სადავო საკითხს გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: ვინაიდან გაზიარებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა გ. ა-ეის სამსახურში აღდგენის დავალების ნაწილში, შესაბამისად გასაზიარებელია სასამართლო მსჯელობა განაცდურის ანაზღაურების (2021 წლის 25 მაისიდან, ყოველთვიურად 1097.60 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე) ნაწილშიც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც საქმეში მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე