Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1295(კ-22) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 26 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - დ.ბ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიის რექტორის 2014 წლის 12 სექტემბრის №587 ბრძანებით დ.ბ-ი ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის 1-ლი კურსი) მსმენელად 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.

2014 წლის 13 სექტემბერს დ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №2745 კონტრაქტი. კონტრაქტის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და მსმენელად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მოსამსახურის მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმა - 28 000 ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ.ბ-ს შორის 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სამხედრო მოსამსახურე საკუთარი ინიციატივით დაარღვევს კონტრაქტს მას დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ივნისის №3561 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ...ის მეთაური ლეიტენანტი - დ.ბ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად (პირადი პატაკით).

დ.ბ-ი სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნილ იქნა ვადამდე, ხოლო ნამსახურობის ვადამ შეადგინა 5 წელი 8 თვე და 22 დღე. შესაბამისად, კონტრაქტის პირობების თანახმად, იგი ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს 5 000 ლარი, რაც არ გადაუხდია.

მოსარჩელემ დ.ბ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირს - დ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 13 სექტემბრის გაფორმდა №2745 კონტრაქტი. აღნიშნული კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკრად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის - 28 000 ლარის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ კონტრაქტში, 2019 წლის 10 ივნისის შეთანხმების ოქმით შევიდა ცვლილება, კერძოდ, მე-6 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა და დანიშვნა)) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ,,ო’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა ,,დ’’ ქვეპუნქტით, IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარი.

2020 წლის 25 მაისის MOD 8 20 00433732 პატაკით, დ.ბ-მა ითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნა (კონტრაქტის პირობების დარღვევით). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივნისის MOD 1 20 00003561 ბრძანების თანახმად, დ.ბ-ი კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე დ.ბ-ის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც ხელს უშლიდა სამხედრო სამსახურში და სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მისი სამსახურიდან წამოსვლისა და პატაკის დაწერის მიზეზი.

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ეს ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ათავისუფლებდა ვალდებულებისგან, გამოეკვლია და შეესწავლა ის მიზეზები, თუ რა გახდა დ.ბ-ის სამხედრო სამსახურზე უარის თქმისა და პატაკის დაწერის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც გამორიცხავს სამხედრო სამსახურში მსახურს, ვინაიდან იგი მოითხოვს სისტემატურ ფიზიკურ დატვირთვას (სირბილს, სიმძიმის აწევას და ა.შ). საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო №... ბარათით, რომელზეც დატანილია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ბეჭედი, დასტურდება, რომ 2017 წლის აპრილსა და მაისის თვეში ჯერ კიდევ სამხედრო სწავლებისას დ.ბ-ს დაესვა დიაგნოზი M25.5 ტკივილი სახსარში, ობიექტური მონაცემები: მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსარში მოძრაობები მტკივნეული და შეზღუდული ტკივილის გამო. აღნიშნული ცნობა წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული კონტრაქტორის დ.ბ-ის სამედიცინო ისტორიიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი იყო დ.ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ, მითითებული ფაქტი კი, გამორიცხავს კონტრაქტით გათვალისწინებულ ჯარიმის დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ დ.ბ-ს დადასტურებული ჰქონდა 2014 წლის 13 სექტემბრის №2745 კონტრაქტით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომელიც მისი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დ.ბ-ი პირადი პატაკის საფუძველზე, დასაბუთებული და საპატიო მიზეზით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, არ არსებობდა დ.ბ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის და მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-10 თავის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ შეიძლება მიეცეს კუთვნილი შვებულება ან/და მოთხოვნის შემთხვევაში გაიგზავნოს სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.

კასატორის მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ.ბ-ს ასეთი მოთხოვნა, რომ გაგზავნილიყო სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე, არ განუცხადებია, არც სამხედრო ნაწილისთვის მიუმართავს ავადმყოფობის გამო და მხოლოდ გეგმური შემოწმების პირობებში განხორციელდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

დ.ბ-ს ასევე სადავოდ არ გაუხდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივნისის №3561 ბრძანება, რომელიც ჩაჰბარდა პირადად 2020 წლის 6 ივნისს. შესაბამისად, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველი ძალაშია და ბათილად ცნობილი არ ყოფილა.

კასატორის განმარტებით, არამართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო კონტრაქტის გაგრძელება და სამხედრო სამსახურში ყოფნა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც შეუძლებელს გახდიდა სამხედრო სამსახურის გავლას მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილი ცნობა, რომ დ.ბ-ს არ შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში მსახური და დაავადება აწუხებდა 18 წლის ასაკიდან, არ არის საკმარისი მტკიცებულება. კასატორის მითითებით, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩარიცხვამდე სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ აუცილებლად ექვემდებარებიან სამედიცინო შემოწმებას და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში იგი ჩარიცხული ვერ იქნებოდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში. დ.ბ-ს 18 წლიდან დაავადების შესახებ არ მიუთითებია არც 2017 წლის 16 აპრილისა და 3 მაისის ცნობებში.

კასატორის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს ...ის მეთაურის 2021 წლის 20 აპრილის № 367347 პატაკით და გასაუბრების ფურცლით, ...ის 2021 წლის 7 ივლისის №685942 წერილით ასევე ირკვევა, რომ დ.ბ-ს 2021 წლის 18 ივნისის ცნობაში მითითებული ტკივილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ მიუმართავს. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ასევე ის გარემოება, რომ ქრონიკული ლიმფადენატით სამხედრო მოსამსახურე დაექვემდებარებოდა თუ არა საპატიო მიზეზით სამსახურიდან დათხოვნას არ არის დადგენილი, რამეთუ ექიმი რეკომენდაციაში უთითებს არა სამსახურიდან დათხოვნაზე, არამედ დატვირთვის შეზღუდვაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 13 სექტემბერს დ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №2745 კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკრად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება იუნკრად ჩარიცხვის დღიდან. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის - 28 000 ლარის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულ კონტრაქტში 2019 წლის 10 ივნისის შეთანხმების ოქმით შევიდა ცვლილება, კერძოდ, მე-6 მუხლის (მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები) მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა და დანიშვნა)) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეკისრება ჯარიმა „დ“ ქვეპუნქტის თანახმად IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარი.

2020 წლის 25 მაისს დ.ბ-მა MOD 8 20 00433732 პატაკით მიმართა ...ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევით). პატაკში ასევე მითითებულ იქნა, რომ მას ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობასთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დ.ბ-ის პატაკის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დ.ბ-ი გაფრთხილებულ იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (5 000 ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივნისის MOD 1 20 00003561 ბრძანების თანახმად, დ.ბ-ი კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დ.ბ-ის მხრიდან სადავო არ გამხდარა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესები საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე. ამავე დებულების VI თავის პირველი და მე-11 პუნქტების მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამავე დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია 2023 წლის 21 სექტემბრის №3500 კანონით), რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ამავე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ.ბ-ს შორის 2014 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) მიხედვით, ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობდა სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევა და რეორგანიზაციის ან შტატების შემცირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია დ.ბ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნამდვილი მიზეზის გამორკვევა, ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ.ბ-ის შორის დადებული კონტრაქტიდან და სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა ან იგი შესაძლებელია გათავისუფლდეს ამგვარი პასუხისმგებლობისაგან საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველი დავის ფარგლებში დ.ბ-ის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საპატიო საფუძვლად მითითებულ იქნა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც გამორიცხავდა სამხედრო სამსახურში მსახურს, ვინაიდან იგი მოითხოვს სისტემატურ ფიზიკურ დატვირთვას (სირბილს, სიმძიმის აწევას და ა. შ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზის დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მითითებული დებულება ადგენს საქართველოს სამხედრო ძალებში (თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ჯარებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში) გასაწვევი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზებასა და ჩატარების წესს, ხოლო აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სამხედრო ძალებში საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეების (შემდგომში – მოქალაქეების) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული დასახიჩრების (ჭრილობების, ტრავმების, კონტუზიების) დაავადების მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიები საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილითა და თანდართული ფორმებით. აღნიშნულ ცხრილში მითითებულია სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის შემდეგი კატეგორიები: ,,ა“ - ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,ბ“ - ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით; ,,გ“ - შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,დ“ - დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,ე“ - უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეები ვარგისიანობის ,,ბ“ კატეგორიით გადიან სამხედრო სამსახურს. აღნიშნულ დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლით გათვალისწინებულია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ,,ა“ - ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით; ,,ბ“ - ფუნქციის ზომიერი დარღვევით; ,,გ“ - ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ,,დ“ - ობიექტური მონაცემების არსებობისას ფუნქციის დარღვევის გარეშე. დაავადების თითოეული მდგომარეობის არსებობა განსაზღვრავს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის კატეგორიას, კერძოდ, ცხრილის 26-ე მუხლის ,,გ“ კატეგორია (ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევა) შეესაბამება ,,ბ“ კატეგორიას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურე ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით, ხოლო 26-ე მუხლის ,,ბ“ - (ფუნქციის ზომიერი დარღვევა, რაზეც აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს) შესაბამისობაშია როგორც ,,ბ“, ასევე ,,გ“ კატეგორიებთან ,,ინდ“ კრიტერიუმზე მითითებით, რაც დამატებით მოთხოვნათა ცხრილებში (დმც-ში) გამოყენებული შემოკლებების გათვალისწინებით გულისხმობს, რომ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ავადმყოფობის გამო დამოკიდებულია არა სამხედრო მოსამსახურის სურვილზე, არამედ შესაბამისი სამხედრო-საექიმო კომისიის მიერ გაცემულ დასკვნაზე პირის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის დადგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს გასცემს თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში და დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

საქმეში წარმოდგენილი ...ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 18 ივნისის №... ცნობით დგინდება, რომ დ.ბ-ს აღენიშნება ქრონიკული ლიმფადენიტი, გარდა მეზენტერიულისა, დორსალგია, დაუზუსტებელი, ტკივილი სახსარში. ანამნეზში მითითებულია, რომ 18 წლის ასაკიდან უჩივის ლიმფური კვანძების გადიდებას, ძლიერ ტკივილს, მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებში, რომელიც აღმოცენდება ფიზიკურ დატვირთვაზე. ექიმის მიერ გაიცა რეკომენდაცია - ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ვერტიკალური ტიპის დატვირთვაზე (სირბილი, სიმძიმის აწევა).

საქმეში წარმოდგენილია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო №... ბარათი, რომელზეც დატანილია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ბეჭედი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის აპრილსა და მაისში ჯერ კიდევ სამხედრო სწავლებისას დ.ბ-ს დაესვა დიაგნოზი M25.5 ტკივილი სახსარში, ობიექტური მონაცემები: მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსარში მოძრაობები მტკივნეული და შეზღუდული ტკივილის გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით დ.ბ-ს დადასტურებული აქვს 2014 წლის 13 სექტემბრის №2745 კონტრაქტით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომელიც მისი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია. საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, რომელ მტკიცებულებას ეფუძნება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა საპატიო გარემოების არსებობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, დ.ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გახდებოდა ავადმყოფობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი დასკვნა არ ქმნის დ.ბ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად მიჩნევის წინაპირობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 18 ივნისის №... ცნობა გაცემულია, დ.ბ-სთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდგომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაადგინოს დ.ბ-ს, 2020 წლის 25 მაისის MOD 8 20 00433732 პატაკის შედგენისას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივნისის MOD 1 20 00003561 ბრძანების მიღებისას, ჰქონდა თუ რა იმგვარი დაავადება, რომლის დროსაც შეუძლებელი იყო მის მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დასკვნით. შესაბამისად, დასადგენია დ.ბ-ს წარმოეშვა თუ არა ავადმყოფობის გამო კონტრაქტის შეწყვეტის უფლება, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან სარწმუნოდ არ დგინდება, დ.ბ-ისთვის დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდებოდა თუ არა ავადმყოფობის გამო მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რაც გამორიცხავდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას და მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე