საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-127(კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო.შ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ი.ღ-ი, ნ.ჯ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო.შ-მა 2020 წლის 17 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს ... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 29 სექტემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის 2018 წლის 06 თებერვლის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ. ასევე მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ვირტუალური) ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ.
სარჩელის მიხედვით, 1996 წლის 20 აგვისტოს №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიამ ო.შ-ს საკუთრებაში გადასცა ამავე ტერიტორიაზე მდებარე 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი. 29.01.2007წ. განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) მის საკუთრებაში დარეგისტრირდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
06.02.2018 წელს საჯარო რეესტრს წარედგინა №... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით საკუთრებაში რეგისტრაცია. სააგენტომ მიმართა ...ის რაიონის გამგეობას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების მოთხოვნით. გამომდინარე იქიდან, რომ ამავე ტერიტორიაზე პრეტენზია განაცხადა მეზობელმა - ნ.ჯ-მა, გამგეობამ, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, არ იმსჯელა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე. საბოლოოდ, საჯარო რეესტრის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
ზემოაღნიშნული წარმოება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრს დაევალა საკითხის განმეორებით შესწავლა. მოსარჩელის მოსაზრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს და არც მესამე პირს სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ. ნაცვლად იმისა, რომ საჯარო რეესტრს სასამართლოს მითითებები შეესრულებინა, კვლავ გამგეობას მიმართა და 17.02.20206 წლის №... წერილით დაავალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. პასუხად გამგეობა ჯერ აცხადებდა, რომ სადავო იყო საკითხი და ვერ გადაწყვეტდა, საბოლოოდ კი, უარი განაცხადა აქტის გამოცემაზე. გამგეობისთვის გადაგზავნა ასევე გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელზეც დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ სამი წარმოების ფარგლებში და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენის პირობებშიც, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ხდება საკითხის არსებითად გადაწყვეტისგან თავის არიდება, არ ფასდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული ორგანოებისთვის საკითხის არსებითად გადაწყვეტაზე უარის თქმის საფუძვლად საკმარისია მხოლოდ ნ.ჯ-ის პრეტენზია, რომელიც არა მარტო საფუძველს არის მოკლებული, არამედ არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. საჯარო რეესტრმა 2018 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ნ.ჯ-ს სადავო ფართზე არ გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი. მეტიც, საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სასამართლოში საქმის განხილვის დროს განმარტა, რომ მესამე პირი არ წარმოადგენდა ო.შ-ის საკუთრების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას და არსებითი იყო იდენტურობის დადგენის შესახებ გამგეობის გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც გამგეობა აცხადებს, რომ სადავოობის გამო საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ცალსახაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზარალდება მხოლოდ მესაკუთრე - ო.შ-ი, რომელსაც წლების განმავლობაში ეზღუდება საკუთრების სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ.ჯ-ი და ი.ღ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ო.შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო.შ-ის 2018 წლის 06 თებერვლის №... განცხადებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას და სასამართლოც მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლა დასაშვებია იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთის მდებარეობა და მიმდებარე ტერიტორიის ფაქტობრივი მოცემულობა არ იძლევა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული კონფიგურაციით რეგისტრაციის შესაძლებლობას, ისიც იმ პირობებში თუ სადავო არ არის მიწის ნაკვეთი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 1996 წლის 20 აგვისტოს №... მიღება-ჩაბარების აქტში და 2007 წელს მომზადებულ აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია განსხვავებულია 2015 წელს მომზადებულ აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისაგან, ადგილზე დათვალიერებითა და საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზებით დადგენილ იქნა, რომ ო.შ-ის მიერ ფაქტობრივად შემოღობილი მიწის ნაკვეთი მოიცავს როგორც 2007 წლის ნახაზით, ისე 2015 წლის აზომვითი ნახაზით აზომილი მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილს და მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება შესაძლებელია იმ ფარგლებში, რაც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტში და 2007 წლის აზომვით ნახაზზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოსარჩელე არ ეთანხმება იმ აზომვით ნახაზსაც კი, რომელიც წარდგენილი იყო 2018 წლის 06 თებერვლის №... განცხადებაზე, თუმცა მიმდინარე დავის ხანგრძლივობის, პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს მიერ მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისათვის კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენის საფუძველზე.
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ვირტუალური) ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ე.წ. ვირტუალური უარის) ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში ო.შ-ის მიერ 2018 წლის 06 თებერვლის №... განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი იყო არასწორი (რაც დაადასტურეს ადგილზე დათვალიერების დროს) და მიწის ნაკვეთი 1/3 -ზე ნაკლებით იცვლის კონფიგურაციას, რაც სასამართლოს შეფასებით გამორიცხავდა გამგეობის მხრიდან იდენტურობის დადგენის აუცილებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ო.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო.შ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (,,ვირტუალური“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ; დანარჩენ ნაწილში ო.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის „ვირტუალური უარის“ კანონიერად მიჩნევის ნაწილში და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კანონის მითითებული დანაწესის საფუძველზე, ...ის რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზზე ასახულ ტერიტორიას (ო.შ-ის შემთხვევაში №... განცხადებით მოთხოვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ხოლო ნ.ჯ-ის შემთხვევაში №... განცხადებით წარდგენილი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი) რომელი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა: 1996 წლის 20 აგვისტოს გაცემული №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თუ 1998 წლის დეკემბერში №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის პირობებში, ...ის რაიონის გამგეობის მიერ არ მოხდა რეაგირება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს №... წერილზე (გამგეობის მიერ კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში არ იქნა წარდგენილი პასუხი, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება), ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდებოდა „ვირტუალურ“ უარს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დადასტურებას საჭიროებდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (1996 წლის 20 აგვისტოს №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (2021 წლის 15 ივლისს წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) იდენტურობა, რაც ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგეობის კომპეტენციას წარმოადგენდა, შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაცია წარმოებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც მე-4 პრიმა მუხლში რეგლამენტირებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტი სარეგისტრაციო პროცესში ჩართულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რომელიც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და რომელსაც არ ზღუდავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც არის ერთ-ერთი მტკიცებულება საქმეში, საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე. როდესაც იდენტურობის დადგენაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ იდენტურობის საკითხი გაიმიჯნოს საოჯახო/საკარმიდამო ცნობის გაცემისაგან (მე-3 მუხლის „თ“), ვინაიდან იდენტურობა დგინდება უფლების დამდგენ დოკუმენტთან და აზომვით ნახაზთან მიმართებით (ანუ უნდა არსებობდეს ასეთი დოკუმენტი სარეგისტრაციო წარმოებაში, მაგ: მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღის წიგნაკი, წევრთა სია და სხვ.).
კასატორის განმარტებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2016 წელს, მანამდე პერიოდში კი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციებს ახორციელებდა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სარეგისტრაციო პროცესში მუნიციპალიტეტები არ იყვნენ ჩართული, შესაბამისად როგორც განხორციელებულ რეგისტრაციებზე, ისე მანამდელ პერიოდზე არსებულ ინფორმაციებზე ის ინსტიტუციური მეხსიერება არ არსებობს, რაც სააგენტოში იქნება დაგროვილი განხორციელებულ რეგისტრაციებზე, ხოლო ახალი კანონის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ფუნქცია-მოვალეობა არ გაუქმებულა და როგორც მანამდე პერიოდში სპეციალური კანონის მე-4 მუხლშიც მოხსენიებულია, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-4 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტშიც რეგლამენტირებულია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში არის რეგლამენტირებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები, რომლის მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი პუნქტის „ა ქვეპუნქტის თანახმად, წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე ცხადად არის ის საკითხი კანონმდებლის მიერ დარეგულირებული, რომ მთავარი მიზანი, რაც დაეკისრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, არის ფაქტობრივ ადგილმდებარეობაზე პოზიციის დაფიქსირება და მნიშვნელოვანია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ „საჭიროების შემთხვევის“ დასაბუთება განცხადების გამგეობაში გადაგზავნამდე, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე მარეგისტრირებელი ორგანო დაკარგავდა ფუნქციას და ნებისმიერი განცხადება, რომელიც შევიდოდა სააგენტოში, ყოველგვარი შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე გადაიგზავნებოდა გამგეობაში. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებიც შემოსაზღვრულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენით უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, რომელზეც იდენტურობის დადგენის ნაწილში გადმოგზავნამდე ჯერ თავად საჯარო რეესტრი მსჯელობს იდენტურობაზე და უფლებამოსილების გამომრიცხავია „საჭიროების შემთხვევის“ არარსებობა ან/და როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამრიგად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების განმარტებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს კანონის მიზანი, რომ შეფასდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, ვინაიდან ნორმას გააჩნია იმანენტური ბუნება (განსაზღვრულობა), რომელიც ერთგვარად არის მბოჭველი ადმინისტრაციული ორგანოსთვის და დაუშვებელია თვითნებურად უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა და საკითხის შესწავლა, თუ ეს არ გამომდინარეობს იმ მანდატიდან, რაც დაეკისრა კანონმდებლის მიერ. სწორედ ამგვარი ანალიზის შემდგომ ხდება ცხადი თუ რატომ სცდებოდა აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალიტეტის მხრიდან კომპეტენციის ფარგლებს და ვერ იქნებოდა შესრულებული. შესაბამისად, კანონმდებელმა ცალსახა ხაზი გაავლო ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კომპეტენციების გამიჯვნის კუთხით, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით და დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს მხოლოდ დასაბუთებული „საჭიროების შემთხვევის“ არსებობის პირობებში. თავად კანონმდებლის მიზანიც, რომელიც სპეციალურის კანონის განმარტებით ბარათებშია ასახული, მუნიციპალიტეტის ჩართულობის საჭიროების ნაწილში იყო, რომ 2016 წლამდე პერიოდში ძალიან ბევრი გადაფარვა (ზედდებები) ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ბევრი დავა მიმდინარეობდა განხორციელებულ რეგისტრაციებზე და ერთგვარად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ადგილზე დათვალიერების გზით და მეზობლების გამოკითხვით, სადაც საზღვრების თაობაზე მეზობლებიც აფიქსირებდნენ პოზიციებზე, მიზანიც სწორედ შემდგომში განხორციელებულ რეგისტრაციებზე დავების არიდება იყო და არა ის, რომ სადავო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამგეობამ იდენტურობა უნდა დაადგინოს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ რეგისტრაციაზე, რომელიც ამავდროულად არის სადავო ფიზიკურ პირებს შორის.
კასატორის განმარტებით, 2018 წლის 13 აპრილის №... წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ...ის რაიონის გამგეობას, რომელშიც განმარტებული იყო რომ: ,,დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა“. თავის მხრივ, მარეგისტრირებელმა ორგანომ მომართვამდე იმსჯელა იდენტურობის თაობაზე, განმარტა, რომ იდენტურობა არ დგინდებოდა და ითხოვა დამატებითი პოზიციის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ მითითებული წერილი და გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს შეეძლო გაესაჩივრებინა და ედავა იდენტურობის დადგენის თაობაზე უარის ნაწილში და მოეთხოვა თუ მისი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ახალ კოორდინატთა სისტემაში გადმოტანა/ასახვა რატომ არ განხორციელდა მარეგისტრირებლის მიერ, თუმცა არ გაუსაჩივრებია, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულა გადაწყვეტილების მიღების დროს.
№... საკადასტრო კოდით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდგომ რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე სააგენტოს №... გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს, რომ სარეგისტრაციო პროცედურების გავლის შემდეგ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაიცა უფლებადამდგენი დოკუმენტი ამონაწერის სახით, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას, სადაც ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად (საფუძვლად) სააგენტოს მიერ (პირველადი რეგისტრაცია) მითითებულია: მიღება-ჩაბარების აქტი, №... 20.08.1996წ., სოფ. ...ის საკრებულოს ცნობა №570, 22.09.2006 წ.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-60 პრიმა მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ...ის რაიონის გამგეობაში რაიმე ცნობა/გადაწყვეტილება არ შესულა, რომ პირველადი რეგისტრაცია გაუქმებულია, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ,,საჭიროების შემთხვევის“ არსებობა არ არის დასაბუთებული, ვინაიდან, ერთი მხრივ რეგისტრირებული მონაცემი არსებობს, ხოლო, მეორე მხრივ ისე არის იდენტურობის დადგენა მოთხოვნილი, რომ პირველადი რეგისტრაცია არ არის გაუქმებული/ეჭვქვეშ დამდგარი, ძალაშია და იდენტურობის დაუდგენლობისას რეგისტრირებული მონაცემი რჩება ძალაში.
ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს და დაინტერესებული პირი არ არის შეზღუდული წარადგინოს ნახაზი და შეიტანოს მასში კორექტირება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ცვლილების/გაუქმების გარეშე, ისევე როგორც პირველადი რეგისტრაციის განხორციელებული რეგისტრაცია გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულად შესრულდა, ვინაიდან რეგისტრაცია განხორციელდა და გაიცა ამონაწერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების უფლებით არის დაცული, რომელიც უნდა იყოს აღიარებული და უზრუნველყოფილი. იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მიერ დადასტურებულია საკუთრების უფლება და გაცემულია ამონაწერი, ხოლო ...ის რაიონის გამგეობას არ გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება (არც ერთ სარეგისტრაციო ეტაპზე არ იყო ჩართული წარმოებაში და არც ის საფუძვლები იცის, თუ რის საფუძველზე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა და დაადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გაცემა კონკრეტულ ტერიტორიაზე), ასევე მომართვის წერილში არ არის მითითებული ის, თუ მარეგისტრირებელმა ორგანომ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რატომ ჩათვალა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ცვლილება ზემოაღნიშნული კანონის მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „საჭიროების შემთხვევად“. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა, როდესაც საჯარო რეესტრის მხრიდან ისე დაევალა იდენტურობის დადგენა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, რომ მისი რეგისტრაციის საფუძველი ეჭვქვეშ არ დაუყენებია, არ განუმარტავს რა „საჭიროების შემთხვევა“ არსებობს ახლიდან იდენტურობის დადგენის, ეს იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იდენტურობის საკითხს იხილავს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებაში და ცალკე აზომვითი ნახაზით არ ეძებს ადგილმდებარეობას. სწორედ აქედან გამომდინარეობს კომპეტენციის არარსებობაც, რომ ერთის მხრივ მარეგისტრირებელი ორგანო ითხოვს მისივე განხორციელებულ რეგისტრაციაში აზომვითი ნახაზის ცვლილებას, ისე, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არც იცვლება, არც უქმდება ანუ სავსებით გასაგებია უფლებადამდგენი დოკუმენტით თუ სად არის გაცემული მიწის ნაკვეთი.
კასატორის მითითებით, ...ის რაიონის გამგეობიდან 2018 წლის 20 აპრილს გაიგზავნა საპასუხო წერილი, სადაც სააგენტოს ეცნობა, რომ ო.შ-ის განცხადება იყო სადავო, რომლითაც დამატებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრის სიტუაციურ ნახაზებზეც რომ იყო ზედდებაში ნ.ჯ-ის მიერ შეტანილ აზომვით ნახაზთან. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია ყველა დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტები და სააგენტოში არსებული დოკუმენტაციით მაინც ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანოტარო მედიაცია მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. კანონმდებელი ასეთ დროს ცალსახად უშვებს რამდენიმე შესაძლებლობას: 1. სადავოობა უნდა გადაწყდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან; 2. მხარეები შესაძლოა მორიგდნენ სანოტარო მედიაციის გზით ან 3. თუ 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაძლებლობა ამოიწურა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სადავოობაზე წარმოშობილი სამოქალაქო დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სადავოობის გადაწყვეტის შესაძლებლობას და იდენტურობის დადგენას, ვინაიდან ფაქტობრივი მოცემულობის ნაწილში, გარდა იმისა, რომ სცდება აღნიშნული (რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთის შესწავლა გამგეობის კომპეტენციას, ადგილზე დათვალიერების ჩატარების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა იდენტურობის დადგენა, ვინაიდან ორი სხვადასხვა დაინტერესებული პირი, რომლებსაც გააჩნიათ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და უფლებისდამდგენი დოკუმენტები, პრეტენზიას აცხადებენ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის გამგეობის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 15 ივლისს ო.შ-მა, 2018 წლის 6 თებერვლის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა: კორექტირებული მიწის აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ. ვერსია; განცხადება; სიტუაციური ნახაზი (ტ. III, ს.ფ. 427-433). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს №... და 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილებებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 17 აგვისტოს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ...ის რაიონის გამგეობიდან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2020 წლის 17 აგვისტოს №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არა უგვიანეს 3 თვისა. საგულისხმოა, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზით (ტ. III, ს.ფ. 489) დგინდება, ადგილზე დათვალიერების შედეგად განსაზღვრულ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარს შეესაბამება 2021 წლის 15 ივლისს წარდგენილი ნაკვეთის საზღვარი (2021 წლის 15 ივლისს წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ტ. III, ს.ფ. 429-430). ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა - ნ.ჯ-მა დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად არ ფლობდა და არც არსებული მდგომარეობით არ ფლობს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.04.2022 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედებების მართებულობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებას საჭიროებდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (1996 წლის 20 აგვისტოს №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (2021 წლის 15 ივლისს წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) იდენტურობა, სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად იმსჯელა კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის ვალდებულებაზე. კერძოდ, გარდა იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამგეობას უნდა მიეღო შესაბამისი ზომები მასზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, რამდენადაც აღნიშნული მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოება პირდაპირ კავშირშია მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენასთან, რაც როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (,,ვირტუალური“) ბათილად ცნობისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე
ბ. სტურუა