Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-380(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია, ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.თ-ე

მოპასუხე - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.თ-ემ 2020 წლის 14 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „...ს“ 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილების, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის პირად ბარათზე დამატებით 1401.96 ლარის დარიცხვის შესახებ შპს „...ს“ 2020 წლის 14 იანვრის N012ლ აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის N19/13 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ.თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 მაისის განჩინებით ნ.თ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის დადგენილებით ნ.თ-ის საჩივარი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის დადგენილებით ნ.თ-ის საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა შპს „...ს“ 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილების და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის N19/13 გადაწყვეტილების მოქმედება. ასევე, ამავე ვადით მოპასუხეებს აეკრძალათ ნ.თ-ისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მის მიერ ყოველთვიური მიმდინარე გაზის მოხმარების საფასურის გადახდის პირობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით ნ.თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ს“ 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილება და 2020 წლის 14 იანვრის N012ლ დარიცხვის აქტი; გაუქმდა მოქალაქე ნ.თ-ესა და შპს „ ...ს“ შორის არსებული დავის თაობაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის N19/13 გადაწყვეტილება მოთხოვნის უარყოფის ნაწილში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილება საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...მა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოცემული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ნ.თ-ის მიერ დაწყებული დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლითა და 22-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო წარმოების წესით, შესაბამისად, შპს „...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საჩივარი განიხილა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (დადგენილების) გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილებაზე, დარჩა განუხილველი, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაშვების მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სამართალწარმოების განახლების დავალება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, შპს „...ს“ (ს/ნ...) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (ს/ნ 204400200) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წარმომადგენლის მითითებით, ნ.თ-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას, რაც დასტურდება ექსპერტის დასკვნით; კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის N008117419 დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამომავალი მილყელის ფსკერზე, ვიზუალურად უხილავ ფართზე აღინიშნება გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლები, მომრგვალო ფორმის გამჭოლი ჩანახვრეტების სახით, თერმული ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი, მდნარი კიდეებით.

კასატორის განმარტებით, მრიცხველის გამომავალ მილყელზე თერმული ზემოქმედებით განხორციელებული ჩანახვრეტები ფართოდ გავრცელებული ხერხია, რომლის შემთხვევაშიც ბუნებრივი გაზის მრიცხველი სრულად არ აღრიცხავს მრიცხველში გატარებულ გაზის ოდენობას და ამგვარ დარღვევებთან დაკავშირებული არაერთი დავაა განხილული როგორც კომისიაში, ისე სასამართლოში. სწორედ, ამგვარ სასამართლო პრაქტიკაზე და კომისიაში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნა კომისიამ 2020 წლის 27 თებერვლის N19/13 გადაწყვეტილებაში, რომ მრიცხველის გამომავალი მილყელის ასეთი სახის დაზიანება ადასტურებდა მრიცხველის გამომავალი მილყელის ხელოვნურ დაზიანებას, რის გამოც მთვლელი მექანიზმის მიერ აღრიცხული მოხმარებული ბუნებრივი გაზის პარალელურად, მრიცხველის გვერდის ავლით, ხდებოდა ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარება, ეს კი თავის მხრივ ადასტურებდა მრიცხველის მაჩვენებლების გაყალბებას ანუ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით. შესაბამისად, კომისიამ არ გაიზიარა სადავო დადგენილებაში სასამართლოს შეფასება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ამგვარი გარემოებები მითითებული არ იყო და დასკვნაში დასახელებული დაზიანება იმთავითვე ვერ გახდებოდა მომხმარებლის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკმარისი საფუძველი, რამდენადაც მრიცხველზე ხელოვნური ზემოქმედების კვალი ემსახურებოდა სწორედ აღრიცხვის სიზუსტის დარღვევას.

სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სწორედ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობის არასწორი შეფასება - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში პირდაპირ უთითებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის იმგვარ დაზიანებაზე, რაც არაქარხნულია, არატიპურია და მიყენებულია გარეშე საგნის მექანიკური, გარეგანი ზემოქმედებით და, ამასთან, მრიცხველის შეცვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრდილია ბუნებრივი გაზის მოხმარება. ამდენად, გაუგებარია რა უნდა გამოეკვლია კომისიას, რა არ გამოიკვლია და რომელი ფაქტობრივი გარემოება არის გადამწყვეტი ნ.თ-ის შემთხვევაში, რაც კომისიას არ გაუთვალისწინებია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მოსაზრებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაცემულ დასკვნაში დასახელებული დაზიანება ვერ გახდა მომხმარებლის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკმარისი საფუძველი, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მოცემულ შემთხვევაში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები შეზღუდული არ იყვნენ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თავად შეეძლოთ მოეწვიათ სპეციალისტი, დაენიშნათ ექსპერტიზა ან განეხორციელებინათ სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ნ.თ-ის გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია მისი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მრიცხველის დაზიანების ფაქტი, იგი ამ დაზიანებაზე პასუხისმგებელი მაინც ვერ გახდებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით. ამრიგად, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა, გაზის მრიცხველის მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ დამონტაჟებისას მომხმარებლის პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე, ეწინააღმდეგება ამგვარი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ წესრიგს.

კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა მსჯელობა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, შპს „...ს“ მიერ ნ.თ-ისათვის მრიცხველის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარების შესახებ და მრიცხველის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ნ.თ-ე ამ დაზიანებაზე პასუხისმგებელი მაინც ვერ გახდებოდა, ვინაიდან მრიცხველი არ იყო დაკეტილ ყუთში და მასზე წვდომა ჰქონდათ სხვა პირებსაც. კასატორისთვის გაურკვეველია რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო აღრიცხვის კვანძზე დამონტაჟებული მრიცხველი დამონტაჟებისთანავე გაუმართაობის ფაქტის დასადგენად და აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის N008117419 დასკვნით, აღრიცხვის კვანძის გამართულ ფუნქციონირებაში მომხმარებლის მხრიდან არასანქცირებული ჩარევა დადასტურებულია. გარდა ამისა, სასამართლომ, მითითების მიუხედავად, არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 11 ნოემბრის დალუქვის აქტის N... (ს.ფ. 44) კანონიერების თაობაზე, კერძოდ აქტში მითითებულია, რომ მრიცხველის ყუთი იყო დალუქული N... ლუქით, რომლის მთლიანობაც მრიცხველის მოხსნის დროს დარღვეული არ იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ როგორც ნ.თ-ის, ისე შპს „...ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომისიამ შეისწავლა და საფუძვლიანად გამოიკვლია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ასევე, კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად; მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა ნ.თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „...ს“ 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის უარყოფის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული 2020 წლის 27 თებერვლის N19/13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მიჩნეულ იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ.თ-ესა და შპს „...ს“ შორის სამართლებრივი კონფლიქტი წარმოიშვა ამ უკანასკნელის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს, ნ.თ-ის მიმართ შედგენილი №004928 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომლის მიხედვით შპს „...მა“ დაადგინა, რომ აბონენტ ნ.თ-ის ბუნებრივი გაზის მრიცხველს, გამავალი მილყელის კედელზე აღენიშნებოდა გარე საგნის ზემოქმედების კვალი ჩანახვრეტების სახით, რითაც აბონენტი ახდენდა ბუნებრივი აირის დატაცებას, შესაბამისად ნ.თ-ე მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა გაფრთხილება. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან გამომდინარე, შპს ,,...ს“ 2020 წლის 14 იანვრის №012ლ აქტით, ნ.თ-ეს დაერიცხა უკანონო მოხმარებად მიჩნეული ბუნებრივი აირის ღირებულება - ჯამში 1401.96 ლარი, რაც სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2020 წლის 27 თებერვლის №19/13 გადაწყვეტილებით, ნ.თ-ის საჩივრის საფუძველზე შემცირდა და განისაზღვრა ჯამში 1239,15 ლარით.

როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ნ.თ-ეზე ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ შპს „...ს“ მიერ 2020 წლის 10 იანვარს მიღებული N... დადგენილება, მიღებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვით, დარღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება, რისთვისაც სახდელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია გაფრთხილება.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების განხილვის საპროცესო წესი, რამდენადაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებისა და ინსტანციურობის დასადგენად არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ საპროცესო წესის სწორად დადგენას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლში 2012 წლის 26 აპრილს შეტანილ იქნა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, დადგინდა პირველი ინსტანციით მაგისტრატი მოსამართლეების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განხილვა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (,,ბ“ ქვეპუნქტი).

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სახდელის დადების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის) კანონიერების თაობაზე დავის განხილვის საპროცესო წესის (საჩივრის ან სარჩელის წარდგენა) არჩევა დაინტერესებული პირის პრეროგატივას წარმოადგენდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამ სახის დავები მხოლოდ საჩივრის წესით განხილვას დაექვემდებარა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით სამართალწარმოება სრულად მოექცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი იძლევა დავათა საპროცესო წესის განხილვის თვალსაზრისით ადმინისტრაციულ გადაცდომათა ორ ნაწილად დაჯგუფების და შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: 1. სამართალდარღვევები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, განიხილება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის გზით და 2. სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, განიხილება საერთო სასარჩელო წესით. მეორე შემთხვევიდან ასევე არსებობს გამონაკლისიც - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ასევე განიხილება იმ საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, რომელთა განხილვაც, აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესით არის დაშვებული.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით, რომელიც არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას საწარმოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქმის განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შპს „...ს“ მიერ 2020 წლის 10 იანვარს მიღებული N... დადგენილების გამოცემისა და მისი გასაჩივრების საპროცესო წესი ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი რეგულირების ფარგლებში, შესაბამისად, ამ სახის დავებზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხი ანალოგიურადაა გადაწყვეტილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის №ბს-281(გ-20) განჩინებით. ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესახებ, იმთავითვე არ ქმნის გასაჩივრების საფუძველს, რადგან სასამართლოს განმარტება ვერ შეცვლის გასაჩივრების წესის ნორმატიულად დადგენილ იმპერატიულ დანაწესს.

რაც შეეხება ნ.თ-ის მიმართ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვის კანონიერების საკითხს, აღნიშნული მოწმდება სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. სუსგ 07.07.2016წ. საქმე №ბს-182-179(კს-15)).

,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება, რომლის შესაბამისადაც გაანგარიშდა და დაერიცხა ნ.თ-ეს ბუნებრივი აირის ღირებულების სახით ჯამში 1239,15 ლარი, ამ სახის შედეგის დადგომას უკავშირებს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის არსებობას; კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ს“ 2020 წლის 10 იანვრის N... დადგენილება, რასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის საბოლოო განჩინებით არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მოცემულობა, როდესაც სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმების პირობებში სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა უკანონოდ მოხმარების საფუძვლით ბუნებრივი აირის ღირებულების დარიცხვის კანონიერებას, შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, სცილდება სამართალდარღვევის არსებობის საკითხი, რამეთუ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა - ბრალი, შესაბამისად, სახეზე არ არის არც ბრალად შერაცხული სამართალდარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის დარიცხვის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარზე 17.03.2022წ. №333 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიღებული აქტების კანონიერების განხილვის ნაწილში, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 17.03.2022წ. №333 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა