Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-524 (კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ.გ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.გ-მა 2021 წლის 24 მარტს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, 2021 წლის 05 თებერვლის №01/10/2021 განკარგულების ბათილად ცნობისა და №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე რ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, რ.გ-მა 2020 წლის 5 სექტემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონში, სოფელი ...ში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ 1992 წლიდან მას თვითნებურად აქვს დაკავებული ფართი, კერძოდ, წლებია სარგებლობს ამ ნაკვეთით და ამასთან ნაწილობრივ აქვს შემოღობილი. შესაბამისად, მოსარჩელეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, წარმოეშვა უფლება საკუთრების აღიარების თაობაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განაცხადი გადაეგზავნა აღიარების კომისიას, თუმცა კომისიამ საკითხი განიხილა ზეპირ სხდომაზე, მისი მონაწილეობის გარეშე და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობაა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 5 თებერვლის სხდომის №1 ოქმის და 2021 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს. ამასთან, მიწის ნაკვეთი იყო დამუშავებული, მასზე ხორბალი ჰქონდა დათესილი ა. და ბ. მ-ებს. ამ უკანასკნელთა მიერ მოხდა ორი წლის წინ მიწის ნაკვეთის გაკულტივება, რის შემდეგაც მოსარჩელემაც განაცხადა პრეტენზია. მიწის ნაკვეთზე საძოვრის კატეგორიის არსებობის დასადასტურებლად, სასამართლომ ასევე მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2021 წლის 13 სექტემბრის №... წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთი, გარდაბნის რაიონის ...ის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო სახნავის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით აღნიშნა, მიწის ნაკვეთზე გარდა იმისა, რომ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით იმპერატიულად დადგენილი საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოება (საძოვარი), ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მისით სარგებლობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, რ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; რ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ.გ-ისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 05 თებერვლის №01/10/2021 განკარგულება და კომისიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული ან მათი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, კომისია, დამატებით წარდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის ...ს ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმაზე, ზოგადად დატანილი იყო მიწის ნაკვეთთა კატეგორიის განმსაზღვრელი სიმბოლოები, მათ შორის, საძოვრის კატეგორიისთვის დადგენილი კონკრეტული სიმბოლო, რომლითაც მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ცალსახად მონიშნული არ არის (ტ. I, ს.ფ. 59). გარდა ამისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის დამუშავებული და მასზე დათესილია ხორბალი. შესაბამისად, ნაკვეთი არც ფაქტობრივად არის გამოყენებული საძოვრის დანიშნულებით. ამასთან, უდავოა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, განეკუთვნება სახნავ კატეგორიას, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებდა ხელახლა გამოკვლევას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2023 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის - რ.გ-ის წარმომადგენლის მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია, მეორე სასარჩელო მოთხოვნის (№... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე რ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების) ნაწილში, მოპასუხედ მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, რ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები შეეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთთა დანიშნულებითი კატეგორიის საკითხის დადგენას; ასევე, გამოსაკვლევი იყო, რამდენად დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გასვლის ფაქტი. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის სპეციალიზებული ცოდნის მქონე წარმომადგენლის - სპეციალისტის განმარტებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს; ამასთან, №... მიწის ნაკვეთზე კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება არც საარქივო მასალებში მოიპოვებოდა და არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.გ-მა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთების ძირითადი ნაწილი არის სახნავის კატეგორია და 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმა, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, აღარ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას. ამდენად, მიწის ნაკვეთის კატეგორია უნდა დადგენილიყო ადგილზე გასვლით. საქმეში წარმოდგენილი კომისიის 2021 წლის 15 აპრილით დათარიღებული დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის დამუშავებული (ხოლო აღნიშნული სამუშაოები, რომ აწარმოვეს ა. და ბ. მ-ებმა, ეს მხოლოდ მათი სიტყვების აღნიშვნაა ოქმზე, რასაც სჭირდება დადასტურება). ამდენად, აღიარების კომისიის მიერაც, თუმცა მოგვიანებით, მაგრამ ადგილზე გასვლით შეფასდა, რომ მიწის ნაკვეთი იყო დამუშავებული და შესაბამისად უნდა ეხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით და განესაზღვრა მიწის კატეგორია, როგორც სახნავი.

რაც შეეხება მფლობელობას და რ.გ-ის ნების საწინააღმდეგოდ მიწის ნაკვეთის მფლობელობიდან გასვლის საკითხს, კასატორისთვის ბუნდოვანია, რომელ მტკიცებულებას ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო, როდესაც უთითებს, რომ „პირობითი საკადასტრო კოდით: ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრირება ვერ ხერხდება, რადგან, განმცხადებლის (რ.გ-ის) მიერ წარდგენილი არ არის მიწის ნაკვეთის მფლობელობის და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, მაშინ როდესაც განმცხადებელი საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობდა არა როგორც მართლზომიერი მოსარგებლე, არამედ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დამკავებლის სტატუსით.

კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე- 11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მის მიერ წარდგენილ იქნა სათანადო მტკიცებულებები, როგორც რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანისას, ასევე - სასამართლოშიც, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით. საქმეზე წარმოდგენილია პოლიციის განყოფილების ინსპექტორთან გასაუბრების ოქმი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ რ.გ-ის მიერ 2022 წლის 30 იანვრისათვისაც მიწა დამუშავებული იყო, მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე ჩასმული იყო რკინის ბოძები, რომელიც ა.მ-მა თავის ძალადობრივი ქმედებით ამოთხარა და დააზიანა.

კასატორის განმარტებით, 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც საკუთრების უფლებით გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადავო მიწის ნაკვეთს ამუშავებს და მასზე მფლობელობა არ შეუწყვეტია. მიწა დამუშავებულ იქნა ასევე 2021 წლის საშემოდგომო სამუშაოებისას, მ-მა კი ერთჯერადად, მხოლოდ რეგისტრაციისთვის საჩვენებელი საფუძვლის მოპოვებისთვის, 2020 წელს, როცა პანდემია იყო და შეზღუდული იყო გადაადგილება, დაამუშავა მიწა, რაც არ ადასტურებს მათ კანონიერ სარგებლობას.

კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმეზე არსებული მასალები, უგულებელყო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სადავო აქტის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის პირობითი საკადასტრო კოდით: ... მიწის ნაკვეთის რ.გ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით რ.გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში სადავოა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2021 წლის 05 თებერვლის №01/10/2021 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე რ.გ-ი განცხადებით ითხოვდა მის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თვითნებურად დაკავების საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს როგორც ზემოაღნიშნული კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საძოვარი.

ამდენად, კანონმდებლობა გამორიცხავს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება საძოვრის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვარი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

ამავე კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილების წინაპირობები; კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის ...ს ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რომლის კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებით საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომისიის 2021 წლის 05 თებერვლის №01/10/2021 განკარგულებით რ.გ-ს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, მათ შორის ფიზიკური პირის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიის არსებობის გამო, რაც გამორიცხავს როგორც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ისე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, ამდენად, რ.გ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, რ.გ-ის საკასაციო საჩივარზე 08.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება;

3. კასატორს - რ.გ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 08.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა