საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-534(კ-22) 6 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ხ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 18 ივნისს ხ. რ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილს №03-1049/ო ბრძანებით ხ. რ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ხ. რ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისმა ოჯახის წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისაგან, რომელთაც არა აქვთ და არ ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. რ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - ა. ვ-ო და არასრულწლოვანი ძმისშვილები - მ. რ-ა და დ. რ-ა, რომლებზეც ახორციელებს მეურვეობას. ამასთან, მოსარჩელე ხ. რ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიენიჭათ 6 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობების (ცხოვრობს ნაქირავებში) კატეგორიაში - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) - 2.50 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ზომიერად გამოხატული - 1 ქულა, ხანდაზმული მეურვე, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილების ან შვილიშვილების მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად - 1 ქულა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მეურვეობის ქვეშ მყოფი ძმისშვილების - მ. და დ. რ-აების საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ბინა №30 ფართობი - 48 კვ.მ.
მოსარჩელე ხ. რ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, განაცხადში შეყვანილი პირის საკუთრების გამო, ხოლო აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის 20 აპრილს გამოსცა №03-1049/ო ბრძანება მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 1288-ე და 1289-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მეურვეობა და მზრუნველობა არის პირისთვის დაკისრებული ვალდებულება, იზრუნოს სამეურვეო/სამზრუნველო პირის კეთილდღეობაზე და არა, მიიღოს რაიმე სარგებელი მზრუნველობიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამეურვეო პირების საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი, მოსარჩელისთვის წარმოშობს, არა აღნიშნული ქონებით თავისუფლად სარგებლობის უფლებას, არამედ, ვალდებულებას, დაიცვას სამეურვეო/სამზრუნველო პირის სახელზე რეგისტრირებული ქონება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა განაცხადში შეყვანილი პირების (სამეურვეო პირები) საკუთრების გამო, მოსარჩელისთვის როგორც დევნილი ოჯახისთვის, განსახლების დაკმაყოფილებაზე უარი გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, რადგან, აღნიშნული ეწინააღმდეგება სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მითითებული 6.3 მუხლი განსაზღვრავს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ ხასიათს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის რიგითობის შეფასებისას ადგენს დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინების აუცილებლობას, სწორედ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახის პრიორიტეტულად განსახლების კანონისმიერი საფუძვლის არსებობისას, კომისია უფლებამოსილია, შეაფასოს დევნილი ოჯახის საჭიროებები და უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახის საცხოვრებლით პრიორიტეტულად უზრუნველყოფის შემდეგ დააკმაყოფილოს საცხოვრებლით შედარებით ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი. ის გარემოება, რომ უშუალოდ ხ. რ-ას არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება, იმთავითვე არ ქმნის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ამ ეტაპზე დაკმაყოფილების ვალდებულებას, რამეთუ დადგენილია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე ქ. თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას, ხოლო განსახილველად წარდგენილი იყო საკმარისი ქულების რაოდენობის მქონე 1191 ოჯახის განაცხადი. შესაბამისად, სააგენტოს მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული. ამასთანავე, უნდა გაეთვალისწინებინა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე დევნილი ოჯახების განსახლების ნორმატიულად განსაზღვრული კონკრეტული პირობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე დევნილ ოჯახს არ აქვს განსახლების გადაუდებელი საჭიროება და ამასთან, მოსარჩელის ოჯახის წევრების საკუთრებაში ქონების არსებობა იწვევს ამ ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე, უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემდეგ. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას არ უარყოფს აპელანტიც, თუმცა სააგენტო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, უფრო გაჭირვებულ ოჯახებთან მიმართებით, დალოდების ვალდებულება აქვს, ვინაიდან „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ხასიათი განაპირობებს განსაკუთრებულად შეჭირვებული, საცხოვრებლის არმქონე დევნილი ოჯახების პრიორიტეტულად მიჩნევის აუცილებლობას. ამასთან, ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის უშუალოდ მოსარჩელის სახელზე არ იყო აღრიცხული უძრავი ქონება, არ ადასტურებს სადავო აქტის უმართებულობას, ვინაიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნებისთვის დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხ. რ-ას ძმისშვილები - დ. და მ. რ-აები, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება, არიან მოსარჩელესთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები და მითითებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების განაცხადში. თავის მხრივ, ამ პირების განაცხადში მითითება გავლენას ახდენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, როგორც მათთვის გადასაცემი ფართის ოდენობის თვალსაზრისით, ასევე კრიტერიუმებით გათვალისწინებულ ქულათა მინიჭების დროს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს პოზიცია წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ, ხ. რ-ას ძმისშვილების ოჯახის შემადგენლობაში გათვალისწინების თვალსაზრისით, როდესაც დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულისა და სულადობის გათვალისწინებით ოროთახიანი ბინის გადაცემა მართებულად მიიჩნია, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტა, რომ განმცხადებლის მეურვეობაში მყოფი პირები არ წარმოადგენდნენ იმგვარ ოჯახის წევრებს, რომელთა ქონებით სარგებლობა დევნილ ოჯახს დაუბრკოლებლად შეეძლო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რატომ არის მოკლებული მოსარჩელის ოჯახი შესაძლებლობას, ისარგებლოს მისივე ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მიუხედავად მათ შორის არსებული ნათესაური კავშირისა თუ სამეურვეო ურთიერთობებისა, როდესაც კანონმდებელი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნებისათვის უდავოდ მოიაზრებს ოჯახის ცნებაში ყველა პირს, რომლებიც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე ერთად ცხოვრობენ. აღნიშნული მსჯელობით პალატა არ უარყოფს და ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას, შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით არ გააჩნია შესაძლებლობა ყველა დევნილი ოჯახი ერთბაშად უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის გარკვეული რიგითობის დაწესება, რათა პირველ რიგში, მოხდეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ დევნილი ოჯახებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ თავშესაფარი.
ამასთან, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხორციელდება ეტაპობრივად სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე და დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანება გამოცემულია საკითხის მომწესრიგებელი აქტების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ. რ-ამ.
კასატორის განმარტებით, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, იმ საფუძვლით, რომ განაცხადში შეყვანილ პირებს, კერძოდ, არასრულწლოვან ძმისშვილებს, რომელთა მეურვედ იყო დანიშნული, საკუთრებაში ჰქონდათ უძრავი ქონება.
,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების (2021 წლის 8 აპრილი) პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა (შემდგომში დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო - ფულადი დახმარებით - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
კასატორის მითითებით, მისი ოჯახი წარმოადგენს დევნილ ოჯახს, რომელიც არაა დაკმაყოფილებული არც საცხოვრებელი ფართით და არც ფულად დახმარებას იღებს. იგი მეუღლესა და არასრულწლოვან ძმისშვილებთან ერთად, დროებით ცხოვრობს მისი დის - ლ. რ-ას ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინაში. მისი დის ოჯახს ბინა სჭირდება საკუთარი მიზნებისთვის, რის გამოც სთხოვს უახლოეს მომავალში საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას. საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისში, ...ის №...-ში არის მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ძმისშვილების ფორმალური საკუთრება, რეალურად კი ბინა არის მეორე ძმის მეუღლის - ნ. ჩ-ას საკუთრება და არის მათ მფლობელობაში. შესაბამისად, სახეზეა რეგისტრირებული ქონება, რომელიც ბავშვებს რეალურად არ აქვთ და არც არასოდეს უსარგებლიათ ამ ქონებით. სხვაგვარად სრულიად არალოგიკური იქნებოდა, რომ ბავშვებს გააჩნდეთ საკუთარი ბინა და ცხოვრობდნენ სხვის ბინაში. სასამართლომ კი, ისე რომ არ გამოუკვლევია, თუ რატომ ცხოვრობდნენ ბავშვები სხვის ბინაში მიიჩნია, რომ ოჯახს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებაზე, რაც არც თავად გამოუკვლევია და არც კასატორის პოზიცია მოუსმენია, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. რ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით ხ. რ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. რ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. საქართველო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია ,,ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლით, რომლითაც საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ხ. რ-ას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის საფუძველზე, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ითხოვს სააგენტოსთვის მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). (დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიღების დროს მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესი“, ხოლო სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში აღნიშნული წესი ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“(ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. კერძოდ, ,,საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. აღნიშნული №9 დანართის მიხედვით, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა 1-2 მოსახლის შემთხვევაში, შეადგენს 30-40 მ2-ს (ერთ ოთახიანს), ხოლო ორ ოთახიანი ბინები ფართით 50-60 მ2 გათვალისწინებულია 3-4 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის.
ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება, რომლის რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, დევნილი ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. აღნიშნული მიზნად ისახავს როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, ასევე თავდაპირველად ისეთი დევნილების უფლებების დაცვასა და განსახლებას, რომლებიც განსაკუთრებით, სხვებზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას. სწორედ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ. რ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - ა. ვ-ო და არასრულწლოვანი ძმისშვილები - მ. რ-ა და დ. რ-ა, რომლებზეც ახორციელებს მეურვეობას. ხ. რ-ამ ფართის მიღების თაობაზე შეავსო განაცხადი და კითხვარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხ. რ-ას ოჯახს, განაცხადისა და კითხვარის დამუშავების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიანიჭა 6 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობების (ცხოვრობს ნაქირავებში) კატეგორიაში - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) - 2.50 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ზომიერად გამოხატული - 1 ქულა, ხანდაზმული მეურვე, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილების ან შვილიშვილების მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად - 1 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმის მიხედვით, ხ. რ-ა თავისი განცხადებით მეუღლესა და ძმისშვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს დის - ლ. რ-ას ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინაში. მონიტორინგის განხორციელებისას სააგენტოს თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ განმცხადებელი და განაცხადში შეყვანილი ყველა პირი. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეურვეობის ქვეშ მყოფი ძმისშვილების - მ. და დ. რ-აების საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე, ბინა №30.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, 2021 წლის 2 აპრილის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის განაწილების თაობაზე. კომისიამ ხ. რ-ას უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ მისი ოჯახი იმ ეტაპზე განსახლებას გადაუდებლად არ საჭიროებდა, განაცხადში შეყვანილი პირის საკუთრების გამო. ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ხ. რ-ას განაცხადში შეყვანილი პირების (მეურვეობაში მყოფი ბავშვების) საკუთრება.
საკასაციო პალატის განმარტებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (6) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, ხ. რ-ას დის ბინაზე (სადაც მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ქირით).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი ვალდებულია აღნიშნულ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ის უძრავი ქონება, რომლის საკუთრებაზეც აპელირებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ასევე სააპელაციო სასამართლო, ეკუთვნით მოსარჩელის - ხ. რ-ას მეურვეობაში მყოფ არასრულწლოვან პირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით კი, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების, ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვა) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე. სააგენტომ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს თითოეული ფაქტი დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხ. რ-ას საკითხის განხილვისას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა შეაფასოს დევნილის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მას მეურვეობაში ჰყავს არასრულწლოვანი ძმის შვილები, მეურვე კი, ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები, ასევე ის გარემოება, რომ ოჯახში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. რ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ. რ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1049/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან მიმართებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე