Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-699(2კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-ემ 2019 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მ. შ-ეის 8 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივნისის №819 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით მ. შ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის მე-... კორპ. მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ბოძებით მავთულბადის ღობის განთავსებისთვის. აღნიშნული ღობე მხოლოდ აღდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ, რაც არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისად, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. შ-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. შ-ემ ქ. თბილისში, ...ი, №..., კორპუსის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ბოძებით განათავსა მავთულბადის ღობე, შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით დაეკისრა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს, კერძოდ, აღნიშნული კანონის ამოქმედების დროისთვის მოსარჩელე არის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან) - იგი გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან (ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავისაგან). სასამართლოს შეფასებით, სამშენებლო სამართალდარღვევა გამოვლინდა 2018 წლის სექტემბერში, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმის დაკისრების შესახებ გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია 2019 წლის 21 იანვარს და კანონი მხოლოდ 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, არსებობდა ჯარიმის დაკისრების ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახდელი დაეკისრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით, თუმცა სამართალდარღვევა ჩადენილი იქნა 2019 წლის 15 იანვრამდე, შესაბამისად, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, მ. შ-ე მართებულად გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, უდავო გარემოებაა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით მ. შ-ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის დასახლება №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. თუმცა სასამართლოს შეფასებით არსებობდა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების წინაპირობა მოსარჩელის საპენსიო ასაკის გამო, რასაც არ იზიარებს კასატორი და აღნიშნავს, რომ სასამართლომ სამართალდარღვევის გამოვლენა დაუკავშირა მითითების გაცემის თარიღს იმ პირობებში, როდესაც სამსახურის მიერ მითითების გაცემით წარმოება იწყება შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, ხოლო სამსახურის დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო (ჩვენს შემთხვევაში ადმინისტრაციული) სამართალდარღვევის ჩადენას.

კასატორის მოსაზრებით, ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი - 2019 წლის 21 იანვარი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მ. შ-ეზე 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება უსაფუძვლოა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის მიხედვით, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება პირი, რომელმაც სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, პირის მიერ კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა საბოლოოდ დგინდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული დადგენილებით და არა მითითების გაცემით, ხოლო ვინაიდან მუნიციპალური ინსპექციის №004022 დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 21 იანვარს, შესაბამისად მის მიერ სამართალდარღვევაც ჩადენილად უნდა ჩაითვალოს ამ დროისთვის, ამიტომ სასამართლოს მსჯელობა, რომ მ. შ-ეის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2018 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, არ გამომდინარეობს კანონმდებლობის დანაწესიდან და სასამართლოს მიერ მატერიალური კანონის ამგვარი განმარტება და მის საფუძველზე გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანა წარმოადგენს გადაწყვეტილების გამოტანას კანონის დარღვევის საფუძველზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 13 სექტემბერს მ. შ-ეის მიმართ შედგა №004022 მითითება. აღნიშნული აქტით მ. შ-ეს მიეთითა, ქ. თბილისში, ...ის დასახლება №...-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ მავთულბადის ღობის მოწყობისათვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს შედგა №004022 შემოწმების აქტით 2018 წლის 13 სექტემბრის №004022 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა, რაც გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით მოსარჩელის 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.

მითითებული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების წინაპირობებს; კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, რამდენადაც სამართალდარღვევა გამოვლინდა 2018 წლის სექტემბერში და გაიცა შესაბამისი მითითება, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ მ. შ-ე დაბადებულია 1957 წლის 16 დეკემბერს, შესაბამისად იგი ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების დროისათვის (01.10.2019წ. (N4964-Iს)) წარმოადგენდა 60 წელს გადაცილებულ პირს, რაც ადასტურებს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე იგი ექვემდებარება 2019 წლის 21 იანვრის №004022 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის (8 000 ლარის) და საურავის გადახდისაგან გათავისუფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა