Facebook Twitter

№76აგ-13 16 სექტემბერი, 2013 წელი

ზ-ი ბ, 76აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით ბ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. ზ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 17 ნოემბრიდან 2011 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით:

ბ. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, ¼–ით შეუმცირდა როგორც რეალური, ისე პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ბ. ზ-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით) სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით, 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით) სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ ბ. ზ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 იანვრიდან.

მასვე სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 17 ნოემბრიდან 2011 წლის 18 იანვრის ჩათვლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ზ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ბ. ზ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ზ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი