საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-899(კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე. კ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-იმა 2022 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა კადრების განყოფილებაში მყოფი ე. კ-ის 1994 წლის 07 აგვისტოდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 01 ივნისის №MOD 7 22 00001855 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემის დავალება, რომლითაც ე. კ-ი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებოდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1992 წლის 11 ივლისის №101 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ეროვნული გვარდიის ...-ე ბატალიონის ...ად. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის №119 ბრძანების თანახმად, ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა სამი თვის საგამოცდო ვადით სამხედრო პოლიციის ბატალიონის ...ედ ...ის დარგში 1992 წლის 1 ივლისიდან. სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 25 იანვრის №10 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...ად, ამავე წლის 20 იანვრიდან. სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 31 მარტის №49/2 ბრძანებით კი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ად 1993 წლის 15 თებერვლიდან.
სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 მაისის №73 ბრძანებით, მივლინებულ იქნა აფხაზეთის რეგიონში ...ის შემადგენლობის ჯგუფის შემადგენლობაში. სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 12 მაისის №82 ბრძანებით ე. კ-ი დაინიშნა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ად 1993 წლის 3 აპრილიდან. 1993 წლის 9 სექტემბრის სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის №171 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან საშტატო განრიგების შეცვლის გამო და ჩაირიცხა კადრების განკარგულებაში.
მოსარჩელის მოსაზრებით, იგი თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში დღემდე ირიცხება, ვინაიდან ამ დრომდე არ არის გამოცემული ბრძანება კადრების განკარგულებიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რის გამოც მიმართა თავდაცვის სამინისტროს წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მიზნით. 2018 წლის 10 აგვისტოს MOD1800002802 ბრძანებით ე. კ-ი ჩაითვალა 1993 წლის 2 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი, ე. კ-ის 1993 წლის 2 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად ჩათვლის თაობაზე. მოპასუხეს დაევალა, გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელე ე. კ-ისთვის წელთა ნამსახურობის ხელახალი დაანგარიშების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში.
მოსარჩელის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და ე. კ-ი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად მიიჩნია 1994 წლის 7 აგვისტოდან. აღნიშნული ბრძანებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, რაც გახდებოდა ე. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.
ე. კ-ი მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა ე. კ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ მისი დათხოვნას, 1993 წლიდან დღემდე ითვლება კადრების განკარგულებაში მყოფად და აღნიშნული პერიოდი უნდა ჩათვლოდა სამხედრო ნამსახურების წლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 01 ივნისის №MOD 7 22 00001855 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ე. კ-ითან მიმართებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის №171 ბრძანების თანახმად, სამხედრო პოლიციის სამმართველოს საშტატო განრიგების შეცვლის გამო სამხედრო მოსამსახურეები განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და გადაეცნენ კადრების განკარგულებაში. მათ შორის, კაპიტანი კ-ი ე. სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ი 1993 წლის 1 სექტემბრიდან შტატის გაუქმების გამო. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის 1994 წლის 7 ივნისის №13 ბრძანებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სამხედრო პოლიციის სამმართველო (ქვედანაყოფი, სადაც ე. კ-ი კადრების განკარგულებაში გადაყვანისას მსახურობდა).
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანების თანახმად, გაუქმებული სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების (მათ შორის, სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთების) პირადი შემადგენლობის ბედი გადაუწყვეტელი დარჩა. შესაბამისად, ამავე ბრძანებით აღრიცხვიანობის წესრიგში მოყვანის მიზნით გაუქმებული ნაწილების და შენაერთების პირადი შემადგენლობა, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ შეიარაღებულ ძალებში თანამდებობებზე, სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ ჩაითვალნენ დათხოვნილად ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან და თადარიგში ჩარიცხულად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე. კ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და სამხედრო სამსახურის რეზერვში ჩაირიცხა შტატების შემცირების საფუძვლით, შესაბამისი ქვედანაყოფის გაუქმებამდე, რის გამოც გაუგებარი და ბუნდოვანი იყო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია ქვედანაყოფის გაუქმებასთან დაკავშირებით მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ არის და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის მიხედვით, რეზერვში ჩარიცხვის რა პერიოდი იყო დადგენილი და ამ პერიოდის შემდგომ, რა სამართლებრივი შედეგი იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თარიღიც სწორედ აღნიშნულ გარემოებებს უნდა დაკავშირებოდა და არა, მისი სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ სამხედრო ქვედანაყოფის გაუქმებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 01 ივნისის №MOD 7 22 00001855 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ამასთან სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოქმედებდა თუ არა ე. კ-იზე ის ორთვიანი მოცდის პერიოდი, რაც სამინისტრომ მის მიერვე გამოცემული ბრძანებით განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ასევე ე. კ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითც ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების (საქმე 3/992-18) აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლითაც შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანებაში და ბრძანებით განსაზღვრულ №1 დანართში დაემატა მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. კადრების განყოფილებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ი ე. შ.-ს ძე კ-ი - დათხოვნილად ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან 1994 წლის 7 აგვისტოდან“.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა სადავო გარემოებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაედგინა ის შრომითი ურთიერთობა, რომელიც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა მოქმედებდა თუ არა ე. კ-იზე ის ორთვიანი მოცდის პერიოდი, რაც სამინისტრომ მის მიერვე გამოცემული ბრძანებით განსაზღვრა, რამდენადაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფში დაწყებული რეორგანიზაციის საფუძველზე მოსარჩელე 1993 წლის 9 სექტემბრის №171 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში (რაც არ ნიშნავს თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნას), რადგან კადრების განკარგულებაში მყოფი პირი იღებს გარკვეული სახის შრომის ანაზღაურებას და ეს პერიოდი მას ეთვლება სამხედრო ნამსახურობის წლებში. ამასთან, პალატის შეფასებით დადგენილი ფაქტია, რომ 1994 წლის 7 ივნისის №13 ბრძანებით გაუქმდა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო და მისი პირადი შემადგენლობის გარკვეული ნაწილის (მათ შორის, ე. კ-ის) თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი დარჩა გადაუწყვეტელი. შესაბამისად, ამ კატეგორიის პირების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად გამოიცა თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანება, რომლის თანახმად, გაუქმებული ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობა, რომლებიც არ დანიშნულან შეიარაღებულ ძალებში გარკვეულ თანამდებობებზე, სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ ჩაითვალნენ დათხოვნილად სამხედრო სამსახურიდან და ჩარიცხულ იქნენ რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო გაუქმდა 1994 წლის 7 ივნისს, თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანების თანახმად მოსარჩელე ე. კ-ი - სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია და რეზერვში ჩარიცხულია 1994 წლის 7 აგვისტოდან.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის (საქმე 3/992-18) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოიცა სადავოდ გამხდარი თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 01 ივნისის №1855 ბრძანება, რომელმაც რეალურად ე. კ-ის 1994 წლის 7 აგვისტოდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა.
საკასაციო საჩივარში კასატორის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით მითითებულია იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც სარჩელშიც მიუთითებდა და დამატებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 24 ივლისის №4483 ბრძანებით ცვლილება შევიდა თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში და ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ გაუქმებული სამხედრო დანაყოფების მოსამსახურეები დანაყოფების გაუქმებიდან ორი თვის ვადაში ჩაითვალნენ დათხოვნილად სამხედრო სამსახურიდან. ამავე ბრძანებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების სახელობითი სია განისაზღვრა დანართი №1-ის შესაბამისად, რომელსაც აწარმოებს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და დანართი 1-ში დაემატა მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ი ე. შ.-ს ძე კ-ი, დათხოვნილად ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან 1994 წლის 7 აგვისტოდან, რადგან ნაწილი გაუქმდა 7 ივნისს და აქედან მოხდა ორთვიანი ვადის ათვლა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 24 ივლისის №4483 ბრძანება ეხებოდა გაუქმებულ სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეთა მდგომარეობას, ხოლო ე. კ-ი ნაწილის გაუქმებამდე შტატების შემცირების გამო იყო გადაყვანილი კადრების განკარგულებაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა დასაბუთება იმ ნაწილში, რომ ე. კ-ი სამსახურიდან დათხოვნილი და კადრების განკარგულებაში გადაყვანილი იქნა სამხედრო დანაყოფის გაუქმებამდე, შესაბამისად, ე. კ-ის რეზერვიდან ამორიცხვის დაკავშირება სამხედრო ნაწილის გაუქმებასთან უკანონო აქტს წარმოადგენს.
კასატორის შეფასებით, ე. კ-ი 1993 წლის პირველი სექტემბრიდან მიიჩნევა კადრების განკარგულებაში ჩარიცხულად, კადრებში ყოფნის ვადა არ არის დღემდე განსაზღვრული, შესაბამისად, სწორედ 2017 წელს შექმნილ კომისიას უნდა ემსჯელა და დაედგინა, რომ ე. კ-ი დღემდე ითვლებოდა თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში რიცხულად.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ დაუსაბუთებელია თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 01 ივნისის №MOD72200001855 სადავო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რამდენადაც, მხოლოდ განმარტა, რომ აღნიშნული აქტი წარმოადგენდა 2021 წლის 30 მარტის №3/992-18 საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გამოცემულ აქტს, რითაც ფაქტობრივად გამორიცხა, რომ თავად 2022 წლის 01ივნისის №MOD72200001855 გადაწყვეტილება თავისი არსით წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და მისი როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური კანონიერების საკითხი შეიძლება შეფასდეს დამოუკიდებლად.
კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 24 ივლისის №4483 ბრძანება უნდა გავრცელებულიყო საჯარისო დანაყოფების გაუქმებამდე კადრების განკარგულებაში დათხოვნილ პირებზე, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რომ 2020 წლის 24 ივლისის №4483 ბრძანებით ნორმატიული აქტით გაუარესდა იმ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობა, რომელთა მიმართ 2020 წლამდე არ იყო მოწესრიგებული სამართლებრივი ბედი და არ იყო გამოცემული ნორმატიული აქტი. ამდენად, ვინაიდან ე. კ-ი დღემდე ითვლება კადრების განკარგულებაში მყოფ პირად, მას გააჩნია სრული იურიდიული ინტერესი ახალი აქტის მიღებით აქტის მიღების დღიდან განისაზღვროს მისი დათხოვნა კადრების განკარგულებიდან. აღნიშნული აქტი მისცემს შესაძლებლობას ე. კ-ის, მოითხოვოს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი კომპენსაცია წელთა ნამსახურობის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის №171 ბრძანების თანახმად, სამხედრო პოლიციის სამმართველოს საშტატო განრიგების შეცვლის გამო სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, კაპიტანი კ-ი ე., დაბადებული 1944 წლის 06 დეკემბერს, სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ი, 1993 წლის 1 სექტემბრიდან შტატის გაუქმების გამო, განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და ჩაირიცხნენ კადრების განკარგულებაში.
1994 წლის 7 ივნისის №13 ბრძანებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სამხედრო პოლიციის სამმართველო, ქვედანაყოფი, სადაც ე. კ-ი კადრების განკარგულებაში გადაყვანისას მსახურობდა. დადასტურებულია, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი ე. კ-ი სამხედრო თანამდებობაზე აღარ დანიშნულა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 იანვრის №MOD 2 18 00093106 წერილით, ე. კ-ის ეცნობა, რომ საარქივო მასალებში ინახებოდა მხოლოდ სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის იანვარ-სექტემბრის ბრძანებები, კაპიტან - ე. კ-ის დანიშვნისა და გადაადგილებების თაობაზე.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანების თანახმად, გაუქმებული სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების (მათ შორის, სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთების) პირადი შემადგენლობის ბედი გადაუწყვეტელი დარჩა. შესაბამისად, ამავე ბრძანებით აღრიცხვიანობის წესრიგში მოყვანის მიზნით გაუქმებული ნაწილების და შენაერთების პირადი შემადგენლობა, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ შეიარაღებულ ძალებში თანამდებობებზე, სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ ჩაითვალნენ დათხოვნილად ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან და თადარიგში ჩარიცხულად.
აღსანიშნავია, რომ მართალია, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანების დანართის პირველადი რედაქციით განსაზღვრულ პირთა სიაში მოსარჩელე არ ფიქსირდებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის (საქმე №3/992-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2022 წლის 01 ივნისს გამოსცა №MOD 7 22 00001855 ბრძანება და შევიდა ცვლილება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის №134 ბრძანებაში და ბრძანებით განსაზღვრულ №1 დანართში დაემატა მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. კადრების განყოფილებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ი ე. შ.-ს ძე კ-ი - დათხოვნილად სამხედრო სამსახურიდან 1994 წლის 7 აგვისტოდან“.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით), რომლის თანახმად, ზღვრული ასაკის შესრულებამდე ოფიცერი შეიძლება დათხოვნილიყო სამხედრო სამსახურიდან შტატების შემცირების გამო (პუნქტი 42). შტატების შემცირებას ასევე უკავშირდებოდა მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებობაზე ოფიცერთა გადაადგილების შესაძლებლობაც (პუნქტი 19). ამ დადგენილების 43-ე პუნქტი ოფიცრები სამხედრო სამსახურიდან გადადგომით შეიძლება დაეთხოვათ რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რაც ,,საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, მოსარჩლესთან, როგორც კაპიტნის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურესთან მიმართებაში შეადგენდა 40 წელს.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილების 47-ე პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, ოფიცრების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ან სამსახურიდან გადადგომის დღედ ითვლებოდა ნაწილის პირადი შემადგენლობიდან ნაწილის მეთაურის /უფროსის/ ბრძანებით მათი ამორიცხვის დღედ.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო აქტით - თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 01 ივნისის ბრძანებით რეალურად განხორციელდა ე. კ-ის 1994 წლის 7 აგვისტოდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის კონსტატაცია, რაც გამორიცხავს კასატორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას მისი 1993 წლის პირველი სექტემბრიდან განუსაზღვრელი ვადით კადრების განკარგულებაში ჩარიცხულად ყოფნის თაობაზე. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის (საქმე №3/992-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც, რომლის სამოტივაციო ნაწილში მიეთითა, რომ მიუხედავად რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების არ არსებობისა (მოუძიებლობისა), არ შეიძლება მიჩნეული იქნას, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან დღემდე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა