Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-1234 (კ-23) 16 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა.ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინებით ა.ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 27.01.2021წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ე-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 15.12.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რადგან არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 396-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო ორ ეგზემპლარად. ერთ შემთხვევაში საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა ა.ე-ის წარმომადგენელი ა.ლ-ე, თუმცა საქმეში არ არის დაცული მინდობილობა, რომლითაც ა.ე-ის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება ა.ლ-ეს. სსკ-ის 396.2 მუხლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მეორე ეგზემპლარს, იგი ხელმოწერილი იყო თავად ა.ე-ის მიერ, თუმცა საკასაციო საჩივარზე ასახული ხელმოწერა იყო ასლი და არა დედანი. სსკ-ის 396-ე მუხლის 1 ნაწილის "თ" ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. შესაბამისად, ა.ე-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2023წ. განჩინება გაეგზავნა ა.ე-ს საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 30.01.2024წ.. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 06.02.2024წ. 24 საათზე (სამშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ა.ე-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა