Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით


საქმე №ბს-1(გ-24) 6 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს ,,თ...-ის“ სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 14 დეკემბერს შპს ,,თ...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2023 წლის 25 სექტემბრის №5 ოქმის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 14 ნოემბრის № 3046 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელით, მოსარჩელემ იშუამდგომლა დავის გადაწყვეტამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 14 ნოემბრის №3046 განკარგულების მოქმედების შეჩერებისა და შპს „თ...-ის“ შავი სიიდან ამოღების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „თ...-ის“ სარჩელი და შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დავის საგანს წარმოადგენს როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სწორედ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2023 წლის 25 სექტემბრის №5 ოქმის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებით. ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისთვის - მისი უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემისა თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის/ქმედების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 14 ნოემბრის №3046 განკარგულებას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული განკარგულება წარმოადგენს სადავოდ გამხდარი აქტების თანმდევ შედეგს და შესაბამისად, მისი შეფასებაც უნდა მოხდეს სადავო აქტებთან ერთობლიობაში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „თ...-ის“ სარჩელი, მოპასუხეების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს „თ...-ის“ სარჩელი განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,თ...-ის" სარჩელი მიმართულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, №154), კასპის მუნიციპალიტეტის მერიის (მის: ქ.კასპი, კოსტავას ქ. №18) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (მის: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8) მიმართ.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეთა უმეტესი ნაწილის ადგილსამყოფელი ქალაქი თბილისია. ამავდროულად, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2023 წლის 25 სექტემბრის №5 სხდომის ოქმში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების წესი (თუმცა მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში), ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 14 ნოემბრის №3046 განკარგულების სარეზოლუციო ნაწილებში განმარტებულია გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული აქტები შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეს გასაჩივრებული ყველა აქტის მიმართ ერთნაირი ინტერესი აქვს და თითოეული მათგანი აყენებს ზიანს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო არ წარმოადგენენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჩივარი. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სამართლებრივი დავის დასაწყებად კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის №5 ოქმი სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. ამავე დროს, არ დაეთანხმა სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას და სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დამატებით გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 14 ნოემბრის №3046 განკარგულება შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელემ, ამ შემთხვევაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გამოხატული ნებისა და ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, ასევე მოპასუხეთა უმეტესი ნაწილის - ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი) განსჯად სასამართლოს წარმოადგენს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,თ...-ის" საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ (სამართლიანი სასამართლო განხილვის) უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლო განხილვის უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას და განსჯადობას. სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა ადმინისტრაციული სასამართლოს საგნობრივი განსჯადობა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე განეკუთვნება იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანია: 1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2023 წლის 25 სექტემბრის №5 ოქმი, რომლითაც შპს ,,თ...-ს" მიენიჭა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; 2. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,თ...-ის" საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ასევე 3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 14 ნოემბრის №3046 განკარგულება, რომლითაც შპს ,,თ..." დარეგისტრირდა შავ სიაში. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია სამი დამოუკიდებელი მოპასუხის: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. აქედან ორი მოპასუხის: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ადგილსამყოფელი ქალაქ თბილისში მდებარეობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული განსჯადობის წესის თანახმად კი, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად ექსკლუზიური, გამომრიცხავი ხასიათის მატარებელია. მე-16 მუხლი გულისხმობს განსჯადობის ისეთ შემთხვევას, როცა უპირატესობა ამ მუხლით დადგენილ წესს ენიჭება, მიუხედავად სხვა პირობების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-20 მუხლი კი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) ნორმა უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას - იმავე კოდექსის მე-16 მუხლით რეგლამენტირებული განსაკუთრებული განსჯადობისას სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოში წარადგინოს ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებულ სამ მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას იურიდიულ ადგილსამყოფელს შორის მოსარჩელემ განსჯადი სასამართლო აირჩია ორი მოპასუხის: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა (ქ.თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8) და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №154; ბიზნეს ცენტრი ,,მწვანე ოფისი“) ადგილსამყოფლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და იქ წარადგინა სარჩელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსთვის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ადგილმდებარეობის - ქ. თბილისი მიხედვით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ ძირითად აქტს წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2023 წლის 25 სექტემბრის №5 ოქმი. აღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმებას ითხოვდა შპს ,,თ...“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრით, რომლის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,თ...-ის" საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ზემოაღნიშნულ ტენდერში არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო კი სსიპ შესყიდვების სააგენტომ შპს ,,თ..." შავ სიაში შეიყვანა, რომლის კანონიერების შემოწმებაც ასევე დავის საგანია.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სამართლებრივად იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რომ დაუშვებელია მათი ცალ-ცალკე წარმოებად გამოყოფა და დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში განხილვა.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელის ავტორმა გამოიყენა კანონით მათთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამდენად, საქმე შპს ,,თ...-ის" სარჩელისა გამო ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,თ...-ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე