Facebook Twitter

საქმე №ბს-1017(კ-23) 22 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 15 თებერვალს ჯ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 20 მარტს მასა და თ.კ-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 20 მარტამდე. ზემოაღნიშნული თარიღი იყო თანხის სრულად დაფარვის ბოლო ვადა, რომლის თარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იყო მიეღო სააღსრულებო ფურცელი და მოეთხოვა ქონების რეალიზაცია. მხარეებს შორის დადებული 20.03.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსმა - ნ.მ-მა 2015 წლის 18 მარტს უსაფუძვლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 5 იანვრის, უკანონოდ გამართული აუქციონის შედეგად მოვალე ჯ.მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: გარდაბანი, სოფელი ..., მიწის ნაკვეთის ფართით 362 033 კვ.მ-ის (ს/კ...) მესაკუთრე გახდა თ.კ-ე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების დღიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას, რის დასადასტურებლადაც სარჩელს თან დაურთო კრედიტორზე თანხის გადარიცხვის საბანკო ქვითრები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კრედიტორმა - თ.კ-ემ ბოროტად გამოიყენა უფლება. ნოტარიუსმა კი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა თ.კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაება კერძო აღმასრულებელი: ზ.ფ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა ე.გ-ა.

მოსარჩელემ 27.05.2016წ. დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხეებად მიუთითა ნოტარიუსი - ნ.მ-ი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა, ნოტარიუს - ნ.მ-ის მიერ 2015 წლის 18 სექტემბერს გაცემული საღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №...), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულების ბათილად ცნობა და მოსარჩელესა და თ.კ-ეს შორის შეთანხმების გაფორმების მომენტში (2015 წლის 22 აგვისტო) არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, მიწის (მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი: №...) მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა.

2016 წლის 14 ივნისს ჯ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, მოპახუხე - ნოტარიუს ნ.მ-ის მიმართ, 2015 წლის 18 სექტემბერს გაცემული საღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №...) ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნას უკან იხმობდა, შესაბამისად მოითხოვა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით ჯ.მ-ის წარმომადგენლის დ.ჩ-ის შუამდგომლობა, სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ჯ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე - ნოტარიუს ნ.მ-ის მიმართ, 2015 წლის 18 სექტემბერს მიერ 2015 წლის 18 სექტემბერს გაცემული საღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №...) ბათილად ცნობის შესახებ, დარჩა განუხილველი.

ჯ.მ-მა 2016 წლის 6 ივნისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულების მოქმედების შეჩერება დავის საბოლოო დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ჯ.მ-ის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულების მოქმედების შეჩერებაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ჯ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 146-ე, 147-ე, 25-ე მუხლებზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ კერძო აღმასრულებელი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენის პირობებში ვალდებული იყო დაეწყო სააღსრულებო წარმოება და დამოუკიდებლად განეხორციელებინა აუქციონის მოსამზადებელი პროცედურები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მოიხმო „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესის და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ქვეპუნქტები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის წერილით ჯ.მ-ს ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა, აღნიშნული წერილი 2015 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა მოვალის მეუღლეს. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.მ-მა მისი მოთხოვნის საფუძველზე 2015 წლის 20 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლისგან ჩაიბარა სააღსრულებო ფურცლის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ასლები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე მხარისთვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღო შესაბამისი ვებ-გვერდიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დადგენილ ვადაში მოსარჩელეს აღმასრულებლის არცერთი მოქმედება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იკვეთებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული განკარგულების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, არ არსებობდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მასა და თ.კ-ეს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა ჰქონდა 2015 წლის ოქტომბრის თვემდე, ასევე თავის მხრივ თ.კ-ე იღებდა ვალდებულებას არ განეხორციელებინა კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი ღონისძიებები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თ.კ-ემ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მიზნით 2015 წლის სექტემბერში მიმართა ნოტარიუსს, რის შემდეგადაც განხორციელდა ჯ.მ-ის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის გზით რეალიზაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულების კანონიერება და მოსარჩელესა და თ.კ-ეს შორის შეთანხმების გაფორმების პერიოსთვის (22.08.2015წ) არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის (ს/კ ...) მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს ჯ.მ-სა და თ.კ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ.კ-ემ (გამსესხებელი-იპოთეკარი) 70 000 აშშ დოლარი 5 წლის ვადით ასესხა ჯ.მ-ს (მსესხებელი-მესაკუთრე). ამავე ხელშეკრულების თანახმად, დაფარვის თარიღი განისაზღვრა 2019 წლის 20 მარტამდე, ხოლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების უზრუნველსაყოფად მესაკუთრემ/მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - გარდაბანი, სოფ. ..., ... ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი №....

2015 წლის 22 აგვისტოს ჯ.მ-სა და თ.კ-ეს შორის დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სესხის გადახდის ვადის გადავადებაზე 2015 წლის ოქტომბრამდე, შეთანხმების თანახმად მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას იპოთეკარისთვის აღნიშნული ვადის განმავლობაში გადაეხდა 2800 აშშ დოლარი, დამატებული დარიცხული პირგასამტეხლო აღნიშნული თანხის 0,2% ოდენობით ყოველთვიურად, დაწყებული 22.08.2015წ-დან ფაქტიური გადახდის დღემდე. იპოთეკარი კი, თავის მხრივ, კისრულობდა ვალდებულებას არ დაეწყო ხელშეკრულებით, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურები (ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის აღება; აუქციონის ჩატარება და ა.შ.). მსესხებლის მიერ ზემოაღნიშნული ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2015 წლის 01 ნოემბრიდან იპოთეკარი უფლებამოსილი იყო დაეწყო პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურები (ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის აღება; აუქციონის ჩატარება და ა.შ.) იპოთეკარის კუთვნილი ფულადი სახსრების იძულებით ამოღებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების აღსრულების მიზნით 2015 წლის 18 სექტემბერს ნოტარიუსმა ნ.მ-ის გასცა №... სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მიეთითა რომ მოვალის - ჯ.მ-ის კუთვნილი ...კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: გარდაბანი, სოფელი ..., (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი №...) მიმართ უნდა დაწყებულიყო იძულებითი აღსრულება. თ.კ-ემ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით 24.09.2015წ. მიმართა კერძო აღმასრულებელს ზ.ფ-ს და მოითხოვა მოვალის - ჯ.მ-ის მიმართ 77 232 აშშ დოლარისა და 120 ლარის ფარგლებში აღსრულების განხორციელება, კერძოდ იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

ამასთან, დადგენილია, რომ 2015 წლის 24 სექტემბრის წერილით კერძო აღმასრულებელმა მოვალე - ჯ.მ-ს მისცა წინადადება ვალდებულების 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ზემოაღნიშნული წინანადადება გაიგზავნა მისამართზე - გარდაბანი, ს. ... მე-... ქ. №88 და 2015 წლის 26 სექტემბერს მოვალეზე გადასაცემად ჩაბარდა მოვალის მეუღლეს - ს.მ-ას. საქმეში წარმოდგენილი ჯ.მ-ის განცხადებით, ასევე, დგინდება, რომ ჯ.მ-ამ 2015 წლის 20 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლისაგან გამოითხოვა სააღსრულებო ფურცლისა და იპოთეკის ხელშეკრულების ასლები, ასევე ინფორმაცია მასზედ დანიშნული იყო თუ არა აუქციონი იპოთეკის საგანზე, მდებარე: გარდაბანი, სოფ. ..., საკ. კოდი ....

საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კერძო აღმასრულებელმა 2015 წლის 24 სექტემბრის განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ჯ.მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ გარდაბანის რაიონის სოფელ ...ში, 362 033 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ...) უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სერვისების განყოფილების უფროსის 2015 წლის 7 ოქტომბრის მიმართვით ზ.ფ-ს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ჯ.მ-ის საკუთრების უფლება, რომელსაც მისი მიმართვის საფუძველზე ედო ყადაღა.

დადგენილია, რომ ზ.ფ-მა შპს „...ის“ დირექტორს სთხოვა გარდაბნის რაიონის, სოფელ ...ში, საერთო ფართით 362 033 კვ.მ ს.კ ... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასება. შპს „...ის“ 2015 წლის 28 სექტემბრის №01.0045 დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებამ, 2015 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 310 000 (სამასათი ათასი) ლარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულებით მოვალე ჯ.მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ..., მიწის ნაკვეთის ფართი: 362 033 კვ.მეტრი, ს/კ ..., შემძენი 2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ.კ-ე (პ/ნ...); თ.კ-ემ (პ/ნ...) უძრავი ქონება შეიძინა 182 900 ლარად; თ.კ-ემ თანხა გადაიხადა სრულად; აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის თ.კ-ის სასარგებლოდ. სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 13 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ.კ-ის სახელზე. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 24.10.2016წ. ამონაწერით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 190 717.00 კვ.მ. ფართი 2016 წლის 24 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ე.გ-ას სახელზე.

საკასაციო სასამართლო ხასგასმით მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 12.01.2016წ. №A15075957-015/003 განკარგულების კანონიერება და 2015 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსარჩელის სახელზე აღდგენა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს - ნ.მ-ის მიმართ ამ უკანასკნელის 2015 წლის 18 სექტემბერს გაცემული საღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №...) ბათილად ცნობის თაობაზე გაიხმო, რის გამოც სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დარჩა განუხილველი. ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს კასატორის პრეტენზია ნოტარიუსის ქმედების არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ

ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სანოტარო აქტის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში ან პირიქით, ვიდრე ამას აღსასრულებელი აქტი ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებას, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ხოლო მე-5 პუნქტით, აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებლის წინადადება 7 დღიან ვადაში კრედიტორის მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ჩაბარდა 2015 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა ჯ.მ-ის ცოლს. კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემულ აქტში განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, მე-18, 70-ე, 632 მუხლების შინაარსი. მოვალე მხარეს ასევე განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა და მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეეძლო მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ჯ.მ-მა 20.10.2015 წელს ჩაიბარა სააღსრულებო ფურცლის და იპოთეკის ხელშეკრულების ასლები. ამდენად, ჯ.მ-ი სრულად იყო ინფორმირებული მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა და მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ კერძო აღმასრულებლმა და შემდგომში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სწორად განახორციელეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას და ვებ. გვერდის საშუალებით მიეღო ინფორმაცია აუქციონის მიმდინარეობის შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ კერძო აღმასრულებლის მოქმედებების გასაჩივრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის №A15075957-015/003 განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო განკარგულება, რომელიც აუქციონის შედეგს წარმოადგენს, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით. საგულისხმოა ასევე, რომ სადავო ქონების გარკვეული ნაწილი ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირის საკუთრებაშია, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარზე ნ.გ-ს 16.11.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. ნ.გ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 16.11.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა