საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-81 (კ-24) 01 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე.ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023წ. განჩინებით ე.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ს-მა. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე.ს-ის წარმომადგენელს ს.ო-ეს და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 20.11.2023წ. (ს.ფ. 437). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.12.2023წ. (ორშაბათი) 24 საათი. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი 18.12.2023წ. არის შედგენილი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის შტამპით დგინდება, რომ ე.ს-ის საკასაციო საჩივარი წარდგენილია ასევე 18.12.2023წ.(ს.ფ.441).
ამასთანავე, ე.ს-ის წარმომადგენელმა ს.ო-ემ 31.01.2024წ. შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვა მოითხოვა.
სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023წ. განჩინება ე.ს-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა ე.ს-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ასევე განუხილველად უნდა დარჩეს ე.ს-ის წარმომადგენლის ს.ო-ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. ე.ს-ის წარმომადგენლის ს.ო-ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. ე.ს-ის წარმომადგენელს ს.ო-ეს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე თანდართული დოკემენტები;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა