Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-539(2კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მა“ 2019 წლის 1 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა და ასევე ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ და დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,...მა’’ QN1573675 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის შესახვევის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა მოითხოვა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,...ს” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის შესახვევის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ სავალ ნაწილზე განივი კვეთებისას ასფალტის საფარი აღდგენილ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყებიდან 05 დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 10 დღის ვადაში. ხოლო გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით დადგინდა, რომ ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა - ხრეშოვანი დამუშავებით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. ყურადღება გამახვილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,...’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ სათანადოდ არ უმსჯელია, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული განმცხადებლისათვის კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. სასამართლოს მსჯელობით, არ არის დასაბუთებული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შესაბამისობაში არის თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან. ამასთან, განიმარტა, რომ არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმის გარკვევა, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სს ,,...ს“ მიერ დავალებული სამუშაოების შესრულებისას (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც სს ,,...ს“ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა აუცილებლობით იქნა გამოწვეული განმცხადებლისათვის (სს „...“) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), ამასთან, სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და დადგენილი პირობა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილშიც და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ 2018 წლის 12 თებერვლის NQN1573675 გადაწყვეტილებით, სს „...ს“ მიეცა თანხმობა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, N2 დანართით განსაზღვრული, სამუშაოების წარმოების პროცესში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის მიმართ წაყენებულ მოთხოვნების დაცვის პირობით. დანართი N2-ით გათვალისწინებული იქნა სს "...სთვის" შესასრულებლად სავალდებულო 22 პუნქტი. მათგან ყველა, გარდა გასაჩივრებული მე-11 პუნქტისა, შედგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წაყენებისას, სააგენტომ იხელმძღვანელა ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც წარმომადგენლის მსჯელობით, სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

კასატორი მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიმართ თითოეული შეზღუდვის/პირობის დაწესება წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ყველა არსებითი გარემოების შესწავლის, განმცხადებლისა და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების შედეგს. ის ფაქტი, რომ სს „...სათვის" წაყენებული 22 პუნქტიანი პირობებიდან, მხოლოდ ერთის მიმართ გამოიყენა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განსხვავებული პირობის წაყენების უფლებამოსილება, თავისთავად მიუთითებს საკითხის მნიშვნელობასა და საჯარო ინტერესის უპირატესობაზე. მისივე მსჯელობით, სადავო გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სს "...ს" დაევალა ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ახალი ასფალტის მოწყობა ტროტუარის მთლიან საფარზე. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა - ასფალტის საფარი როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე არის ახალი მოწყობილი. ამასთან, ტრანშეის აღდგენის დროს ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვის შემთხვევაშიც წარმოიქმნება საფუძვლის ფენების არაერთგვაროვნება, რაც წარმოადგენს აღდგენილი ტრანშეის შემდგომი დეფორმაციის მიზეზს; წარმოიქმნება ცივი ნაკერი ახალი და ძველი ასფალტბეტონის გადაბმის ადგილებში, რაც ამცირებს ასფალტბეტონის საფარის საექსპლუატაციო ვადას; მნიშვნელოვნად აზიანებს ტროტუარის ვიზუალურ მხარეს; ტრანშეის მცირე სიგანის გამო გართულებულია ტექნოლოგიური პროცესების დაცვა, კერძოდ, საფუძვლის ფენების დატკეპნა, რაც იწვევს ტრანშეის გასწვრივ ჯდენების განვითარებას. ჩამოთვლილი გარემოებები წარმომადგენლის მითითებით იწვევს საექსპლუატაციო ვადის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ახლადმოწყობილ/ დაუზიანებელ ტროტუარზე ტრანშეის მოწყობის შემთხვევაში რეკომენდებულია მოეწყოს ახალი ასფალტბეტონის საფარი ტროტუარის მთლიან ფართზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ...ის ქუჩა მდებარეობს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში და გამოირჩევა დატვირთული სამანქანო და საფეხმავლო მოძრაობით დღე - ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურებს გააჩნიათ მომეტებული პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან აღნიშნული ტერიტორიის იერსახე, ინფრასტრუქტურის გამართულობა და განხორციელებული და განსახორციელებელი სამუშაოების ხარისხის სტანდარტი. სსიპ ქონების მართვის სააგენტო, როგორც სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, იზიარებს რა მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისა და ელექტრული ქსელების გამართულობის მნიშვნელობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობისა და დედაქალაქის წინაშე არსებული სხვა ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ხაზობრივი ნაგებობის შეუფერხებლად განთავსების ოპტიმალურ შესაძლებლობას ისე, რომ არ დაზიანდეს დედაქალაქის ინფრასტრუქტურა.

კასატორი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ზემოხსენებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა. წარმომადგენელი აპელირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებულ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“ და განმარტავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების/ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. კასატორი აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, მე-7 მუხლებზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მიუთითებს, რომ ქონების მართვის სააგენტოს, კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა.

მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. ერთ - ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი ქონების მართვის სააგენტომ არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით (დაუზიანებელი ასფალტის საფარი) მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მთლიანად, სრულად. ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარდგენილ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების 1CNS-11/5097/16 NC-824 ელექტროტექნიკური ნაწილის პროექტის განმარტებით ბარათზე და 2016 წლის 16 ნოემბრის ტექნიკური პირობის მომზადებაზე მოკვლევის 1CNS-11/5097/16 ოქმზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსება - ელექტრო მომარაგება იგეგმება. კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს განმარტება ქონების მართვის სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ მომხდარა კანონმდებლობის დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. ამასთან, მიიჩნევს, რომ დაცულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა ინტერესების მართლზომიერი დაბალანსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტის კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა - ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა - ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,...ს” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად). ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე განივი კვეთებისას ასფალტის საფარი აღდგენილ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 10 (ათი) დღის ვადაში.

ამავე გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტით კი დადგინდა, რომ ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა - ხრეშოვანი დამუშავებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს სათანადო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითა და დასაბუთებითაც აიხსნებოდა საგამონაკლისო წესის გამოყენება და გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტში მისი მითითება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულება.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომელმაც მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის საგამონაკლისო ვითარება იდგა და კერძოსთან მიმართებით საჯარო ინტერესის უპირატესი დაცვის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რამაც განაპირობა განმცხადებლისათვის (სს „...“) კანონმდებლობით ძირითად წესად დადგენილისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. ასევე, არ იყო სათანადო მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის კონტექსტში, კერძოდ, გადაწყვეტილებით დაწესებული განსხვავებული პირობა ხომ არ გამოიწვევდა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივრებში განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დასახელებულ მიზეზზე, კერძოდ, სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარის ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო და რომ მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განმარტება არ ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულზე სარწმუნოდ ვერ მიუთითებენ. გარდა ამისა, დაუდგენელია, თუ რა მტკიცებულებები დაედო საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებას, კერძოდ, რა ფაქტები იქნა შესწავლილი და შეფასებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც დამატებითი პირობების დაწესების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიანიშნებდა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ თხრილის ფარგლებში ან თუნდაც სრული მოცულობით აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შედეგად წარმოებული სამუშაოების არაჯეროვნად/უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამის მექანიზმსაც. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრებში კასატორთა მიერ დასახელებული რისკები არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ასფალტის მხოლოდ თხრილის ფარგლებში მოწყობა არსებითად დააზიანებდა მოწყობილი ტროტუარის საფარს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის QN1573675 გადაწყვეტილების (N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1034 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ ანალოგიურ საქმეებთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულების განმცხადებლისათვის დაკისრება სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და საჯარო და კერძო ინტერესთა სათანადო დაბალანსებით უნდა იქნეს ახსნილი (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის #ბს-945(2კ-20) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 27 აპრილის N01104 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 27 აპრილის #01104 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე