Facebook Twitter

საქმე №ბს-888(კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. შ-ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-იმა 2020 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის №1000701764 დასკვნისა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა უკანონოდ, ვინაიდან არასდროს გასულა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მას გააჩნდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც გაცემული იყო 2009 წლის 18 დეკემბერს ათი წლის ვადით. ვინაიდან 2019 წლის დეკემბერში პასპორტს ეწურებოდა მოქმედების ვადა და არ იმყოფებოდა საქართველოში მიმართა საქართველოს საკონსულოს უკრაინაში, მოითხოვა პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება, რაზედაც წერილობითი პასუხი არ მიუღია, თუმცა ზეპირ საუბარში განემარტა, რომ შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა გაურკვეველი საფუძვლით. რამდენადაც იგი არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და პასპორტის გაგრძელებაც საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნებოდა, გადაწყვიტა გაეგო მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, რის გამოც 2020 წლის 05 მაისს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია მისი მოქალაქეობის სტატუსის შესახებ, თუმცა მას პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია. ამის შემდგომ, 2020 წლის 18 მაისს ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე დახმარებისთვის მიმართა საქართველოს პარლამენტს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 03 ივნისის №2830 წერილით ეცნობა მოსარჩელის მოქალაქეობის სტატუსისა და მისი შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 17 თებერვლის №64 ბრძანებულების საფუძველზე მ. შ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა მ. შ-ის მიერ სხვა ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობის მოპოვება, რაც მოსარჩელის განმარტებით, არ წარმოადგენს სინამდვილეს, ვინაიდან მას არათუ რუსეთის ფედერაციის, არამედ არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა, გარდა საქართველოსი, არ მოუპოვებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მ. შ-ის სარჩელზე მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის №1000701764 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. შ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანებულება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს პრეზიდენტმა გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებანი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე №ბს-999(კ-21)) დაყრდნობით უპირველესად ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 აპრილის №MIA 0 22 01006068 წერილში ასახულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლების ცენტრში, 2020 წლის 16 იანვარს მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ მ. შ-ი (დაბ.: ... წ.) საზღვარგარეთის ქვეყნებში გადაადგილდებოდა 2015 წლის 15 ივლისს მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით №.... აღნიშნულ წერილს დანართის სახით ერთოდა მ. შ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი და დამატებით აღნიშნეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 აპრილის №MIA 0 22 01006068 წერილი შეიცავდა იმავე ინფორმაციას, რაც საფუძვლად დაედო სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დასკვნის გამოცემას, ხოლო სხვა სახის ინფორმაცია, რაც შექმნიდა შესაძლებლობას პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის დადასტურებისათვის საკმარისად მიჩნეულიყო, აღნიშნულ წერილში მითითებული არ იყო.

სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლად არსებული დოკუმენტის - პირის რუსეთის მოქალაქის პასპორტის ასლით უტყუარად შეუძლებელი იყო იმ ფაქტის დადგენა, რომ მ. შ-ის მიღებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ფაქტის საპირისპიროდ, მხარის მიერ წარმოდგენილი იყო რუსეთის ფედერაციის არაერთი უწყების, მათ შორის, მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საკონსულო განყოფილების წერილი, რომლითაც მ. შ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი არ დასტურდებოდა.

საერთაშორისო აქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქალაქეობის უფლება განმტკიცებულია მრავალი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმით, რაც ყოველ პირს იცავს მოქალაქეობის არმქონე პირად გახდომისგან და მოქალაქეობის ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქალაქეობის ინსტიტუტის განსაკუთრებული ღირებულებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაეწყვიტა გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირი არ იქცეს მოქალაქეობის არმქონე პირად და არ შეეზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები.

რაც შეეხება გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მ. შ-ის კანონით დადგენილი წესით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების დასკვნა, და, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება არ ჩაჰბარებია, არ არსებობდა სარჩელზე ხანდაზმულობის გამო უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

კასატორის, საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოთა გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში იყო წარმოდგენილი.

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლოს ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში უპირობოდ უნდა ეხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული დოკუმენტით, რადგან ამ მტკიცებულების წარმომავლობის კანონიერება არ ყოფილა სადავო და ამის გარდა პრეზუმირებულად უნდა მიჩნეულიყო, რომ მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო უწყების მიერ არის წარმოდგენილი საქმეში, არის კანონიერი და დაუშვებელია მისი იმგვარად შეფასება, როგორც ეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განიხილეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანებულების კანონიერება, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ხსენებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა წარმოადგენს პირის სამართლებრივი კავშირს საქართველოსთან, ამასთან საქართველოს მოქალაქე შესაძლებელია იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებულია საგამონაკლისო წესით ან როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (მე-17 და 211 მუხ.).

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით“, რომლის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ...საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 21 თებერვლის წერილისა და ამავე წერილზე თანდართული, მ. შ-ის სახელზე 2015 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლის საფუძველზე მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის გამო. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანებულებით მ. შ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რუსეთის შსს-ს რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს (რუსეთის ...ის ოლქი „...“ შსს შსდმს) მიერ გაცემულია წერილი მოქ. მ. გ.-ს ძე შ-იზე, დაბ.: ... წ. მასზე, რომ ...ის ოლქის „... შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანახმად, მ. გ.-ს ძე შ-ი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ მიუღია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის ...ის ოლქის მთავარი სამმართველოს მიერ 2020 წლის 27 მარტს გაცემული №24/2939 ცნობა გაიცა მოქალაქე - მ. გ.-ს ძე შ-იზე, დაბადებული ... წელს, რომლის თანახმად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნიციპალიტეტთაშორისი სამმართველოს ...ის ოლქის მიგრაციის საკითხთა განყოფილება „...“-ს მონაცემების მიხედვით მ.გ. შ-ი არის საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ მიუღია. აგრეთვე, მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ 2022 წლის 25 იანვარს გაცემული №427/კო წერილით მოლდოვის რესპუბლიკის შსს-ს მიგრაციისა და ლტოლვილთა ბიუროს ეცნობა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მოქალაქეობის“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ.გ. შ-ი არ არის აღნიშნული იმ პირებს შორის, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ოლქის მთავარი სამმართველოს მიერ 2022 წლის 5 მარტის №20/1277 წერილით, ადვოკატ ს.ა. ბელოვას შეკითხვაზე, განიმარტა, რომ ავტომატიზებული სისტემა „რუსეთის პასპორტის“ მონაცემებით მ.გ. შ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, არ არის აღრიცხული, როგორც პირი, რომელზედაც გაფორმებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი. ცნობები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ არ გააჩნიათ.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას, მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა, რომლის ნამდვილობაც მოცემულ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება. მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნისადმი კუთვნილება წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა იმ პირობებში, როცა საქმეზე წარმოდგენილია კომპეტენტური ორგანოების წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნის ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით უტყუარად ადასტურებენ მ. შ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის არქონას. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კანონის მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს არა პირადობის ან პასპორტის ასლი წარმოადგენს, რომლის ავთენტურობაც არ დასტურდება, არამედ საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, რა გარემოებაც საქმის მასალებით არ დგინდება. ამრიგად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას - მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა