ბს-1476 (კ-22) 18 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ფ-ემ 24.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა ნ.ფ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრძანებულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.2021წ. გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ფ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრძანებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-3 და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოქალაქეობა, როგორც პირის თავისუფალი ნების საფუძველზე დამყარებული ორმხრივი სამართლებრივი და პოლიტიკური ურთიერთობა, წარმოადგენს პირის უფლებას და მისი რეალიზაციის შედეგს, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორისაა, სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებები. შესაბამისად, პირისათვის მოქალაქეობის დაუსაბუთებლად შეწყვეტა პირდაპირ იწვევს მისი ძირითადი უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" დებულების 38.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, წარდგინებას თან უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) ასლი, ამ დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციისა და უშიშროების სამსახურებში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი).
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის - საქართველოს პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრძანებულების გამოცემას საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.06.2020წ. N1000708913 დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით ნ.ფ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც თავის მხრივ მიღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 04.05.2020წ. NMIA 8 20 00978098 წერილის შესაბამისად, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს დეპარტამენტმა აცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქე ნ.ფ-ე სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას არ ადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის - პასპორტის ასლის ნამდვილობა ეჭვქვეშაა, რის გამოც მას სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებით მნიშვნელობას ვერ მიანიჭებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სხვა ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში დაცული მტკიცებულებები. საქართველოს პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრძანებულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.06.2020წ. N1000708913 დასკვნა ნ.ფ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, სააგენტოს დასკვნა დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 04.05.2020წ. NMIA 8 20 00978098 წერილსა და ამავე წერილზე თანდართულ ნ.ფ-ის სახლეზე გაცემულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლს. სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ნაცვლად დაეყრდნო არსებითად არასათანადო და არასაპირწონე დოკუმენტს, კერძოდ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. მოსკოვის მთავარი სამმართველოს 27.09.2021წ. წერილს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. მოსკოვის მთავარი სამმართველოს ოპერატიული მმართველობის ავტომატიზირებულ მონაცემთა ბაზაში, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ მონაცემები ნ.ფ-ის შესახებ არ არსებობს. კასატორის მითითებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 102.3 მუხლით, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორის მოსაზრებით სათანადო მტკიცებულებას შეიძლება განეკუთვნებოდეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი და არა რუსეთის ფედერაციის უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის სათანადო წესით საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურიერთდახმარების ფარგლებში წარმოდგენილი. კასატორმა აღნიშნა, რომ საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ.ფ-ე ...წ. დაიბადა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 04.05.2020წ. NMIA 8 20 00978098 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით მოქალაქე ნ.ფ-ე სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 04.06.2020წ. N1000708913 დასკვნით, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია ნ.ფ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა სხვა ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების მოტივით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო. აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხოლო პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრანებულებით ნ.ფ-ეს სხვა ქვეყნის მოქალქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეეზღუდოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტში ნ.ფ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ნ.ფ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 10.06.2021წ. NMIA 0 21 01478480 წერილზე, რომლის თანახმად კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ნ.ფ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 10 ივნისამდე არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის მიხედვით ნ.ფ-ის სახელზე რუსეთის ფედერაციის პასპორტი გაცემულია 11.10.201წ., ამასთან საქმეში დაცულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც 10.07.2018წ. არის გაცემული ნ.ფ-ის სახელზე, 2028 წლის 10 ივლისამდე მოქმედების ვადით. საქმეში დაცულია ასევე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. მოსკოვის მთავარი სამმართველოს 27.09.2021წ. წერილი, რომლის მიხედვითაც ნ.ფ-ეს არ აქვს მიღებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით. მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 05.06.2020წ. N146 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე ნ.ფ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ექვემდებარება ბათილად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა