Facebook Twitter

ბს-364 (კ-23) 18 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს " ა...ის" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს "ა...მა" 27.08.2020წ. სარჩელით, ხოლო 28.01.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ვ.ხ-სა და ე.ტ-ას სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიის ვირტუალური გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ვ.ხ-სა და ე.ტ-ას სამედიცინო მომსახურების საფასურის - 12802,90 ლარის, ასევე მოპასუხისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უკანონო სამართლებრივი აქტის გამოცემით მიღებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც შეადგენს მიუღებელი თანხის 11 % სარგებელს წლიურად, 2016 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

შპს "ა...მა" 28.06.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიის და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ 09.07.2021წ. განცხადებით და 12.10.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმით სასარჩელო მოთხოვნების საბოლოოდ დაზუსტების შედეგად მოითხოვა: სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსათვის ვ.ხ-ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 6425 ლარისა და ე.ტ-ას სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 6377,30 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის 2021 წლის 25 თებერვლიდან (როცა მას ვალდებულება უნდა შეესრულებინა) 2021 წლის წლის 28 ივნისამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) 12 802,30 ლარის 9,5 % მიუღებელი შემოსავალის სახით 412,92 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის 2021 წლის 29 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 802,30 ლარის 9,5% წლიური სარგებლის მოსარჩელისათვის ანაზღაურების დაკისრება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფერალური მომსახურების კომისიისათვის უკანონო სამართლებრივი აქტის გამოცემის გამო მიუღებელი შემოსავლის - 5409,04 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2021წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილებით შპს "ა...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ვ.ხ-ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 6425 ლარის და ე.ტ-ას სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 6377,30 ლარის ანაზღაურება, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "ა...ის" მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2022წ. განჩინებით მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიის და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ააიპ ...ის ფონდი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2022წ. გადაწყვეტილებით შპს "ა...ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "ა...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ააიპ ...ის ფონდს შპს "ა...ის" სასარგებლოდ დაეკისრა 412,92 (ოთხასთორმეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, ააიპ ...ის ფონდს შპს "ა...ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 29 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3,33 (სამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, შპს "ა...ის" სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 5409,04 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 23.05.2017წ. №3/8293-16 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ა...ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 13.04.2016წ. N11, 27.04.2016წ. N12 და 06.05.2016წ. N13 გადაწყვეტილებები (სხდომის ოქმიდან ამონაწერები) პაციენტების ვ.ხ-სა და ე.ტ-ასთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიას დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი სრულად იქნა განხილული და გადაწყვეტილი 2021 წლის თებერვალში. ზემოაღნიშნული კომისიის სპეციალური შემადგენლობის 19.02.2021წ. N3 სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით შპს ,,ა...ის'' მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვ.ხ-სა და ე.ტ-ასთვის გაწეული სამედიცინო სერვისის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, ანაზღაურების მოთხოვნის კანონშესაბამისობა ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ დროისათვის უდავოდ მიიჩნია და დაადასტურა. აღნიშნულის თაობაზე აცნობა სამედიცინო მომსახურების ღირებულების მიმღებ პირს. მიუხედავად აღნიშნულისა უდავო ვალდებულება არ იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ, თანხა არ იქნა გადახდილი. მოპასუხის განმარტებით, პრობლემას ქმნიდა ის გარემოება, რომ სამედიცინო მომსახურება ჩატარდა 2016 წელს, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის N828 დადგენილების დანაწესებიდან გამომდინარე გაურკვეველი იყო მისი ანაზღაურების საკითხი 2021 წლის ასიგნებებებიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ანგარიშებზე ერიცხება სარგებელი. საქმეში დაცულია სს ,,...დან’’ შპს ,,ა...ის'' ანგარიშის ამონაწერი, რომლის მიხედვით შპს ,,ა...ს’’ აღნიშნულ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები და მითითებულ ანგარიშებზე 2021 წლის 15 თებერვლიდან ერიცხება 9,5 % სარგებელი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედებით შპს ,,ა...ს’’ მიადგა მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირდაპირი და უშუალო კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიუღებელ სარგებელს შორის. კერძოდ, შპს ,,ა...'' ვ.ხ-სა და ე.ტ-ას მკურნალობის ხარჯების დროულად, თანხების ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (25.02.2021წ.) ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რომელიც მინიმუმ დაანგარიშებული უნდა იყოს სს ,,...ში’’ გახსნილ ანაბარზე დარიცხული 9,5 % პროცენტით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებებზე, რომელთა თანახმად ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (სუსგ Nას-992-950-2013, 04.03.2014წ; Nას-1843-2018, 05.04.2019წ). სააპელაციო პალატის მითითებით საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავალი უნდა დაანგარიშდეს შემდეგი სახით: 6425+6377,30=12802.30 ლარის წლიური 9,5%=1216,21/365=3,33 ლარი, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, როცა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, 2021 წლის 28 ივნისამდე, სარჩელის შეტანამდე ვადაგადაცილებული დღეა 124X3.33=412,92 ლარი. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა, კერძოდ, ააიპ ...ის ფონდს შპს ,,ა...ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 412 (ოთხასთორმეტი) ლარი და 92 (ოთხმოცდათორმეტი) თეთრი. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2021 წლის 29 ივნისიდან (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 3 (სამი) ლარისა და 33 (ოცდაცამეტი) თეთრის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხის უკანონო სამართლებრივი აქტის გამოცემის გამო მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურებას 5409,04 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი დადასტურებული არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. №3/8293-16 გადაწყვეტილებით უდავოდ არ იქნა დადგენილი სადავო თანხის გადახდის ვალდებულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება. სადავო საკითხი საბოლოოდ მოწესრიგდა და რეფერალურმა კომისიამ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის თებერვალს. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა იყოს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდისთვის შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტი ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო, ვინაიდან მოცემულ პერიოდში სადავო იყო კლინიკისათვის გაწეული მკურნალობის ანაზღაურების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს "ა...ის" მიერ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 5409,04 ლარის დაკისრების თაობაზე.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს 23.05.2017წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3/8293-16) კლინიკის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 13.04.2016წ. N11, 27.04.2016წ. N12 და 06.05.2016წ. N13 გადაწყვეტილებები (სხდომის ოქმიდან ამონაწერები) პაციენტების ვ.ხ-სა და ე.ტ-ასთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უარის თქმის თაობაზე, მოპასუხეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიას დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სამედიცინო დაწესებულების მიერ კვლავ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ (3 წლის გასვლის შემდეგ) გამოსცა მოპასუხემ სამართლებრივი აქტი და დააკმაყოფილა კლინიკის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურების შესახებ. 2017 წლიდან მოყოლებული ცენტრმა სამედიცინო მომსახურების ღირებულება მიიღო 4-წლიანი დავის შემდეგ. შესაბამისად, ცენტრის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის 2016 წლის 13 აპირილიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკისრების თაობაზე კანონიერი და სამართლიანია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირდაპირი და უშუალო კავშირი ქმედებასა და მოსარჩელის მიუღებელ სარგებელს შორის. მოსარჩელემ მოპასუხის ვალდებულების წარმოშობიდან დღემდე თანხის გადაუხდელობის გამო მიიღო ფინანსური ზარალი. მოსარჩელეს თანხა სადავო ანგარიშზე რომ განეთავსებინა დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომაა, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებით, კერძოდ სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება და თავის დროზე არ უზრუნველყო პაციენტებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. კლინიკას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დასჭირდა მისი კუთვნილი თანხების მისაღებად, შესაბამისად კანონიერი და სამართლიანია კლინიკის მოთხოვა 5409,04 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ა...ის" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. №3/8293-16 გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 13.04.2016წ. N11, 27.04.2016წ. N12 და 06.05.2016წ. N13 გადაწყვეტილებები პაციენტების ვ.ხ-სა და ე.ტ-ასთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უარის თქმის თაობაზე, მოპასუხეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიას დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომელიც 19.02.2021წ. აღსრულდა, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 19.02.2021წ. N3 სხდომის ოქმის მიხედვით დაკმაყოფილდა შპს ,,ა...ის'' მოთხოვნა ვ.ხ-სა და ე.ტ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.02.2021წ. N01/2789 წერილით შპს ,,ა...ს'' ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვ.ხ-სა და ე.ტ-ას სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი 2016 წლის 13 აპრილიდან 2021 წლის 25 თებერვლამდე კასატორისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 5409,04 ლარის ანაზღაურების საკითხი. კასატორის მითითებით რომ არა კომისიის მიერ 2016 წელს გამოცემული უკანონო აქტები, კლინიკა დროულად მიიღებდა პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებას, რომელსაც განათავსებდა საბანკო ანაგრიშზე და დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2022წ. გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და მიუთითებს სკ-ის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. გადაწყვეტილებით უდავოდ არ იქნა დადგენილი კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულება, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება დაევალა. ამდენად, სასამართლოს მიერ არ დადგენილა მოპასუხის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისა და მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, სამედიცინო მომსახურების თანხის ანაზღაურების საფუძვლები მხარეთა შორის სადავო იყო, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება 19.02.2021წ. იქნა მიღებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, რაც მოცემულ შემთხვევაში კლინიკის მიერ ვერ იქნა დაძლეული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტურად არ დასტურდება სადავო პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტები, ვინაიდან სკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდო უნდა იყოს მეორე მხარისათვის. აღნიშნულის გარეშე, მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს, ვინაიდან დაუშვებელია, მოვალეს ეკისრებოდეს იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მიზნით აპირებს კრედიტორი მისგან მიღებული შესრულების განკარგვას. აღნიშნულის დამაჯერებლად მტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომელთა ბუნებრივ და ყოველდღიურ საქმიანობას თანხის ანაბარზე განთავსებით მიღებული პროცენტის გამოყენება არ წარმოადგენს, თანხის უცილობლად ანაბარზე განთავსება და მისგან სარგებლის მიღება ნაკლებ სავარაუდოა, ხოლო მიუღებელი შემოსავალი, არა მხოლოდ ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, არამედ ასევე, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს (იხ. სუსგ 07.06.2023წ. Nბს-504(კ-22)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "ა...ის" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ა...ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2022წ. გადაწყვეტილება;

3. შპს "ა...ს" (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.03.2023წ. N... საგადახდო დავალებით და 06.07.2023წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა