Facebook Twitter

№ბ-66-1(ბ-24) 4 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. მ-ეის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და გამოარკვია შემდეგი:

2022 წლის 26 დეკემბერს ნ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქტექტურის სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის №242 ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით სარჩელზე დადგენილი იქნა ხარვეზები. მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხე მხარის დაზუსტება. იმავე განჩინებით მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

2023 წლის 25 იანვარს ნ. მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი არის ასაკით პენსიონერი, მის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ასაკის მიხედვით დანიშნული პენსია, რაც მედიკამენტებსა და საკვებშიც არ ჰყოფნის. მას აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელის თქმით, მას არ გააჩნია არავითარი დამატებითი შემოსავლის წყარო და მისი ქონებრივი მდგომარეობა არ იძლევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2023 წლის 14 თებერვალს ნ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის „მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაგრძელდა ნ. მ-ეის სარჩელზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. მოსარჩელეს განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

2023 წლის 9 მარტს ნ. მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეს უარის ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

ამასთან, ნ. მ-ემ კერძო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. მ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და გადაუვადდა სასამართლო ხარჯების გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება; ნ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, ამავე განჩინებით ნ. მ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ეის საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოო იყო და აღარ საჩივრდებოდა.

2024 წლის 18 იანვარს ნ. მ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

2024 წლის 13 თებერვალს ნ. მ-ემ კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლებისა და სასამართლო შემადგენლობის აცილების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავზე, რომელიც აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ნ. მ-ე ზოგადად აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებას და ითხოვს მის ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, მაგრამ განმცხადებელი არ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლის პირველის ნაწილით გათვალისწინებულ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების არც ერთ ფაქტობრივ ან სამართლებრივ საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების წინაპირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ეის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, საქმის სასამართლო შემადგენლობის აცილებისა და საქმის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და შესაბამისად, მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება სწორედ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებასა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების თანახმად, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი.

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-3 მუხლის თანახმად, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი.

სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლეების აცილების საფუძვლიანობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზე არ არის მოსამართლეების აცილების არც ერთი საფუძველი, ნ. მ-ეის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-34-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე, 427-ე-429-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ. მ-ეის განცხადება, სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. მ-ეის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე