Facebook Twitter

№ბს-928(კ-23) 12 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 17 აგვისტოს სს „ ...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 თებერვლის №04-14/1122, 2018 წლის 1 მაისის №04-14/3431, 2018 წლის 8 მაისის №04-14/3686 („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 ივლისის №04/40486, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №04/41599 (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების ც.ჯ-ის, მ.ღ-ის, ზ.კ-ის, ქ.გ-ის, შ.ზ-ის, გ.მ-ას, ლ.გ-ის, ვ.ლ-ის, მ.კ-ის, ჟ.გ-ის, რ.გ-ას, ი.ბ-ის, გ.გ-ის, რ.ა-ის, ი.ბ-ის, გ.ქ-ის, ნ.მ-ოს, მ.ვ-ას, გ.კ-ას, მ.ჩ-ის, მ.ა-სა და ნ.პ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - 18 304,45 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

2018 წლის 4 სექტემბერს სს „...ომ“ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 თებერვლის №04-14/1122, 2018 წლის 1 მაისის №04-14/3431 („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 ივლისის №04/40486, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №04/41599 (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების ც.ჯ-ის, მ.ღ-ის, ზ.კ-ის, ქ.გ-ის, შ.ზ-ის, გ.მ-ას, ლ.გ-ის, ვ.ლ-ის, მ.კ-ის, ჟ.გ-ის, რ.გ-ას, ი.ბ-ის, გ.გ-ის, რ.ა-ის, ი.ბ-ის, გ.ქ-ის, ნ.მ-ოს, მ.ვ-ას, გ.კ-ას, მ.ჩ-ის, მ.ა-სა და ნ.პ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - 18 304,45 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...ოს" სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 თებერვლის №04-14/1122, 2018 წლის 1 მაისის №04-14/3431 („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 13 ივლისის №04/40486, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №04/41599 (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებები; მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა პაციენტების ც.ჯ-ის, მ.ღ-ის, ზ.კ-ის, ქ.გ-ის, შ.ზ-ის, გ.მ-ას, ლ.გ-ის, ვ.ლ-ის, მ.კ-ის, ჟ.გ-ის, რ.გ-ას, ი.ბ-ის, გ.გ-ის, რ.ა-ის, ი.ბ-ის, გ.ქ-ის, ნ.მ-ოს, მ.ვ-ას, გ.კ-ას, მ.ჩ-ის, მ.ა-სა და ნ.პ-სათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის - 18 304,45 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასწორი ფორმულირებით დასვა კითხვები სასამართლო ექსპერტიზის მიმართ, რაც სცდებოდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ აფასებს ჩატარებული მკურნალობის წარმართვისა და ექიმის მიერ ჩატარებული მანიპულაციის სისწორეს, რადგან კასატორის მითითებით, აღნიშნული სსიპ წამლისა და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციაა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, შეიჭრა ადმინისტრაციული კომპეტენციაში და საკითხის სპეციალური ცოდნის გარეშე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო, „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება,მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით) ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული პირობები ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში სწორედ დასახელებული საფუძვლები დაედო საფუძვლად გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარს 18 შემთხვევაში (პაციენტები: ქ.გ-ი, შ.ზ-ე, ლ.გ-ი, ვ.ლ-ე, მ.კ-ი, ჟ.გ-ე, რ.გ-ა, ი.ბ-ე, გ.გ-ე, რ.ა-ი, ი.ბ-ი, გ.ქ-ე, ნ.მ-ო, მ.ვ-ა, გ.კ-ა, მ.ჩ-ე, მ.ა-ი, ნ.პ-ი) №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე ნორმის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 3 შემთხვევაში (პაციენტები: ც.ჯ-ე, მ.ღ-ი, ზ.კ-ი), ხოლო 1 შემთხვევაში ამავე დადგენილების მე-12 მუხლის საფუძველზე (პაციენტი: გ.მ-ა).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სათანადო დასაბუთება ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ ასევე არ არის ასახული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა სწორედ იმის მტკიცებას, რომ სადავო შემთხვევებში პროგრამული კოდი, სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები და დიაგნოზი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. აღნიშნული საკითხის შეფასებისა და გადაწყვეტის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 დეკემბრის №008616419 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ზ.კ-ს ...ში სამედიცინო დახმარებით მიმართვისას სწორად დაუსვეს დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ც.ჯ-ეს ...ში სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვოისას სწორად დაუსვეს დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი მ.ღ-ს ...ში სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვისას სწორად დაუსვეს დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქ.გ-ის მიმართ ჩატარებული მკურნალობა შეესაბამება აღნიშნულ დიაგნოზს და პაციენტის ანამნეზს. ... მხრივ ექიმების მოქმედება იყო ადექვატური და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებთან შესაბამისი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 დეკემბრის №008866119 დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი რ.გ-ას მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 დეკემბრის №008865519 დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი გ.კ-ას მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მის ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ჟ.გ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ი.ბ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი შ.ზ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ნ.პ-ს მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი გ.მ-ას მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ლ.გ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი გ.გ-ის მიმართ ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ვ.ლ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი რ.ა-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ი.ბ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი მ.ა-ს მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი გ.ქ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი მ.კ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 დეკემბრის №008865019 დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ნ.მ-ოს მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მ.ჩ-ის მიმართ დასმული დიაგნოზი, ექიმის დანიშნულება და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი მ.ვ-ას მიმართ დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა ადექვატურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მინიჭებული პროგრამული კოდებისა და პაციენტებისათვის დასმული დიაგნოზის/ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ურთიერთშესაბამისობა, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.10.2023წ. №28288 და 26.10.23წ. №30018 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 915.22 (300+615.22) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 640.65 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.10.2023წ. №28288 და 26.10.23წ. №30018 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 915.22 (300+615.22) ლარის 70 პროცენტი - 640.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

თ. ოქროპირიძე