Facebook Twitter

№ბს-1061(კ-23) 12 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ე.ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ბ.ხ-ი, ლ.ბ-ი, კ.ლ-ი, კ.ქ-ი, ე.ლ-ი, ლ.ლ-ი, მ.ლ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 მარტს და 2018 წლის 23 ივლისს ე.ქ-ამ სასარჩელო განცხადებებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა.

მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილების ( კ.ე-ა, ლ. და მ. ლ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ) და უძრავ ნივთზე (148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი, მდებარე ქალაქი რუსთავი ...ის ქუჩა №7-ში (ს/კ ...)) 2018 წლის 14 მარტს, მესამე პირების - ე., კ., მ. და ლ. ლ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოპასუხედ მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - ე.ლ-ი, კ.ლ-ი, ლ.ლ-ი, მ.ლ-ი, ლ.ბ-ი, ბ.ხ-ი, კ.ქ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება და მესამე პირების ე., კ., მ. და ლ. ლ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე რუსთავში ...ის ქუჩა №7-ში (ს/კ ...)) და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს დამოწმებული №... სამკვიდრო მოწმობიდან ირკვეოდა, რომ ე.ლ-მა, კ.ლ-მა, ლ.ლ-მა და მ.ლ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა სრულად მიიღეს ა.ლ-ის სამკვიდრო ქონება, რომელშიც ასევე შედიოდა 50% წილი კომანდიტური საზოგადოება „...ის“ საწესდებო კაპიტალში. განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენდა სწორედ კომანდიტური საზოგადოება ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში არსებული მესამე პირების მამკვიდრებლის - ა.ლ-ის წილი.

კომანდიტური საზოგადოება ,,...ის“ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ა.ლ-ის წილი, ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე უძრავი ნივთის პირველ სართულზე არსებულ 148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობი (ს/კ №...), დარეგისტრირდა მისი მემკვიდრეების - ე.ლ-ის, კ.ლ-ის, ლ.ლ-ისა და მ.ლ-ის საკუთრებად. ამასთან, აღნიშნული სადავო უძრავი ქონება განიკარგა მესამე პირზე. ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე უძრავი ნივთის პირველ სართულზე არსებულ 148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობი (ს/კ №...), 2018 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ლ.ბ-ის საკუთრებად.

ა.ლ-ის წილი განიკარგა სწორედ სადავო გადაწყვეტილებებით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. 2016 წლის 09 სექტემბერს დამოწმებული №... სამკვიდრო მოწმობით დადგინდა, რომ ე.ლ-მა, კ.ლ-მა, ლ.ლ-მა და მ.ლ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა სრულად მიიღეს ა.ლ-ის სამკვიდრო ქონება, რომელშიც ასევე შედიოდა 50% წილი კომანდიტური საზოგადოება ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ გარემოების დამტკიცება, რომ ა.ლ-ს არ ჰქონდა წილი კომანდიტური საზოგადოება ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 09 ივლისის №2-24-2004 გადაწყვეტილებით, ასევე, სხვა დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან ა.ქ-ის გასვლის შემდეგ, საზოგადოებაში დარჩენილი ქონება განაწილდა ორ პარტნიორს შორის - საზოგადოების კომანდიტის ა.ლ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 50%-ით, ხოლო კომპლემენტარის ა.გ-ის წილი ასევე განისაზღვრა 50%-ით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება და ,,რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ქ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უფლების დამდასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... უკანონო გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 1996 წლის მარტს დაფუძნდა კომანდიტური საზოგადოება „...“, რომლის კომპლემენტარ პარტნიორს წარმოადგენდა ა.გ-ი (მამკვიდრებელი), ერთ-ერთ კომანდიტ პარტნიორს - ა.ლ-ი. ა.გ-ის მიერ კომანდიტურ საზოგადოებაში შეტანილი იქნა მის მიერ 06.02.1996 წ. აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება, რუსთავი, ...ის ქ. №7-ში მდებარე 422 კვ.მ (არასაცხვორებელი - ყოფილი ... ) ფართი, კომანდიტ ა.ლ-ის შენატანი შეადგენდა 60 აშშ დოლარს, შესაბამისად, კომპლემენტარ ა.გ-ის პასუხისმგებლობა შესაძლო კრედიტორების წინაშე განისაზღვრებოდა მის მიერ არა მარტო კომანდიტურ საზოგადოებაში შეტანილი მითითებული უძრავი ქონებით, არამედ მის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონებითაც, მაშინ როდესაც კომანდიტ ა.ლ-ის პასუხისმგებლობა (მათ შორის მისი მემკვიდრეებისაც) განისაზღვრებოდა მხოლოდ კომანდიტის მიერ განხორციელებული 60 აშშ დოლარის ოდენობით.

კომანდიტური საზოგადოების ფუნქციონირების პერიოდში კომპლემენტარ ა.გ-ს ა.ლ-ზე სადავო ფართი 148.85 კვ.მ ოდენობით არანაირი სახით (ჩუქება, ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გადაცემა, თუნდაც ნატურით გამოყოფა) არ გაუსხვისებია და შესაბამისად, ა.ქ-ის სახელზე არსებული ნატურით გამოყოფის ხელშეკრულება ანალოგიით ვერ გავრცელდება კომანდიტ ა.ლ-ზე სადავო ფართთან მიმართებით. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებით კომანდიტ ა.ლ-ის მემკვიდრეებს დაურეგისტრირა სადავო უძრავი ქონება, მდებარე, რუსთავი, ...ის ქ. №7-ში ფართით 148.85 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უკანონო გადაწყვეტილებას აფუძნებს 2016 წლის 09 სექტემბრის ლაზარიდების სამკვიდრო მოწმობაზე, რომლითაც თურმე მათ სრულად მიიღეს ჯერ კიდევ კომპლემენტარ ა.გ-ის გარდაცვალების გამო ლიკვიდირებულ კომანდიტურ საზოგადოებაში ა.ლ-ის ე.წ. 50%-იანი წილი საწესდებო კაპიტალში. ლიკვიდირებული კომანდიტური საზოგადოების ქონება კრედიტორთა ვალების დაფარვის შემდეგ, ნაწილდება პარტნიორებს (კომპლემენტარსა და კომანდიტს) შორის მათ მიერ გაღებული კომანდიტის თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. უფლებამოსილება გამოიხატება იმაში, რომ აქვს წილის შესაბამისი მოგების მიღების უფლება. მისი პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული შენატანის ფარგლებში, მისი მემკვიდრეები, საზოგადოების სხვა პარტნიორთა (კომპლემენტარი) სურვილის გარეშე ვერ გახდებოდნენ საზოგადოების კომანდიტი პარტნიორები. ბუნებრივია ა.ლ-ის მიერ 60 აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებულ შენატანში მისი მემკვიდრეები კანონიერად ვერ მიიღებდნენ 148.85 კვ.მ ფართს.

კომანდიტური საზოგადოება არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული და არა კაპიტალის გაერთიანების საფუძველზე შექმნილი საზოგადოება, სწორედ ამიტომაც განსხვავდება პარტნიორთა კომპლემენტარისა და კომანდიტის უფლება-მოვალეობები. ამასთან, კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარსაც და კომანდიტსაც თანაბარი წილები (მოგების თანაბარი განაწილება) ჰქონდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოგების წილთა თანაბრობა არ განაპირობებს მათ თანასწორუფლებიანობას საზოგადოების ქონებასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ქ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს კ.ე-ა, ლ. და მ. ლ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 14 მარტს, უძრავ ქონებაზე (148.85 კვ.მ, რუსთავი, ...ის ქუჩა №7 (ს/კ ...)) მესამე პირების - ე., კ., მ. და ლ. ლ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი საკითხია, ქმნიდა თუ არა მესამე პირების მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 1996 წლის 6 მარტს კ.ს. „...ის“ 1996 წლის 21 თებერვლის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია შემდეგი ჩანაწერით: კომანდიტური საზოგადოება „...“; საზოგადოების პარტნიორები: ა.გ-ი (34 პროცენტი), ა.ქ-ი (33 პროცენტი) და ა.ლ-ი (33 პროცენტი). 1999 წლის 21 იანვრის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების №2 ოქმის საფუძველზე 1999 წლის 26 თებერვლის ცვლილების შესახებ დადგენილებით, საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან გავიდა ა.ქ-ი და გაიტანა თავისი წილი საზოგადოების ქონებიდან. შესაბამისად, საზოგადოების კომანდიტის ა.ლ-ის წილი საზოგადოებაში იყო 50%, ხოლო კომპლემენტარის ა.გ-ის წილი წარმოადგენდა ასევე 50%-ს. აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა 1999 წლის 17 თებერვლის ნატურით გაყოფის ხელშეკრულება, რომლითაც, ა.ქ-ს გადაეცა მისი წილის პროპორციულად საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებიდან 33%, ე.ი. არსებული ფართის 150 კვ.მ.

ქ. რუსთავში, ...ის ქ. №7-ში მდებარე ყოფილი ...დან 150 კვ.მ ფართი მიჩნეული იქნა ა.გ-ისა და ე.ქ-ას თანასაკუთრებად. საიდანაც, ა.გ-ის გარდაცვალების შემდეგ, 75 კვ.მ მიჩნეული იქნა ე.ქ-ას საკუთრებად, ხოლო დარჩენილი 75 კვ.მ სამკვიდრო მასის შემადგენელ ნაწილად და თანაბრად იქნა განაწილებული პირველი რიგის მემკვიდრეებს ე.ქ-ას, ლ. და ბ. ხ-ებს შორის, შემდეგი პროპორციით: ე.ქ-ას მიეკუთვნა სამკვიდრო მასიდან 25 კვ.მ ფართი. აღნიშნულს მიემატა მისი კუთვნილი წილი საკუთრების უფლებით 75 კვ.მ და საბოლოოდ ე.ქ-ას წილი ... ში განისაზღვრა 100 კვ.მ-ით, ხოლო ლ. და ბ. ხ-ების წილი 25-25 კვ.მ-ით. მხარეთა შორის ასევე განაწილდა ინვენტარი.

ქ. რუსთავში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 92,28 კვ.მ, (ს/კ ...) საკუთრების უფლებით 2008 წლის 20 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ბ.ხ-ის სახელზე.

ქ. რუსთავში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 59,18 კვ.მ (ს/კ ...) საკუთრების უფლებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 09 ივლისის №2-24-04 გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 01 ივნისის №120568629 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ბ.ხ-ის სახელზე.

2013 წლის 02 ივლისის მდგომარეობით ქ. რუსთავი, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 149,85 კვ.მ ს/კ ... საკუთრების უფლებით 2013 წლის 26 ივნისის №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღრიცხული იყო კ.ქ-ის სახელზე.

2017 წლის 8 დეკემბერს ლ.ლ-ის წარმომადგენელმა ნ.ქ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე უძრავი ნივთის პირველ სართულზე არსებულ 148.85 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2017 წლის 14 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული იყო ა.გ-ის სახელზე, რაც ასევე მითითებული იყო ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში, ხოლო უძრავი ქონება აღრიცხული იყო კომანდიტური საზოგადოება „...ის“ სახელზე, შესაბამისად გაურკვეველი იყო საკუთრების უფლების №... მოწმობის თანახმად, ვის გადაეცა სარეგისტრაციო უძრავი ნივთი. ამავე გადაწყვეტილებით რეესტრმა განმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მისამართზე, რეგისტრირებული იყო ბ.ხ-ისა და კ.ქ-ის საკუთრების უფლებები შემდეგი მონაცემებით: 1) საკადასტრო კოდი - ...- 149.85 კვ.მ, მესაკუთრე - კ.ქ-ი; 2) საკადასტრო კოდი - ...- ..., მესაკუთრე - ბ.ხ-ი; 3) საკადასტრო კოდი - ...- 59.18 კვ.მ, მესაკუთრე - ბ.ხ-ი, შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა სარეგისტრაციო უფლების ობიექტი მოიცავდა თუ არა უკვე რეგისტრირებულ ფართს.

2017 წლის 22 დეკემბერს მესამე პირების ე.ლ-ის, კ.ლ-ის, ლ.ლ-ის და მ.ლ-ის წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება №... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2018 წლის 10 იანვრის №... ადმინისტრაციული საჩივრით.

2018 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა №... ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილებები და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაავალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მარტს მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ქონებაზე ე., კ., ლ. და მ.ლ-ების საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა 2018 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება და სამკვიდრო მოწმობა.

№... სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ა.ლ-ის კუთვნილი 50%-იანი წილი კომანდიტური საზოგადოება „...ის“ საწესდებო კაპიტალში.

1998 წლის 8 სექტემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობით, ა.გ-ს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე ... №71 (საფუძველი: … წლის … …ის №… აუქციონის შედეგების ოქმი და 1996 წლის 9 თებერვლის №200 მიღება-ჩაბარების აქტი), რის შემდგომაც აღნიშნული ქონების ბაზაზე ა.გ-ის, ა.ქ-ისა და ა.ლ-ის მიერ დაფუძნებულ იქნა კომანდიტური საზოგადოება „...“ (ს/ნ ...). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს ის ფაქტი, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე ... №71 (ფართობი 455 კვ.მ) აღირიცხა კომანდიტური საზოგადოება „...ზე“.

კომანდიტური საზოგადოება ,,...ის'' სადამფუძნებლო დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 12 თებერვლის განჩინების საფუძველზე, საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და კომპლემენტარის ა.გ-ის გარდაცვალების გამო საზოგადოებაში დარჩა ერთი პარტნიორი - ა.ლ-ი, რაც ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და რის გამოც, კომანდიტური საზოგადოება „...ას“ მიეცა 2 თვის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. მითითებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით, 2015 წლის 06 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, კომანდიტური საზოგადოება „...ის“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის თაობაზე. 2017 წლის 06 დეკემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, კომანდიტური საზოგადოება „...ის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული 2018 წლის 12 მარტის №... და 2018 წლის 14 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებები, კომანდიტურ საზოგადოებაში, საზოგადოების ლიკვიდაციის შემდგომ საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის შენატანის წილის პროპორციულად გადანაწილებას დააფუძნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დადგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე-23-ე მუხლებით. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ მითითებული, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი არ მოახდინოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სხვა შემთხვევებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად განხორციელების ვალდებულებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, უარი უთხრას დაინტერესებულ პირს უფლების რეგისტრაციაზე.

სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) წილი შეიძლება გასხვისდეს ან მემკვიდრეობით გადაეცეს სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. წილის დათმობისას საჭიროა ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება კომანდიტის წილის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობის შესახებ, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას კომანდიტური საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესში, ა.ლ-ის მიერ განხორციელებული შენატანის შესაბამისად, საზოგადოების კაპიტალში მისი წილის განსაზღვრის საფუძვლიანობაზე და აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სამეწარმეო კანონმდებლობის შესაბამისად, კომანდიტურ საზოგადოებაში, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შენატანით, საგარანტიო თანხით, შემოიფარგლებოდა კომანდიტის პასუხისმგებლობისა და ზარალის ანაზღაურებაში მონაწილეობის ფარგლები. საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ პარტნიორებს შორის, შეთანხმებული და განაწილებული იყო საზოგადოების წილები („მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 34.3). ამასთან, საქმეზე არ დგინდება, რომ ა.ლ-ს, წილის სანაცვლოდ, სრულად არ ჰქონდა შენატანის შეტანის ვალდებულება განხორციელებული, რასაც შესაძლოა შეეზღუდა საზოგადოების მიმართ მისი მოთხოვნის უფლება, კაპიტალში მისი წილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს დამოწმებული №... სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ ე.ლ-მა, კ.ლ-მა, ლ.ლ-მა და მ.ლ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა სრულად მიიღეს ა.ლ-ის სამკვიდრო ქონება, რომელშიც ასევე შედიოდა 50% წილი კომანდიტური საზოგადოება ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული 2018 წლის 12 მარტის №... და 2018 წლის 14 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებები, კომანდიტურ საზოგადოებაში, საზოგადოების ლიკვიდაციის შემდგომ საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის შენატანის წილის პროპორციულად გადანაწილებას დააფუძნა.

აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე - ა.გ-ის გარდაცვალების შემდეგ, სადავო ქონებიდან, 75 კვ.მ მიჩნეული იქნა ე.ქ-ას საკუთრებად, ხოლო დარჩენილი 75 კვ.მ სამკვიდრო მასის შემადგენელ ნაწილად და თანაბრად იქნა განაწილებული პირველი რიგის მემკვიდრეებს ე.ქ-ას, ლ. და ბ. ხ-ებს შორის, შემდეგი პროპორციით: ე.ქ-ას მიეკუთვნა სამკვიდრო მასიდან 25 კვ.მ ფართი. ამდენად, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ა.გ-ის წილი სადავო ქონებაში განისაზღვრა სწორედ 150 კვ.მ-ით და შესაბამისად, 2004 წელს განიკარგა მემკვიდრეებს შორის.

ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, პარტნიორებს შორის ქონების, მათი წილის პროპორციულად განაწილების საფუძვლიანობის თაობაზე. კასატორმა ადმინისტრაციული წარმოების და ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას, ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა პარტნიორებს შორის წილის პროპორციულად, თანაბრად ქონების განაწილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (საწარმოს ლიკვიდაცია) მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.

მითითებული გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე.ქ-ას საკასაციო საჩივარზე 12.06.2023 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ე.ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.06.2023 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

თ. ოქროპირიძე