Facebook Twitter

№ბს-1110(კ-23) 12 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. ხ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 1 თებერვალს ს. ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 სექტემბრის №03/16375 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კრიტერიუმების გარეშე ს. ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 სექტემბრის №03/16375 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კრიტერიუმების გარეშე ს. ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ ს. ხ-ის სახელზე გაცემული დევნილის მოწმობის თანახმად, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი და მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სენაკი, ...ას (...ი) კორპუსი №3, ბინა №11.

ს. ხ-ე და თ. ჯ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა 59580; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქალაქი სენაკი, ...ას (...ი) კორპუსი №3, ბინა №11.

მოსარჩელე ს. ხ-ემ (დევნილის რეგისტრაციის №...) 2017 წლის 12 ოქტომბერს განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. აღნიშნული განაცხადი გაკეთდა ს. ხ-ის სახელით, რომელიც ასევე წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრის (მეუღლე) - თ. ჯ-ას ინტერესებსაც.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 სექტემბრის №03/16375 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელე ს. ხ-ის წარმომადგენელს შ. დ-ას განემარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმის შესაბამისად, სამეგრელოს რაიონში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით, განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტში, ...ას №3-ში მდებარე „...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ს. ხ-ის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №77) არ განხილულა, ზემოხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში მდებარე: სენაკი, ...ას ქუჩა №3, ...ი (...ი), რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ მხარისათვის გადაცემული საინფორმაციო ხასიათის ბარათის ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს ეცნობა ინფორმაცია, რაც თავისთავად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის. ამასთან, მხარეს, სადავო 2021 წლის 23 სექტემბრის №03/16375 წერილით განემარტა იმ მიზეზების შესახებ, რატომაც ვერ მოხდა მისი განსახლების საკითხის განხილვა 2020 წლის 3 დეკემბრის კომისიის სხდომაზე. ამასთან, მხარეს ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარებული აქვს 2021 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნულ წერილში დასმული საკითხების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების საშუალება მიეცა მითითებული წერილის ჩაბარებისთანავე. თუმცა მხარემ სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 2022 წლის 1 თებერვალს მიმართა, მითითებული წერილების ჩაბარებიდან თითქმის 7 თვის დაგვიანებით, ხოლო კონკრეტულად აღნიშნული წერილის ბათილობის მოთხოვნით კი 2022 წლის 5 დეკემბერს წერილის ჩაბარებიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

კასატორის მითითებით მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს უარი არ უთქვამს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და მიუხედავად იმისა, რომ მხარეს ამ წერილებით ეცნობა ინფორმაცია მის განსახლებასთან დაკავშირებით, მას ზემომითითებული წერილი 2022 წლის 5 დეკემბრამდე არ გაუსაჩივრებია. სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები შეესწავლათ და გამოეკვლიათ განსახლების საკითხის აუცილებლობა, ვინაიდან მოსარჩელე სადავო მისამართზე არ ცხოვრობს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევის და შეფასების გარეშე ბუნებრივია მოსარჩელის განსახლების საკითხს კომისია არარსებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ გადაწყვეტდა. სააგენტოს საკითხის განხილვაზე უარი არ უთქვამს. კომისიამ სადავო შენობა განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ობიექტთან დაკავშირებით განხორციელებულ მოკვლევებში, მოსარჩელის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, რის საფუძველზეც აღნიშნული საკითხი კომისიის სხდომაზე არც კი განხილულა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელეს დამატებით განემარტა, რომ შეფასების კრიტერიუმების და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა შესაბამის ეტაპზე. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით საცხოვრებლის დატოვების შესახებ მტკიცებულებებს, აღნიშნული კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა წარდგენილი. შესაბამისად, კასატორის მითითებით, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს ნგრევადი ობიექტიდან მოსარჩელის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხს, სააგენტოს მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა თუ სად ცხოვრობს მოსარჩელე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ს. ხ-ე და მისი მეუღლე თ. ჯ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი), დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია საქართველო, სენაკი, ...ას ქუჩა №3, „...ი“ (...ი), მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ...ე, ...ი. დევნილის რეგისტრაციის ნომერი: ....

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში მითითებულია თავად - ს. ხ-ე (დაბ. ... წ.) და მისი მეუღლე თ. ჯ-ა (დაბ. ... წ., დევნილი, ომის ვეტერანი). დევნილი ოჯახი 31.07.2018 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: საქართველო, სენაკი, ...ას ქუჩა №3, „...ი“ (...ი), კორპ. 3, ბინა №11. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის დევნილი ოჯახი შეფასებულია 4 ქულით.

ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე „...ი, ...ი“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, მოსარჩელის - დევნილ ს. ხ-ის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №77) არ განხილულა, ზემოხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოსარჩელის - ს. ხ-ის ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების შესახებ და აღნიშნავს, რომ მარტოოდენ აღნიშნული გარემოება, რომ აღწერისას მოსარჩელის ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა, ვერ გახდება მოსარჩელის მისამართზე არცხოვრების ფაქტის სარწმუნო მტკიცებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის რაიმე საკუთრება მოსარჩელის - ს. ხ-ის სახელზე არ ირიცხებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

თ. ოქროპირიძე